ახალი ამბები

გრანტების კანონი სამოქალაქო საზოგადოებაზე მორიგი თავდასხმაა — ბუნდესტაგის წევრი

4 მარტი, 2026 •
გრანტების კანონი სამოქალაქო საზოგადოებაზე მორიგი თავდასხმაა — ბუნდესტაგის წევრი

გერმანიის ბუნდესტაგის წევრ (ალიანსი 90/მწვანეები) რობინ ვაგენერის განცხადებით, „ქართული ოცნების“ მიერ დღეს მიღებული საკანონმდებლო ცვლილებები კიდევ ერთ პირდაპირ თავდასხმას წარმოადგენს დემოკრატიულ სამოქალაქო საზოგადოებასა და პოლიტიკურ ოპოზიციაზე.

„ავტორიტარული მმართველები საქართველოში სულ უფრო მეტად მიისწრაფვიან, გარდაქმნან ერთპარტიულ დიქტატურად ოდესღაც დემოკრატიული იმედის შუქურა სამხრეთ კავკასიაში, რითაც ანადგურებენ ქვეყნის ევროპულ მომავალს… კანონის უზენაესობა, რომელიც ისედაც მნიშვნელოვნად არის შესუსტებული, კიდევ უფრო ირღვევა“, — ამბობს გერმანელი პოლიტიკოსი და ყოფილი მოსამართლე.

ის ხაზს უსვამს, რომ „გრანტების შესახებ კანონის“ ახალი დებულებების თანახმად, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებსა და საერთაშორისო პარტნიორებს შორის ნებისმიერი თანამშრომლობა მთავრობის წინასწარ თანხმობას საჭიროებს; პირებს, რომლებმაც მიიღეს უცხოური დაფინანსება, რვა წლის განმავლობაში ეკრძალებათ პოლიტიკურ პარტიაში საქმიანობა და განზრახ იცილებენ პოლიტიკური კონკურენციიდან. ახლად შემოღებული სისხლის სამართლის დანაშაული „ექსტრემიზმი საქართველოს კონსტიტუციური წყობილების წინააღმდეგ“ კი, დეპუტატის შეფასებით, იმდენად ბუნდოვნად არის ჩამოყალიბებული, რომ „ქართული ოცნების“ ლეგიტიმური კრიტიკაც კი შეიძლება მის ფარგლებში მოექცეს.

ვაგენერი აღნიშნავს, რომ საქართველოში პოლიტიკური მოტივებით დაკავებულია 100‑ზე მეტი ადამიანი, მათ შორის ჟურნალისტები, როგორიცაა სახაროვის პრემიის ლაურეატი მზია ამაღლობელი, და წამყვანი ოპოზიციური პოლიტიკოსები.

„ქართული ოცნება“ სისტემატურად მიმართავს დაშინებას, პატიმრობას და კრიტიკოსების გაჩუმებას. მოვუწოდებ ყველა პოლიტიკური პატიმრის უპირობო და დაუყოვნებელი გათავისუფლებისკენ. მტკიცედ ვდგავართ საქართველოს ხალხის გვერდით, რომლებიც, უზარმაზარი რისკების მიუხედავად, უღრმესი მონდომებით აგრძელებენ ბრძოლას თავისუფლების, დემოკრატიისა და ქვეყნის ევროპული მომავლისთვის“, — აცხადებს ვაგენერი.

„ქართულმა ოცნებამ“ გრანტების შესახებ რეპრესიული საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი დაამტკიცა.

ცვლილებები შევიდა გრანტების შესახებ კანონში, სისხლის სამართლის, ადმინისტრაციულ საპროცესო და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსებში, ასევე მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ და სახელმწიფო აუდიტის შესახებ ორგანულ კანონებში.

საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტის ფარგლებში სისხლის სამართლის კოდექსს დაემატა ჩანაწერი, რომლის თანახმად, კონსტიტუციური წყობილების ან კონსტიტუციური ორგანოების არაღიარების მოტივით დანაშაულის ჩადენა დამამძიმებელი გარემოებად ჩაითვლება და სასჯელს სულ მცირე 1 წელი დაემატება.

კოდექსს ემატება ახალი მუხლი „ექსტრემიზმი საქართველოს კონსტიტუციური წყობილების წინააღმდეგ“.

ამ მუხლის თანახმად, „საქართველოს მოქალაქის ან საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირის მიერ საქართველოს კანონმდებლობის მასობრივად დარღვევისკენ, საქართველოს ხელისუფლების ორგანოებისადმი მასობრივად დაუმორჩილებლობისკენ, საქართველოს ხელისუფლების ორგანოების ალტერნატიული ორგანოების შექმნისკენ სისტემატურად საჯარო მოწოდება, ამავე პირის მიერ საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლად სხვისი ან საკუთარი თავის თვითნებურად, საჯაროდ და სისტემატურად წარმოჩენა ან ამავე პირის მიერ ჩადენილი სხვა სისტემატური მოქმედება, თუ ამ ნაწილით გათვალისწინებული რომელიმე აღნიშნული მოქმედება მიმართულია საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ან კონსტიტუციური ორგანოების არალეგიტიმურობის შესახებ აღქმის დამკვიდრებისკენ და აზიანებს საქართველოს ინტერესებს ან ქმნის საქართველოს ინტერესების დაზიანების რეალურ საფრთხეს, — ისჯება ჯარიმით, საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ოთხასიდან ექვსას საათამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე“.

„ოცნებამ“ გრანტების შესახებ რეპრესიული ცვლილებები დაამტკიცა

მასალების გადაბეჭდვის წესი