დღეს, 3 მარტს, ერთმანეთს შეხვდნენ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი და გერმანიის კანცლერი, ფრიდრიხ მერცი. ოვალურ კაბინეტში პირისპირი შეხვედრის შემდეგ მათ კომენტარები გააკეთეს მედიასთანაც. განსახილველ საკითხებს შორის იყო ირანიც.
“ჩვენ ვისაუბრებთ ირანის შესახებაც. როგორც ხედავთ, ძალიან კარგად მიდის საქმე. მათ [ირანის ხელისუფლებას] არ ჰყავთ საზღვაო ძალები. ის განადგურებულია. მათ არ ჰყავთ საჰაერო ძალები. ის განადგურებულია. მათ არ აქვთ საჰაერო თავდაცვის სისტემა. ის განადგურებულია. მათი რადარები განადგურებულია. უბრალოდ, ყველაფერი განადგურებულია”, – განაცხადა ტრამპმა.
HAPPENING NOW: President Donald J. Trump and German Chancellor Friedrich Merz meet in the Oval Office and discuss crucial matters like Operation Epic Fury, Iran, and trade. 🇺🇸🇩🇪 pic.twitter.com/9nBqIEj5NL
— The White House (@WhiteHouse) March 3, 2026
შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებმა ტრამპს ჰკითხეს, “აიძულა” თუ არა იგი ისრაელმა, დაეწყო თავდასხმა ირანზე, რაზეც აშშ-ის პრეზიდენტმა გადაჭრით უპასუხა, რომ – არა. ტრამპმა თქვა, რომ მოლაპარაკებების დროს ფიქრობდა, რომ ირანი დაიწყებდა თავდასხმას და არ უნდოდა ეს მომხდარიყო.
“თუ ასე დავაყენებთ საკითხს, შესაძლოა მე ვაიძულე ისრაელი” – განაცხადა ტრამპმა.
მან ისაუბრა ესპანეთის შესახებაც და მას “არამეგობრული” უწოდა. მან აღნიშნა, რომ ესპანეთი NATO-ს წევრი ერთადერთი ქვეყანაა, რომელმაც თავდაცვის ბიუჯეტი 5%-მდე არ გაზარდა და გააკრიტიკა იმის გამოც, რომ უარი უთხრა საკუთარი სამხედრო ბაზების გამოყენებაზე.
“მათ [ესპანელებს] დიდებული ხალხი ჰყავთ, მაგრამ არ ჰყავთ დიდებული ლიდერები”, – განაცხადა ტრამპმა.
რაც შეეხება ფრიდრიხ მერცს, მან თქვა, რომ ტრამპთან საუბარი შეეხებოდა იმას, თუ რა მოხდება ირანში მას შემდეგ, რაც მოქმედი რეჟიმი აღარ იქნება ქვეყნის სათავეში.
“ჩვენ ერთ მხარეს ვართ ამ საკითხში – ეს საშინელი რეჟიმი თეირანს უნდა მოშორდეს. ჩვენ ვისაუბრებთ იმის შესახებ, რა იქნება შემდეგ, როცა ისინი აღარ იქნებიან [ხელისუფლებაში]”, – თქვა მერცმა.
ამ საკითხთან დაკავშირებულ კითხვებს ტრამპმაც უპასუხა. მას ჰკითხეს, შესაძლოა თუ არა ირანის ახალ ლიდერად განიხილებოდეს წინა შაჰის ვაჟი, რეზა ფეჰლევი. ტრამპმა თქვა, რომ ეს შესაძლებელია, მაგრამ უმჯობესი იქნება, შეირჩეს ვინმე “შიგნიდან”.
28 თებერვალს ისრაელმა და შეერთებული შტატებმა დაბომბა თეირანი – მოკლულია ირანის უზენაესი ლიდერი აიათოლა ალი ხამენეი.
პენტაგონის ცნობით, დაიღუპა სამი ამერიკელი სამხედრო. ისრაელის ცნობით, ირანის საპასუხო ბალისტიკური დარტყმის შედეგად, დაიბომბა სინაგოგა თელ- ავივში, დაიღუპა 9 ადამიანი. ირანის ოფიციალური პირების ცნობით, ისრაელისა და აშშ-ის თავდასხმის შედეგად 153 ადამიანი დაიღუპა ირანში, მათ შორის ბავშვები. ირანი აცხადებს, რომ დაიბომბა სკოლის შენობა, თუმცა ეს ცნობები სხვა წყაროების მიერ დადასტურებული არაა – ირანში გათიშულია ინტერნეტი, არ უშვებენ საერთაშორისო მედიას და მწირი ინფორმაცია ვრცელდება ქვეყნის შიგნით არსებულ ვითარებაზე.
ამავე თემაზე:








