დღეს, 28 თებერვალს, მშობელთა ნაწილმა მთავრობის კანცელარიასთან საჯარო განცხადება გააკეთა და “ქართული ოცნების” პრემიერ-მინისტრთან, ირაკლი კობახიძესთან შეხვედრა ითხოვა.
მათ კობახიძესთან საუბარი სურთ ზოგადი განათლების რეფორმის იმ ნაწილზე, რომლის მიხედვითაც 1-ელ კლასში მხოლოდ ის ბავშვები წავლენ, რომლებსაც 6 წელი 15 სექტემბრამდე უსრულდებათ.
მშობლები ითხოვენ 2026-2027 წელი იყოს გამონაკლისი და სკოლაში სწავლის დაწყების უფლება მისცენ იმ ბავშვებსაც, ვინ 6 წლის 2026 წლის ბოლომდე გახდება.
“… მიუხურო სკოლის კარი ბავშვებს, რომლებიც მთელი წლის განმავლობაში ემზადებიან ამისთვის, არაა ბავშვების ინტერესების დაცვა. უარი უთხრა ბავშვებს ინდივიდუალურ შეფასებაზე სკოლის მზაობასთან დაკავშირებით, არ არის მათი უფლებების დაცვა და ეწინააღმდეგება ბავშვის უფლებათა კოდექსს, რომლის მიხედვითაც ბავშვს უფლება აქვს, მასთან დაკავშირებული ნებისმიერი გადაწყვეტილების მიღებისას უპირატესობა მიენიჭოს მის საუკეთესო ინტერესებს, რომლებიც ბავშვისთვის ინდივიდუალურად განისაზღვრება.
ასევე, ილახება ბავშვის განათლების უფლება, რომლის მიზანიც უნდა იყოს ბავშვის პიროვნების, ნიჭის, კრიტიკული აზროვნებისა და შესაძლებლობების სრულფასოვანი განვითარება.
დღეს ჩვენი შვილები განვითარების უკვე გავლილ ეტაპზე რჩებიან. ეს გამოიწვევს სწავლის მოტივის გამოცლას და სწავლის ინტერესის დაკარგვას. მათი ასაკით პატარა ბავშვების ჯგუფებში გადასვლა, მაშინ როცა ახლანდელი ჯგუფელების უმრავლესობა წავა სკოლაში, ბავშვების ფსიქიკას მნიშვნელოვან ზიანს მიაყენებს და საფრთხის ქვეშ დადგება ისეთი ფუნდამენტური უფლებები, როგორიცაა, განათლების და პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლება. დიახ, ჩვენს შვილებს ერთმევათ განვითარების უფლება. ამ ბავშვების უმეტესობას უკვე გავლილი აქვს ბაღის ან კერძო სკოლების სასკოლო მზაობის პროგრამები, დადიოდნენ საკვირაო სკოლებში.
[…] ბატონო პრემიერო, კანონში ცვლილებები ძალაში შევიდა უკიდურესად გვიან, როდესაც მშობლებსა და ბავშვებს უკვე ჰქონდათ ჩამოყალიბებული მოლოდინი და დაწყებული ჰქონდათ სკოლის ეტაპისთვის მომზადება. მსგავსი პრაქტიკა 2014 წელსაც არსებობდა, თუმცა მაშინ სახელმწიფომ დაუშვა გარდამავალი პერიოდი, რითაც თავიდან აიცილა ბავშვების უფლებებისა და ინტერესების დაზიანება. დღესაც სწორედ ასეთი პასუხისმგებლობიანი და ჰუმანური მიდგომის მოლოდინი გვაქვს.
ამ ბავშვებს გააჩნიათ საკმარისი ემოციურ-ფსიქოლოგიური მომწიფება, ყურადღების კონცენტრაციის შესაბამისი უნარი და სასწავლო პროცესისთვის საჭირო თვითდისციპლინა – ამის დამტკიცება ნეიროფსიქოლოგების დასკვნებითაც შეგვიძლია და ეს შეფასება არ მოითხოვს დიდ რესურსს.
მიმდინარე წლის 4 თებერვლამდე, ჩვენს შვილებს ჰქონდათ უფლება შესულიყვნენ სკოლაში. მათ აქვთ მზაობა, სამართლიანი მოლოდინი და უნდა ჰქონდეთ, ამავე წელს დაბადებული თანატოლების მსგავსად, სკოლაში შესვლის უფლება!
კიდევ ერთხელ გთხოვთ შეხვედრას, რათა უკეთ მოგაწოდოთ ჩვენი არგუმენტები და გთხოვთ დაუშვათ გარდამავალი პერიოდი, რათა ჩვენი შვილები 2026 წლის სექტემბერში წავიდნენ სკოლაში”, – წერია მშობლების ერთობლივ განცხადებაში, რომელიც მთავრობის კანცელარიასთან მარიამ ბოხუამ წაიკითხა.
მარიამის შვილი 6 წლის 17 სექტემბერს გახდება – ორი დღის გამო ის პირველ კლასში უნდა წავიდეს არა 2026, არამედ 2027 წელს. მარიამ გვიყვება, რომ საინიციატივო ჯგუფში არიან მშობლები, რომელთა შვილები 1 დღის, ან რამდენიმე საათის გამო რჩებიან სკოლის კედლებს გარეთ.
მშობლების მოთხოვნებსა და არგუმენტებს დეტალურად შეგიძლიათ გაეცნოთ ნეტგაზეთის სტატიაში:







