საზოგადოება

მშობლები ითხოვენ, პირველ კლასში მიიღონ ის ბავშვებიც, რომლებსაც 6 წელი წლის ბოლომდე უსრულდებათ

27 თებერვალი, 2026 •
მშობლები ითხოვენ, პირველ კლასში მიიღონ ის ბავშვებიც, რომლებსაც 6 წელი წლის ბოლომდე უსრულდებათ

მშობელთა ნაწილი ითხოვს, 2026 წლის სექტემბერში, გამონაკლისის სახით, პირველ კლასში მიიღონ ის ბავშვებიც, რომლებსაც 6 წელი წლის ბოლომდე უსრულდებათ.

ამ მოთხოვნით ისინი ხვალ, 28 თებერვალს, 11:00 საათზე მთავრობის ადმინისტრაციასთან შეიკრიბებიან და “ქართული ოცნების” პრემიერ-მინისტრთან, ირაკლი კობახიძესთან შეხვედრას მოითხოვენ. დღეს ამ მშობლების ნაწილი სახალხო დამცველს, ლევან იოსელიანსაც შეხვდა.

“სახალხო დამცველი თავისი უფლებამოსილების ფარგლებში განიხილავს, კანონში ცვლილების თაობაზე გადაწყვეტილების პროცესში რამდენად იყო დაცული ბავშვის საუკეთესო ინტერესი და რა შესაძლო გავლენა შეიძლება ჰქონდეს აღნიშნულ ცვლილებებს ბავშვების უფლებრივ მდგომარეობაზე”, – წერია სახალხო დამცველის აპარატის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

რა ხდება?

“ქართული ოცნების”  განათლების მინისტრმა, გივი მიქანაძემ გასული წლის ბოლოს ზოგადი განათლების კონცეფცია წარადგინა. 2026 წლის იანვარში ახალი კონცეფცია დამტკიცდა, რის საფუძველზეც უკვე 4 თებერვალს პარლამენტმა ზოგადი განათლების შესახებ კანონში ცვლილებები დაჩქარებული წესით, ინიციირებიდან ორ დღეში მიიღო.

12-ის ნაცვლად 11-წლიან სწავლებაზე გადასვლის, დაწყებით კლასებში სასკოლო ფორმების ტარების აუცილებლობის, სახელმძღვანელოებზე არჩევანის შეზღუდვასა და სხვა ცვლილებებთან ერთად, ახალი კანონი გულისხმობს, რომ პირველ კლასში მხოლოდ იმ ბავშვებს მიიღებენ, რომლებსაც 6 წელი 15 სექტემბრამდე შეუსრულდებათ.

კანონის დამტკიცებიდან ზუსტად ორ კვირაში, 18 თებერვალს დაიწყო პირველკლასელთა რეგისტრაცია. მშობლები მიიჩნევენ, რომ ახალ პრაქტიკაზე გარდამავალ პერიოდში – 2026-2027 სასწავლო წელს მაინც უნდა მიეცეთ იმ ბავშვებს პირველ კლასში სწავლის დაწყების შესაძლებლობა, რომლებიც 2026 წლის ბოლომდე გახდებიან 6 წლის.

მშობლების შეხვედრა სახალხო დამცველთან (27.02.2026)

ნეტგაზეთი ესაუბრა მარიამ ბოხუას – ერთ-ერთ მშობელს მათგან, რომლებიც დღეს, 27 თებერვალს სახალხო დამცველს შეხვდნენ, ხვალ კი მთავრობის ადმინისტრაციასთან საჯარო განცხადებით მიმართავენ ირაკლი კობახიძეს.

მარიამი გვიყვება, რომ 2025 წლის დეკემბრიდან დღემდე არაერთი განცხადება დაწერა განათლების მინისტრთან, გივი მიქანაძესთან შეხვედრის თხოვნით, არაერთხელ პირადად მივიდა სამინისტროში, არაერთხელ დარეკა ცხელ ხაზზე, სცადა კომუნიკაცია სამინისტროსთან სხვადასხვა სოციალურ ქსელში, თუმცა უკვე 3 თვეა, უწყებისგან ვერანაირი პასუხი ვერ მიიღო.

“3 დეკემბერს მაქვს დაწერილი პირველი განცხადება, იმის პასუხიც კი არ მოსულა ჯერ. დაახლოებით ერთი კვირის წინ დავრეკე ცხელ ხაზზე და მითხრეს, რომ უახლოეს მომავალში იქნებაო […] იანვარში ლამის ყოველ დილას მივდიოდი სამინისტროში, რამდენიმე თანამშრომელს გავესაუბრე, თანაშემწეებსაც კი ვესაუბრე, თუმცა მინისტრთან ვერაფრით ვერ შევძელი შეხვედრა. უარზე იყო. მეუბნებოდნენ, რომ ძალიან დაკავებულია, დრო არ აქვსო”, – ამბობს მარიამი.

გარდა ამისა, მარიამმა, სხვა მშობლებთან ერთად, მოამზადა პეტიცია 500-ზე მეტი ხელმოწერით. მშობლები ითხოვდნენ, რომ კანონპროექტს დამატებოდა გარდამავალი დებულება გამონაკლისის შესახებ. გამონაკლისი გულისხმობს, რომ ცვლილება, რომლის მიხედვითაც ბავშვი  სკოლის დაწყების მომენტისთვის, ანუ 15 სექტემბრისთვის, უკვე 6 წლის უნდა იყოს, ამოქმედდეს არა 2026, არამედ 2027 წლიდან.

გამონაკლისის დაშვების არგუმენტი არის ის, რომ ეს მშობლები უკვე დიდი ხანია ამზადებდნენ ბავშვებს სკოლაში შესაყვანად – ამ ბავშვების ნაწილი ე.წ. პრესქულში დადის და სკოლისთვის მოსამზადებელ პროგრამასაც გადის. რამდენიმე დღის, კვირის, ან თვის გამო კი მათ მოუწევთ სკოლაში სწავლის დაწყების 1 წლით გადავადება.

მარიამ ბოხუა განათლების კომიტეტის სხდომაზე (20.02.2026)

პეტიციაში მშობლები განიხილავენ ალტერნატივასაც, რაც ბავშვთა სასკოლო მზაობის ინდივიდუალურ შეფასებას გულისხმობს. უფრო კონკრეტულად, ისინი ითხოვენ შესაბამისი სპეციალისტის მიერ ინდივიდუალურად შეფასდეს იმ ბავშვების მზაობა, რომლებსაც 6 წელი 15 სექტემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით უსრულდებათ, პირველ კლასში კი დაუშვან მხოლოდ ისინი, რომლებსაც შესაბამისი მზაობა ექნებათ.

თქვეს, რომ ინდივიდუალური შეფასება ხანგრძლივ დაკვირვებას გულისხმობს. ამისთვის შესაბამისი კომპეტენციის დიდი რაოდენობის ადამიანური რესურსი არის საჭირო, რაც არ გვაქვს და ამიტომ ვერ გავაკეთებთო. ის, რომ განათლების სამინისტროს არ აქვს რესურსი იმის, რომ ეს ბავშვები ინდივიდუალურად შეაფასოს, ამ ბავშვებზე ცუდად არ უნდა აისახებოდეს. ამ ბავშვების უფლება არ უნდა ირღვეოდეს იმის გამო, რომ რაღაცა რესურსი არ არსებობს. ძალიან ბევრი მშობელი თანახმა ვართ იმაზეც, რომ ჩვენ თვითონ შევაფასებინოთ ფსიქოლოგს ჩვენი შვილები, რათა სახელმწიფოს არ დააწვეს დამატებითი ფინანსური ტვირთი”, – ამბობს მარიამ ბოხუა.

მშობელთა ნაწილი პეტიციის კომიტეტზე განხილვამდე შეხვედრას ითხოვს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარესთან, მარიამ ლაშხთან. უშუალოდ კომიტეტის სხდომა ერთი კვირის წინ, 20 თებერვალს ჩატარდა.

“კომიტეტმა ბავშვის საუკეთესო ინტერესების დაცვის პრინციპიდან გამომდინარე, პეტიციის შემდგომი შესწავლა და განხილვა მიზანშეუწონლად მიიჩნია”, – წერია პარლამენტის საიტზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

კომიტეტის სხდომის შემდეგ, მშობელთა მოთხოვნას სოციალური ქსელით გამოეხმაურა ლაშხის პირველი მოადგილე, გიორგი ჩაკვეტაძე. მან ჩამოთვალა მიზეზები, რის გამოც კომიტეტმა პეტიციის განხილვაზე უარი თქვა. მათ შორისაა:

  • “კვლევის გათვალისწინებით მივიჩნევთ, რომ როდესაც ბავშვს 6 წელი 15 სექტემბრის ჩათვლით უსრულდება, სწორედ ამ დროს არის ის მზად სკოლაში შესასვლელად;
  • წინა წლების პრაქტიკის მსგავსად, ამ თარიღის 31 დეკემბრამდე დაბრუნება ისევ გამოიწვევდა პირველი კლასიდან ბაღში დაბრუნებაზე მიმართვიანობას;
  • 2013 წლიდან ბაგა-ბაღები სრულიად უფასო გახდა. ამ ეტაპზე კი, საპილოტე რეჟიმში 150 საჯარო სკოლაში მოქმედებს სასკოლო მზაობის ასევე უფასო პროგრამა;
  • ზოგადი და უმაღლესი განათლების რეფორმების შედეგად, სისტემა 11- წლიან ზოგად განათლებაზე გადადის და ინერგება 3+1+1 მოდელი, რაც სკოლისა და უნივერსიტეტის დასრულების ასაკს ამცირებს;
  • ერთჯერადი გამონაკლისის შემთხვევაში, სავარაუდოა, რომ გაისადაც ანალოგიური პეტიცია იქნებოდა ინიციირებული და ეს პროცესი დაუსრულებლად გაგრძელდებოდა;
  • რაც შეეხება პეტიციის მეორე მოთხოვნას, რაც ბავშვის მზაობის ინდივიდუალურად შეფასებას გულისხმობს – ეს საკითხი ზოგადი განათლების კანონმდებლობის მიზნებს სცდება და ის არასწორი და არარეალისტურია”.

გიორგი ჩაკვეტაძე კომიტეტის სხდომაზე (20.02.2026)

მარიამ ბოხუა ამბობს, რომ კომიტეტის წევრთა არგუმენტები არასაკმარისი და დაუსაბუთებელია. მაგალითად, კვლევა, რომელზეც დეპუტატები აპელირებენ, არის UNICEF-ის [გაეროს ბავშვთა ფონდი] მიერ ჩატარებული სასკოლო მზაობის შეფასების ანგარიში. ეს დოკუმენტი 2011 წლით თარიღდება და მასში ცალსახად არ წერია, რომ 5 წლის ბავშვი მზად არ არის სასკოლო პროგრამისთვის. ანგარიშში შედარებულია 5 და 6 წლის ასაკის ბავშვების ანალიზის, მეტყველების, წარმოსახვის, არითმეტიკული ოპერაციების შესრულებისა და სხვა უნარები და აღწერილია ასაკობრივი სხვაობები. დოკუმენტი რეკომენდაციას გასცემს, რომ პირველი კლასის სასწავლო პროგრამასა და პედაგოგიურ მეთოდებში გათვალისწინებული იყოს “5-წლიანთა სწავლების სპეციფიკა”.

მარიამ ბოხუა ხაზს უსვამს, რომ საუბარია არა იმ ბავშვებზე, რომელთა შორის 1 წელია სხვაობა, არამედ ბავშვებზე, რომლებიც რეალურად თანატოლები არიან და მათ შორის სხვაობა მხოლოდ რამდენიმე თვეა. მაგალითად, მისი შვილი 6 წლის 17 სექტემბერს გახდება – ორი დღის გამო ის პირველ კლასში უნდა წავიდეს არა 2026, არამედ 2027 წელს. მარიამ გვიყვება, რომ საინიციატივო ჯგუფში არიან მშობლები, რომელთა შვილები 1 დღის, ან რამდენიმე საათის გამო რჩებიან სკოლის კედლებს გარეთ.

“5 წლის და 1 თვის ბავშვი სხვა არის და 6 წლამდე რომ ორი დღე აქვს დარჩენილი, იმ ბავშვს განვითარების კიდევ სხვა დონე აქვს. გარდა ამისა, 2011 წლის კვლევას რომ იშველიებენ ახლა, 2022 წლიდან მუდმივად რატომ იზრდებოდა ეს ზღვარი? 2022 წელს, მაგალითად, დაუშვეს პირველ ოქტომბრამდე დაბადებული ბავშვების სკოლაში მიღება, 2023 წელს დაუშვეს პირველ ნოემბრამდე დაბადებულების მიღება, 2024-ში დაუშვეს პირველ დეკემბრამდე დაბადებულების მიღება და 2025 წელს დაშვებული იყო 31 დეკემბრის ჩათვლით დაბადებული ბავშვების მიღება სკოლაში. ამ დროსაც ხომ არსებობდა ეს 2011 წლის კვლევა?”, – ამბობს მარიამი ნეტგაზეთთან საუბრისას.

მისთვის არასაკმარისად დამაჯერებელია არგუმენტი იმის შესახებ, რომ წინა წლებში, მშობელთა ნაწილმა მოითხოვა ბავშვის პირველი კლასიდან ბაღში დაბრუნება. ის ფიქრობს, რომ ამის გამო სხვა ბავშვები, რომლებსაც შეუძლიათ დაძლიონ სასკოლო პროგრამა, არ უნდა იჩაგრებოდნენ. გარდა ამისა, ხაზს უსვამს, რომ მათი მოთხოვნაა არა სკოლაში სწავლის დაწყების ასაკის შემცირება, არამედ არჩევანის შესაძლებლობა იმ მშობლებისთვის, რომელთა შვილები მალე გახდებიან 6 წლის.

მარიამის შეფასებით, გადაწყვეტილების მიმღები პირები არ ითვალისწინებენ ბავშვის საუკეთესო ინტერესებს, როცა ასეთ მნიშვნელოვან ცვლილებებს დაჩქარებული წესით, მშობელთა  ჩართულობის გარეშე იღებენ.

“ბავშვთა უფლებათა კონვენციაში არსებობს ჩანაწერი ბავშვის საუკეთესო ინტერესების შესახებ. ბავშვის საუკეთესო ინტერესი გულისხმობს, რომ მისი საჭიროებები ინდივიდუალურად უნდა იყოს შეფასებული.

მშობლებს ერთი წლით ადრე მაინც რომ გვცოდნოდა იმის შესახებ, რომ მსგავსი ცვლილება იგეგმებოდა,  ჩვენს შვილებს არ ვეტყოდით, რომ სკოლაში უნდა წასულიყვნენ. ყველა ბავშვმა იცის, რომ სკოლაში უნდა წავიდეს. მე საჯარო ბაღში დამყავს და 45-ბავშვიან ჯგუფშია. 45 ბავშვიდან 42 მიდის სკოლაში. დანარჩენი სამი 6 წლის 15 სექტემბრის მერე გახდება. როგორც არ უნდა ეცადო, ბავშვს იმას ვერ აუხსნი, ვერ გააგებინებ, რატომ მოხდა ისე, რომ მისი ბაღის ჯგუფელების უმრავლესობა წავიდა სკოლაში, მაშინ როცა თვითონ სკოლის მიღმა რჩება. ძალიან სერიოზული ფსიქოლოგიური ზიანი ადგებათ ამით ბავშვებს. 

ერთ მაგალითს გეტყვით. ერთ-ერთმა მშობელმა მითხრა, ჩემმა შვილმა შემთხვევით გაიგო ბაღში იმის შესახებ, რომ თვითონ ვერ მიდიოდა წელს სკოლაშიო. სახლში მოვიდა და მკითხა, დე, მე იმიტომ ვერ მივდივარ სკოლაში, რომ ჩემმა კლასელებმა წერა-კითხვა იციან და მე არ ვიციო? მთელი საღამო წერდაო ასოებს, მერე მოვიდა, ეს გამოწერილი ასოები მაჩვენა და მეუბნებაო, მოდი, სურათი გადამიღეო და ვინმეს ჩაუგდეო, რომ გაიგონ, რომ მეც ვიციო წერა-კითხვაო. ანუ ბავშვმა უკვე სტრესი მიიღო – ჩათვალა, რომ მისი ჯგუფელები მასზე უფრო კარგები იყვნენ, რადგან წერა-კითხვა იცოდნენ და ამან არ იცოდა წერა-კითხვა და ალბათ ამიტომ დატოვეს”, – გვიყვება მარიამი.

მშობლები, რომლებიც ითხოვენ, 2026-2027 სასწავლო წელს პირველ კლასში მიიღონ ის ბავშვებიც, რომლებიც წლის ბოლომდე ხდებიან 6 წლის, აცხადებენ, რომ ეს გამონაკლისი უზრუნველყოფს სამართლიან და პროპორციულ გადასვლას [ახალ პრაქტიკაზე] და უპირველესად, მოემსახურება ბავშვის საუკეთესო ინტერესებს, მის ფსიქოემოციურ კეთილდღეობასა და ასაკის შესაბამის განვითარებას.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი