ახალი ამბები

ტროტუარზე დგომის გამო 4-დღიანი პატიმრობა შეუფარდეს ფრანგულის მასწავლებელს

27 თებერვალი, 2026 •
ტროტუარზე დგომის გამო 4-დღიანი პატიმრობა შეუფარდეს ფრანგულის მასწავლებელს

ტროტუარზე დგომის გამო 4-დღიანი პატიმრობა შეეფარდა ფრანგულის მასწავლებელს, დავით ადუაშვილს. გადაწყვეტილება მოსამართლე თორნიკე კაპანაძემ მიიღო.

თავად ადუაშვილი სხდომას არ ესწრებოდა. მისთვის პატიმრობის შესახებ ინფორმაცია მისმა ადვოკატმა, ვერიკო გაგუამ გაავრცელა. შსს მას ედავებოდა 2025 წლის 18 დეკემბერს, პარლამენტთან მიმდინარე პროევროპულ აქციაზე, ტროტუარზე დგომით სხვა მოქალაქეებისთვის გადაადგილებაში დაბრკოლების შექმნას.

შეკრებისა და მანიფესტაციის კანონის დარღვევის საფუძვლით, თუმცა არა ტროტუარზე, არმედ საავტომობილო გზაზე დგომის გამო, 3-დღიანი პატიმრობა შეუფარდეს სტუდენტს, ნენე გაბლაიას. ამ შემთხვევაში გადაწყვეტილება მოსამართლე თორნიკე ქოჩქიანმა მიიღო. საკუთარ სხდომას ვერ ესწრებოდა ვერც ნენე გაბლაია. როგორც მან სოციალურ ქსელში დაწერაბ, წვიმით გამოწვეული საცობის გამო დროულად ვერ მივიდა სასამართლომდე და გადაწყვეტილების შესახებ გზაში გაიგო.

ნენე გაბლაიას მსგავსად, მოსამართლე ქოჩქიანმა 3-დღიანი პატიმრობა შეუფარდა მარიკა სვანიშვილსაც. გაბლაიას მსგავსაც, შსს მასაც 31 იანვარს, ე.წ. შაბათის მარშის დროს, გზის ხელოვნურად გადაკეტვას ედავებოდა.

2025 წლის დეკემბერში “ქართული ოცნების” პარლამენტმა მიიღო მორიგი რეპრესიული კანონი, რომლითაც მოქალაქეები ვალდებულები არიან შეკრებისა და აქციის ჩატარების შესახებ შსს-ს წინასწარ, 5 დღით ადრე აცნობონ. თუმცა, უფლებადამცველების შეფასებით, პრაქტიკაში ინფორმირებულების ვალდებულება ნებართვის აღების მექანიზმად იქცა.

ამავე თემაზე მეტი დეტალის გასაგებად შეგიძლიათ წაიკითხოთ ნეტგაზეთის სტატია:

მასალების გადაბეჭდვის წესი