ახალი ამბები

ზუგდიდის სასამართლომ გაამართლა ვიტალი გუგუჩია, რომელსაც Pos TV-ის გადამღებ ჯგუფზე ძალადობას ედავებოდნენ

25 თებერვალი, 2026 •
ზუგდიდის სასამართლომ გაამართლა ვიტალი გუგუჩია, რომელსაც Pos TV-ის გადამღებ ჯგუფზე ძალადობას ედავებოდნენ

ზუგდიდის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე შოთა ბიჭიამ უდანაშაულოდ ცნო „გირჩი — მეტი თავისუფლების“ წევრი ვიტალი გუგუჩია, რომელსაც „პოსტივის“ ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლასა და ძალადობას ედავებოდნენ.

ამ საქმეზე გეგუჩიას აღკვეთის ღონიძიების სახით 5 000-ლარიანი გირაო ჰქონდა შეფარდებული.

ვიტალი გეგუჩიას 2024 წლის აგვისტოში წაუყენეს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით (ცემა, რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია) და სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილით (ჟურნალისტისათვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლა), რაც 1 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ვერსიით: „ტელეკომპანია „პოს ტვ“-ის სარედაქციო პოლიტიკის მოწინააღმდეგე ვ.გ.-მ ჟურნალისტისა და ოპერატორის მიმართ სიტყვიერი აგრესია გამოხატა, რის შემდგომაც ოპერატორს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა და აღნიშნულის შედეგად, მედიის წარმომადგენლებმა ადგილზე პროფესიული საქმიანობის განხორციელება ვერ შეძლეს“.

ვიტალი გეგუჩია და მისი ცოლი, მირანდა ჯობავა საზოგადოებამ 2024 წლის მაისში, მას შემდეგ გაიცნო, როცა მათი მარკეტის წინ რუსული კანონის მომხრე 84 დეპუტატიდან ერთ-ერთმა, ვიქტორ ჯაფარიძემ, ფორთოხალს ხელი სტაცა და იმ მოქალაქეს გაეკიდა, ვინც რუსული კანონის მიღების შემდეგ პარლამენტიდან მომავალი დეპუტატების კოლონას აგინა.

ვიქტორ ჯაფარიძე მაღაზიაში მეორე დღეს, 29 მაისს, ბოდიშის მოსახდელად მივიდა, მაგრამ წყვილმა უთხრა, რომ ბოდიში ფორთოხლის კი არა, მათი შვილების მომავლის გაყიდვისთვის ჰქონდა მოსახდელი.

დეპუტატისა და წყვილის კამათის ამსახველი ვიდეო სოციალურ ქსელებში გავრცელდა. ნათესავის გარდაცვალების გამო სამეგრელოში წასულ ოჯახს სამთავრობო პროპაგანდისტული არხის „პოსტივის” წარმომადგენლებმა ჩააკითხეს. არხის, რომლის მთავარი მფლობელი თავად ვიქტორ ჯაფარიძეა. 31 მაისს სამეგრელოში, გუგუჩიების კარ-მიდამოში, „პოსტივის” წარმომადგენლებსა და ვიტალის შორის დაპირისპირება მოხდა.

მეორე სამთავრობო პროპაგანდისტულმა არხმა „იმედმა” ოპერატიულად გაავრცელა ინფორმაცია, რომ გუგუჩია „პოსტივის” ჟურნალისტებს პროფესიული საქმიანობის განხორციელებაში ხელს უშლიდა და მის წინააღმდეგ სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა გამოძიება დაიწყო.

ვიტალი გუგუჩია — “ფორთოხლის გამყიდველი” ქიქოძის ქუჩიდან

მასალების გადაბეჭდვის წესი