მოძრაობა არა მიიჩნევს, რომ ხელისუფლების მხრიდან მეთორმეტეკლასელთა დაშინებამ შედეგი გამოიღო. პარასკევს პარლამენტის წინ დაგეგმილი საპროტესტო აქციის ჩაშლის მიზეზიც, მათი აზრით, სწორედ ეს გახდა.
,,მიგვაჩნია, რომ სრულიად სამართლიანად ქუჩაში გამოსული უამრავი მეთორმეტეკლასელი საქართველოს ხელისუფლებამ დააშინა. აგორდა დიდი კამპანია, რომელმაც გამოიღო შედეგი და დაშინებული ბავშვები თავისსავე დაგეგმილ და ორგანიზებულ საპროტესტო აქციაზე აღარ მივიდნენ’’, – ამბობს არა-ს წარმომადგენელი თიკო ნიბლოშვილი.
მისივე თქმით, საქართველოს ხელისუფლებამ, განათლების სამინისტრომ, სკოლის პედაგოგებმა და დირექტორებმა ამ ქმედებით სასტიკად დაარღვიეს მოსწავლეების კონსტიტუციური უფლება.
კერძოდ, მოძრაობა არა მიიჩნევს, რომ დაირღვა საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავის მე–18, მე–19 და 24-ე მუხლები.
ამ მუხლების მიხედვით, ყველა ადამიანს აქვს სიტყვის, აზრის თავისუფლება; ასევე, ინფორმაციის მიღებისა და გავრცელების უფლება, თავისი აზრის ზეპირად და წერილობით გამოთქმისა და გავრცელების უფლება;
მოძარობა არა სოლიდარობას უცხადებს მოსწავლეებს და მოუწოდებს მათ, რომ თავად დაიცვან თავიანთი უფლებები.
პარასკევს, 19 ნოემბერს, დაგეგმილი მოსწავლეთა საპროტესტო აქცია ჩაიშალა. პარლამენტის წინ სულ 10-მდე მოსწავლე მოვიდა.