შორენა შავერდაშვილი მედიააკადემიის ხელმძღვანელის თანამდებობიდან გაათავისუფლეს.
ამის შესახებ ნეტგაზეთს ინფორმაცია კომუნიკაციების კომისიის ახალმა ხელმძღვანელმა გოგა გულორდავამ დაუდასტურა. მედიააკადემია სწორედ კომუნიკაციების კომისიის პროექტია.
თავად შორენა შავერდაშვილს ნეტგაზეთი გუშინ, 10 თებერვალს დაუკავშირდა. თუმცა მედიააკადემიის მომავალზე საუბარი არ ისურვა და კომუნიკაციის კომისიასთან გადაგვამისამართა. დღეს კი შორენა შავერდაშვილი ზარებსა და შეტყობინებებს აღარ პასუხობს.
გოგა გულორდავამ ნეტგაზეთს უთხრა, რომ ეს არის “ჩვეულებრივი საკადრო გადაწყვეტილება”. მისი თქმით, მუდმივად ერთ თანამდებობაზე არც თვითონ არის და ვერავინ იქნება.
კომუნიკაციების კომისიის ხელმძღვანელის თქმით, ამ საკადრო გადაწყვეტილების მიუხედავად, მედიააკადემია მუშაობას აგრძელებს. გულორდავა იმედოვნებს, რომ აკადემია მომავალში უკეთაც კი იმუშავებს.
რაც შეეხება იმას, თუ ვინ იქნება აკადემიის ახალი ხელმძღვანელი, გულორდავას თქმით, ამას კომისია გადაწყვეტს და ერთპიროვნულ გადაწყვეტილებას არავინ მიიღებს.
შორენა შავერდაშვილი მედიააკადემიის ახალი ხელმძღვანელად 2021 წლის სექტემბერში დაინიშნა. კომუნიკაციების კომისიამ ქვეყანაში მედიაწიგნიერების განვითარებისა და ხელშეწყობის მიზნით მედიააკადემია 2018 წელს შექმნა, რომელსაც შორენა შავერდაშვილამდე დავით კაკაბაძე ხელმძღვანელობდა.








