დღეს, 22 იანვარს, თბილისის საქალაქო სასამართლოში 4 ოქტომბრის საქმეებიდან 10-პირიანი საქმის მორიგი სხდომა გაიმართა.
როგორც დღევანდელ სხდომაზე „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ირაკლი ნადირაძემ განაცხადა, პროკურატურამ მათ წინააღმდეგ ვერც ერთი მტკიცებულება ვერ წარადგინა, გარდა საჯარო განცხადებებისა, სადაც ძალადობისკენ მოწოდებები არ ყოფილა.
ნადირაძის თქმით, სინამდვილეში, მათი მთავარი პრობლემა ისაა, რომ ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლების მიმართ ნეგატიური დამოკიდებულება აქვთ და პატიმრობაშიც იმ მიზეზით ტოვებენ, რომ საზოგადოებისთვის კი არა, რეჟიმისთვის საფრთხედ მიიჩნევიან.
გთავაზობთ დღევანდელ სხდომაზე ირაკლი ნადირაძის მიერ წარმოთქმულ სიტყვას:
„მიუხედავად იმისა, რომ წინასწარ ვიცოდით, რომ გვაკავებდნენ, არსად არ მივმალულვართ, არც ვაპირებდით და არც ახლა ვაპირებთ დამალვას. ახალი დანაშაულის ჩადენაზე აბსურდია საუბარი. მართლა წლების განმავლობაში, არ ვიცი, საჯარო სამსახურშიც ვიყავი ბევრი წელი, აგერ საზოგადოებაშიც მიცხოვრია, არცერთი დანაშაული არასდროს არ ჩამიდენია და არც შემჩნეული არ ვყოფილვარ, და მესამე, მტკიცებულებების განადგურებაზე საერთოდ აბსურდია საუბარი. რატომ უნდა გავანადგურო, მაშინ როდესაც ჩემს ყველა ნათქვამ განცხადებას, წინადადებას, ყველა სიტყვას, საქმეში ჩადებულ ყველა განცხადებაზე ახლაც ხელს მოვაწერ და არცერთი განცხადება, არცერთ წინადადება, არცერთი სიტყვა უკან არ მიმაქვს.
იმიტომ, რომ ჩემი, როგორც პოლიტიკოსის განცხადებები, მოწოდებები არც კანონს გასცდენია და არც ჩემს კონსტიტუციურ უფლებასა და თავისუფლებას. ვერ ნახავთ ვერც ერთ ჩანაწერს, რამდენიც არ უნდა წარმოადგინოთ, რომ სადმე მე ვინმეს ძალადობისკენ მოვუწოდებდე. დანარჩენი, რა განცხადებებიც მქონდა, კიდევ განვიხილოთ და კიდევ ვნახავთ, რომ ყველგან იყო სიტყვა „მშვიდობიანი“ და „არაძალადობრივი“.
პროკურორს წამოსცდება ხოლმე, სინამდვილეში, მთავარი პრობლემა არის ის, რომ თურმე ნეგატიურად ვართ და არ ვიზიარებთ ბიძინა ივანიშვილის რეჟიმს და მის განცხადებებსა და მის პოლიტიკას. ჩვენ ვართ ოპოზიციაში, არ დაგავიწყდეთ. მე მესმის, შეიძლება ისეთი ოპოზიციონერებიც არიან, რომლებიც იზიარებენ, იწონებენ და ნახევარი ფეხით ბიძინა ივანიშვილთან არიან, მაგრამ დიახ, ჩვენი პოზიცია იყო და არის, რაც არ მოგვწონს, ვაკრიტიკოთ და ნეგატიურად ვიყოთ განწყობილი.
იმიტომ, რომ ჩვენ ამ განცხადებებში, პირადად მე ვსაუბრობდი, რომ ბიძინა ივანიშვილმა გააყალბა არჩევნები და ხელისუფლება აქვს მიტაცებული, რომ ქვეყანა გაიყვანეს კონსტიტუციური ჩარჩოებიდან, როდესაც უარი თქვეს ევროპულ კურსზე. ვსაუბრობდი მაშინ კორუფციაზე, ძალადობაზე, შერჩევით სამართალზე, გაჭირვებაზე, სიღარიბეზე, უმუშევრობაზე, გაზრდილ ფასებზე იმიტომ, რომ ხალხი გარბის ამ ქვეყნიდან. ადამიანს ამ ქვეყანაში არა აქვს ნორმალური პენსია, ჯანდაცვა, შემოსავალი… არც თქვენ გაქვთ და არც ადამიანებს. ამათთვისაც ვიბრძოდი მშვიდობიანად.
დიახ, იმიტომ, რომ როდესაც ქვეყანაში არჩევნები გაუქმებულია, ხელისუფლება მიტაცებულია, ქვეყანა გასულია კონსტიტუციური ჩარჩოებიდან, ჯერ ჩვენ არ ვართ ირანი, რომ ამას ფეისბუქ პოსტის გამო… თუმცა ესეც დაიწყეთ და ალბათ იქამდეც მიხვალთ, რომ ჰიჯაბების ჩაცმას და ჩიხტიკოპებით სიარულს მოსთხოვთ ქალბატონებს. არ მიკვირს პროკურორის წამოცდენა. იმიტომ, რომ ვნახეთ ფეისბუქ პოსტების გამო აკავებენ ადამიანებს, ტროტუარზე დადგომის გამო აკავებთ, სინდისის პატიმრები დაკუჭული ქაღალდის სროლის გამო გყავთ დაკავებული… ცხრა-ცხრა თვე მიუსაჯეს პოლიტიკოსებს, რომლებიც არალეგიტიმურ პარლამენტში რაღაც გაურკვეველი ღალატის კომისიაზე მივიდნენ.
როდესაც პოლიტიკურ განცხადებებზე ვლაპარაკობ, აღარ მიკვირს იმიტომ, რომ ლევან ხაბეიშვილი სწორედაც პოლიტიკური განცხადების გამო გყავთ დაკავებული. აღარ ვიცი, კიდევ რომელი ერთი ვთქვა. საზოგადოებისთვის კი არ ვართ ჩვენ საფრთხე, გარეთ რომ გამოგვიშვან, რეჟიმი ფიქრობს, ჩვენ მათთვის ვართ საფრთხე. პროკურორიც ასე ფიქრობს, ნეგატიური დამოკიდებულება თუ გაქვს რეჟიმის მიმართ, ეს არის საფრთხე, ეს არის დანაშაულ და ხმა აღარ უნდა ამოიღო, უნდა ვიყოთ ჩრდილოეთ კორეა, ირანი, კომუნისტური დიქტატურული რეჟიმები, სადაც არც სიტყვის თავისუფლებაა, არც სამართალი, არც დემოკრატია, არც კეთილდღეობა, არც ევროპული მომავალი. უნდა გავხდეთ ერთი რუსული გუბერნია.
ძალიან ცუდია, რომ არ მოიწვიეთ დასაკითხად ირაკლი კობახიძე. როდესაც არის ღობის ეპიზოდი, სადაც დიახ, ჩვენ არ ვიმალებით და ვაღიარებთ, კი, ჩვენ ვიყავით ის ადამიანები. სანამ ჩავედით, ბატონმა პროკურორმა ახსენა, რომ ოთხი კადრი იყო ერთდროულად, სადაც ჩვენ რომ დავიძარით თავისუფლების მოედნიდან, თქვენ ღობე გადანგრეული გქონდათ, გადაანგრიეს. ლოგიკური იყო, ყველას გაგვეხსენებოდა, სად არის ირაკლი კობახიძე, რომელიც ამბობდა, რომ თავის ხალხს უგეგმავდა სიურპრიზებს. ხომ არ იყო ეს ის სიურპრიზი შემთხვევით? არ მოიწვიეთ ირაკლი კობახიძე იმიტომ, რომ, როგორც ჩანს, ბევრი რამ ჰქონდა სათქმელი, რაც მხოლოდ ჩვენ წაგვადგებოდა, აქ მყოფ თითოეულ ადამიანს, რომლებიც არაფრის გამო გყავთ დაჭერილი.
ასევე, გასაგებია ჩემთვის, რატომ არ ამოიღეთ პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან კამერის ჩანაწერები. იქაც ძალიან კარგად გამოჩნდებოდა, რომ ეს ადამიანები უბრალოდ მახეში გააბით. აი, ასეთი ხელისუფლება გყავთ დღეს საქართველოში.
რაც შეეხება ძალადობრივი ჯგუფების ორგანიზებას, აი, ეს სრული აბსურდია და იმდენად სასაცილოა, მიუხედავად იმისა, რომ სუს-ს არაერთი ოპერატიულ-ტექნიკური საშუალება აქვს. გვინახავს ჩვენ ფარული ჩანაწერებიც, მიყურადებაც. ვერც ერთი მტკიცებულება [ვერ წარმოადგინეთ], არათუ იმ ძალადობრივ ჯგუფთან დაკავშირებით, სადაც იარაღი ან რაღაც წინასწარი დაგეგმვა იქნებოდა. აი, ეს ხუთი კაცი, ვინც ვიყავით, ერთხელ მაინც რომ ერთად ვყოფილიყავით სადმე შეკრებილი — ეგ მტკიცებულებაც კი არ არის საქმეში. ან იმის მერე, რაც სპონტანურად დავიგეგმეთ და ვამბობდით, რომ „მოდი, ახლა იარაღი დავურიგოთ, ჯოხები დავურიგოთ…“ არაფერი მსგავსი არა გაქვთ და თქვენ ეს ყველაზე კარგად იცით.
მაშინ, როდესაც ამ ქვეყნის ისტორიაში, მათ შორის უახლეს ისტორიაში, გვახსოვს ნამდვილად არაერთი ძალადობრივი ჯგუფი, მათ შორი ბიძინა ივანიშვილის რუსული ხელისუფლების მიერ ორგანიზებული. სად არიან, მაგალითად, მაკა ჩიხლაძეზე თავდამსხმელები? სად არიან ლევან ხაბეიშვილზე, დათო ქაცარავაზე, დიმიტრი ჩიქოვანზე თავდამსხმელები, რომელსაც სახლთან დახვდნენ? არცერთი არ არის დასჯილი. ანუ რეალურად ვინც არიან მოძალადეები, არ არიან დასჯილები. მაგრამ ის ადამიანები, ვინც გაწყობთ, რომ გამოაჩინოთ ბუებად, მოძალადეებად და ძალადობრივი ჯგუფის ორგანიზატორებად, მაშინ, როდესაც არცერთი მტკიცებულება არ არის. მხოლოდ იმიტომ, რომ მასობრივი განწყობა შექმნათ და „პოსტვ-ზე“, „იმედზე“, „რუსთავ 2-სა“ და პროპაგანდისტულ არხებზე წარმოაჩინოთ, რომ აი, თურმე რა ხდებოდა, მზად ხართ, რომ უდანაშაულო ადამიანები გაუშვათ ციხეში.
4 ოქტომბერთან დაკავშირებით მე ყველა საქმეს აქტიურად ვადევნებ თვალს. მადლობა ღმერთს, გვაქვს ტელევიზორები გლდანში, 38-ე კამერაში, მუდმივად ვუყურებ საინფორმაციოებს. წინაზე ერთი არაჩვეულებრივი ბიჭი იყო, გვირილებით ხელში იყო მისული. ძალადობრივი ჯგუფები დავაორგანიზეთ და გვირილები დავურიგეთ ამ ადამიანებს?! სად არის აქ სამართალი?! მაგრამ მზად ვართ ყველაფრისთვის, ძალიან კარგად გვაქვს გააზრებული, რომ ქვეყანაში დამყარებულია რუსული ოლიგარქიული რეჟიმი, რუსული დიქტატურა. ამას სჭირდება აქტიური წინააღმდეგობა, მშვიდობიანი, არაძალადობრივი.
ჩვენ შეიძლება რეჟიმის წინაშე ვართ დამნაშავეები, მაგრამ ჩვენი წინაპრების წინაშე, მომავალი თაობების წინაშე, მე 4 შვილის მამა ვარ, არ შემრცხვება ამ ადამიანებთან და არც იმათთან, ვინც ახლა ქუჩაში დგას და იბრძვის, ჩემს თანამებრძოლებთან და თანამოაზრეებთან. გავა დრო და ისტორია შეაფასებს, ვინ ვიყავით მართლები, ვინ ვიყავით ის ადამიანები, ვინც ვიბრძოდით მაშინ, როდესაც რუსი ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილი პუტინის გამოტანებული მილიარდებით ამ ქვეყანას არუსებდა. არცერთ ნაწილში თავს დამნაშავედ არ ვგრძნობ. ბრძოლა ბოლომდე! ყველა ეს ადამიანი არის პატრიოტი, მართალი ადამიანი და რა დროც არ უნდა გავიდეს, რაც არ უნდა მოგვისაჯოს სასამართლომ, ამ ადამიანებზე ისტორია იტყვის, რომ ესენი იყვნენ მართალი ადამიანები, ვაჟკაცი ადამიანები, რომლებიც არ ეგუებოდნენ დიქტატურას და იბრძოდნენ ქვეყნის თავისუფლებისთვის, ღირსებისთვის და ევროპული მომავლისთვის“, – განაცხადა ირაკლი ნადირაძემ.
4 ოქტომბრის პროტესტი, ის, რაც პროტესტში მონაწილე ადამიანებისთვის იყო „მშვიდობიანი რევოლუციის მცდელობა“ და წარუმატებელი, „კონსტიტუციური წესრიგის დამხობის“, პრეზიდენტის რეზიდენციის ხელში ჩაგდების მცდელობისა და ჯგუფური ძალადობის სისხლის სამართლის საქმედ აქცია „ქართულმა ოცნებამ“. სწორედ ამას ედავებიან ისინი 64 ბრალდებულს.
64-პირიანი საქმე 10, 12, 13, 14, 15-პირიან საქმეებად არის დაშლილი, 5 მოსამართლეს და 6 პროკურორს შორის განაწილებული.
58 ადამიანი პატიმრობაშია — მსოფლიო ბანი, ყოფილი მაღალჩინოსნები და მოქმედი პოლიტიკოსები, რიგითი ადამიანები თითქმის მთელი საქართველოდან, მათ შორის, ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობებით, ქალები, ემიგრანტები, ყოფილი სამხედროები.
4 ადამიანი გირაოთია გათავისუფლებული — ექიმი/პროფესორი გოგი ჩახუნაშვილი, კრეატიული დირექტორი ია დარახველიძე, მცირეწლოვანი ბავშვის დედა მარიამ მეყანწიშვილი და კიდევ ერთი ადამიანი, ევა შაშიაშვილი, თავადაც ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობით, შშმ შვილზე ერთადერთი მზრუნველი ქალი, რომელიც წინასაახალწლოდ გამოუშვეს საგანგებოდ დანიშნულ სხდომაზე.
ორი ბრალდებული დაკავებული არ არის და მიმალვაშია — გდდ-ს ყოფილი მაღალჩინოსანი ირაკლი შაიშმელაშვილი და კიდევ ერთი მოქალაქე, ანტონ უპერი, რომელთაც ბრალი დაუსწრებლად წარედგინათ და დაუსწრებლად შეეფარდათ პატიმრობა.
25 დეკემბერს დააკავეს თავდაცვის ყოფილი მინისტრი ბაჩო ახალაია. მას 4 ოქტომბრის პროტესტთან დაკავშირებით „ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ხელმძღვანელობას“ ედავებიან, რაც სასჯელის სახით 9 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.








