საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ამბობს, რომ არასდროს უთქვამს უარი ქართული წარმომავლობის ადამიანებისთვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭებაზე, თუმცა ის დამოკიდებული იყო კომისიის გადაწყვეტილებაზე.

„საქართველოში მცხოვრები ფერეიდნელი ქართველები წლების განმავლობაში გთხოვდნენ თქვენ მოქალაქეობის მინიჭებას და თქვენ კი უარით ისტუმრებდით. რატომ აკეთებდით ამას?“ — ჰკითხეს სალომე ზურაბიშვილს სოციალურ ქსელში კითხვა-პასუხისას.

ზურაბიშვილმა უპასუხა, რომ არცერთი ქართველისთვის — იქნებოდა ეს ფერეიდნელი თუ სხვა — მოქალაქეობის მინიჭებაზე უარი არასდროს უთქვამს.

„მაგრამ მე არ მქონდა იმის ბერკეტი, რომ ჩემით გადამეწყვიტა. მე ვიყავი დამოკიდებული კომისიაზე, სადაც მე მხოლოდ ორი ხმა მქონდა და სადაც მე არც უმრავლესობა მქონდა და არც იმის საშუალება, რომ გადამეხედა კომისიის გადაწყვეტილებისთვის. მუდმივად, პირველი დღიდან ვთხოვდი იუსტიციის სამინისტროს, რომ ან ჩემთვის გადმოეცათ იმისი უფლება, რომ მე მქონოდა ბოლო სიტყვა კომისიის გადაწყვეტილების შემდეგ, ანდა შეეცვალათ იმ წერილის ტერმინები, რომლითაც აცნობდნენ ადამიანებს, რომ არ ეძლეოდათ მათ მოქალაქეობა და რაზეც მე უნდა მომეწერა ხელი. და იმ წერილში იყო ნათქვამი, რომ პრეზიდენტთან გადაიგზავნა ეს გადაწყვეტილება საბოლოო გადაწყვეტილებისთვის. რაც იყო ტყუილი და რაც ვერ შევცვალე ექვსი წლის მანძილზე. რეალობა ის არის, რომ ჩემს ხელში არ იყო მოქალაქეობის მინიჭება და ამას მე ძალიან ვწუხვარ ყველა იმ ადამიანის გამო, ვინც ვერ მიიღო იმ დროს მოქალაქეობა“, — განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

მისი თქმით, საქართველოს უდგას დიდი დემოგრაფიული კრიზისი და ამის გარეშეც ქვეყანას სჭირდება თავისი ადამიანური რესურსების გამოყენება და მოქალაქეობის აღდგენა ეთნიკური ქართველებისთვის, ვინც მოქალაქეობა სხვადასხვა მიზეზით დაკარგეს.

საქართველოს მოქალაქეობის ნატურალიზაციით მოპოვებისა და საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნების საკითხებზე განცხადებას განიხილავს იუსტიციის სამინისტროს სერვისების განვითარების სააგენტო კომისიის დახმარებით. კომისია შედგება 6 წევრისაგან, რომლებსაც ნიშნავს სააგენტოს თავმჯდომარე. კომისიის 2 წევრი (მათ შორის, კომისიის თავმჯდომარე) ინიშნება სააგენტოს თანამშრომლებისაგან, 2 წევრი − საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის და 2 წევრი − საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის მოსამსახურეებისაგან, ამ უწყებების წარდგინებით. ხმების გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტია თავმჯდომარის ხმა.

სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მოპოვების შემთხვევაში პირისათვის საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნებაზე თანხმობის გაცემის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს პრეზიდენტი ამ კანონით დადგენილი წესით.

საქართველოს მოქალაქეობის ჩვეულებრივი წესით მინიჭების ან მინიჭებაზე უარის თქმის თაობაზე, საქართველოს მოქალაქეობის გამარტივებული წესით მინიჭების ან მინიჭებაზე უარის თქმის თაობაზე, საქართველოს მოქალაქეობის საგამონაკლისო წესით მინიჭების ან მინიჭებაზე უარის თქმის თაობაზე, საქართველოს მოქალაქეობის აღდგენის წესით მინიჭების ან მინიჭებაზე უარის თქმის თაობაზე, საქართველოს მოქალაქეობის სპეციალური წესით მინიჭების ან მინიჭებაზე უარის თქმის თაობაზე, საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნების თაობაზე და საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტის თაობაზე სააგენტოს დასკვნები საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად ეგზავნება საქართველოს პრეზიდენტს.

თუ სააგენტოსთვის საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვის შესახებ წარდგინების გარეშე გახდება ცნობილი საქართველოს მოქალაქის მიერ საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვის საფუძვლის არსებობა, სააგენტო განიხილავს საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვის საკითხს და შესაბამის მასალებს წარუდგენს საქართველოს პრეზიდენტს.