პროკურატურის განცხადებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლისა და მისი თანმხლები პირების მიერ განხორციელებული ჯგუფური ძალადობის ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს.
პროკურატურის თანახმად, 2026 წლის 19 იანვარს ტყიბულის მუნიციპალიტეტში მდებარე ერთ-ერთ რესტორანში შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელმა და მისმა თანმხლებმა ორმა პირმა ჯგუფურად იძალადეს და ურთიერთშელაპარაკებისას სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს ამავე რესტორანში მყოფ შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ორ თანამშრომელს და მათ თანმხლებ პირს.
„საქმეზე დათვალიერებულია შემთხვევის ადგილი და გამოიკითხნენ თვითმხილველი პირები. ასევე, ამოღებულია საქმესთან შემხებლობაში მყოფი ნივთიერი მტკიცებულებები, გამოთხოვილია ვიდეოჩანაწერები და დანიშნულია სამედიცინო ექსპერტიზები. სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება“, — ნათქვამია პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს, რაც ორი ან მეტი პირის მიმართ ჯგუფური ძალადობას გულისხმობს.
