„ქართული ოცნების“ მთავრობამ „ტავ ჯორჯიას“ თბილისის აეროპორტის მართვის ხელშეკრულება 5 წლით, 2031 წლამდე გაუხანგრძლივა.
ფრანგული საავიაციო ჯგუფი Groupe ADP, რომელიც საერთაშორისო აეროპორტების ერთ-ერთი უმსხვილესი ოპერატორია მსოფლიო ბაზარზე, თბილისის აეროპორტის განვითარების მომდევნო ეტაპის ფარგლებში დაახლოებით 150 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიციას განახორციელებს.
ეკონომიკის სამინისტროს ცნობით, საქართველოს აეროპორტების გაერთიანების მიერ გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, Groupe ADP, რომლის მფლობელობაშიც არის თბილისის საერთაშორისო აეროპორტის მმართველი კომპანია „ტავ ჯორჯია“, აეროპორტის ოპერირებას მომავალი ხუთი წლის განმავლობაში განახლებული პირობებით გააგრძელებს და Groupe ADP აეროპორტის გაფართოებისთვის 150 მლნ აშშ დოლარის ინვესტიციას განახორციელებს.
„ხელშეკრულების ფარგლებში, Groupe ADP-ის მფლობელობაში არსებული კომპანია TAV აეროპორტის მართვას დამატებით 5 წლით, 2031 წლის ბოლომდე, ვაზიანში თბილისის ახალი საერთაშორისო აეროპორტის მშენებლობის დასრულებამდე უზრუნველყოფს. აეროპორტის გაფართოებისთვის განხორციელდება 150 მილიონი დოლარის ინვესტიცია, რაც მის გამტარუნარიანობას მნიშვნელოვნად გაზრდის და ამასთან ერთად, მგზავრთა მომსახურების ხარისხს მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს. ინვესტიცია უზრუნველყოფს მგზავრთნაკადის გაზრდას, სერვისების უწყვეტ გაუმჯობესებას, მგზავრებისთვის კომფორტული და უსაფრთხო გარემოს შექმნას, სწრაფ და ეფექტიან ოპერაციულ პროცესებს და თანამედროვე, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი სამგზავრო გამოცდილების დანერგვას“, — განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ეკონომიკის სამინისტროს ცნობით, საქართველოს აეროპორტების გაერთიანებასა და „ტავ ჯორჯიას“ შორის გაფორმებული ხელშეკრულება, რომელსაც ხელი მოაწერეს აეროპორტების გაერთიანების გენერალურმა დირექტორმა, ლევან მოსეშვილმა და „ტავ ჯორჯიას“ გენერალურმა მენეჯერმა, თეა ზაქარაძემ, თბილისის საერთაშორისო აეროპორტის ინფრასტრუქტურული გაფართოებისა და ოპერაციული განვითარების ძირითად ასპექტებს განსაზღვრავს, რაც 2031 წელს, ახალი საერთაშორისო აეროპორტის ამოქმედებამდე, ოპერირების განახლებული პირობებითა და გაუმჯობესებული მიდგომებით გაგრძელებას ითვალისწინებს.
„ინვესტიციის ფარგლებში განხორციელდება თბილისის საერთაშორისო აეროპორტის არსებული ტერმინალის მასშტაბური გაფართოება, რის შედეგადაც მისი საერთო მოცულობა დაახლოებით 50 პროცენტით გაიზრდება.
ხელშეკრულების შესაბამისად, აეროპორტების გაერთიანება მიიღებს პროექტის ღირებულების საავანსო თანხას — დამატებით 25 მილიონ აშშ დოლარს, ხოლო თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან მიღებული წლიური შემოსავალი სამჯერ გაიზრდება არსებულ მაჩვენებელთან შედარებით“, — ნათქვამია ეკონომიკის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.





