თბილისის საქალაქო სასამართლოში 4 ოქტომბრის საქმეთა განხილვა გრძელდება. დღეს, 13 იანვარს, 12-პირიანი პროცესი მიმდინარეობს: აბო ნავერიანის, ვახტანგ ფიცხელაურის, გურიელ ქარდავას, ალექსანდრე ხაბეიშვილის, ბექა ქელეხსაშვილის, ნანა სანდერის, მამუკა ლაბუჩიძის, გიორგი მულაძის, მარიამ მეყანწიშვილის, ავთანდილ სურმანიძის, ანტონ უპერისა და თემურ ქურციკიძის.
სხდომის გახსნისთანავე ნანა სანდერმა სიტყვა ითხოვა და ისაუბრა არასათანადო მოპყრობის შესახებ ციხეში, ასევე თავისი ჯანმრთელობის მდგომარეობაზე, რასაც ქიმიურ მოწამვლას უკავშირებს ნოემბერ-დეკემბრის აქციებზე.
„ციხეში მისვლის წუთებიდან განხორციელდა სისხლის სამართლის დანაშაული. მთხოვდნენ გაშიშვლებას, რაც არის უკანონო მოთხოვნა, გერმანული გვარისთვის მეძახდნენ ფაშისტს, მეძახდნენ მოღალატეს, რატომ წაეთრიეო, რისთვის ჩამოხვედიო.
მე შარშან, 24 ნოემბერს ჩამოვედი ქართველი ხალხის ხმის უფლების დასაცავად, რადგან გაყალბდა არჩევნები და საზღვარგარეთ მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს არ მიეცათ ხმის მიცემის უფლება. დაირღვა გამჭვირვალობის პრინციპი. ეს მთავრობა არის არალეგიტიმური, აღმასრულებელი ორგანო არის მიტაცებული. ქართველების ხმის და ჩემი ხმის დასაცავად ჩამოვედი საქართველოში. შემდეგ, 28 ნოემბერს ევროპული მომავლის დასაცავად ვიდექი აქციებზე. ნოემბერ-დეკემბრის სისხლიან აქციებზე, სადაც ხორციელდებოდა ტერორი, მათ შორის ჩემზე. წამაქციეს პოლიციელებმა, უფრო სწორად, პოლიციის ფორმიანებმა. ჩამარტყეს ყელში წიხლი.
როგორც დანარჩენ მოქალაქეებზე, ჩემზეც გამოიყენეს ქიმიური იარაღი, რადგან ძირითადად წინა რიგებში ვიდექი და რასაც ახლა ვისმენ, რა სიმპტომები აქვთ ამ ადამიანებს, იგივე მაქვს მეც. უსწრაფესად გამიუარესდა მხედველობა, გულის პრობლემები, სახსრების. აქამდე აუხსნელი იყო, ვერ ვხვდებოდი, რას უკავშირდებოდა ზურგის, წელის ტკივილები. პლუს D ვიტამინის ნაკლებობა მაქვს. ციხეში მიყვანიდან ერთ საათში იცოდნენ, რომ მქონდა ნაკლებობა. იცოდნენ, რომ ვცხოვრობ ვეგანურად. მაგრამ მეოთხე თვეა, მე D ვიტამინიც კი არ მიმიღია, არანაირი მკურნალობა არ ჩამტარებია. სახსრების, წელის, ზურგის ტკივილი, გულის უკმარისობა, თუ არ ვიცი, რა არის, კარდიოგრამაც კი არ გადამიღეს. 8 საათი მიწევდა ციხის ლეიბზე წოლა. ეს იყო ტანჯვა, ამ ტკივილის ატანა არის ტანჯვა. ტანჯვის ატანა, განვითარებულ ქვეყანაში, როგორიც გერმანიაა, აქ არ ვიცი, რა ხდება, არის წამება. ახლა უკვე 14 საათი მძინავს ტკივილში. ამას ემატება ყოველდღიურად გაუარესებული გულის პრობლემები.
დეკემბრის შუა რიცხვებში მომატყუა ექიმმა და მომიტანა არავეგანური წამალი. ექიმისვე ვარაუდით, ყბა მივარდება სახსრიდან. ამას დაემატა იანვრის დასაწყისიდან, რომ დამისივდა ყბა და არ ვიცოდი, საიდან გამომდინარეობდა. არც რენტგენი, დამინიშნეს ანტიბიოტიკი. გაფუჭებულია რენტგენიო. ოქტომბრის შუა რიცხვებიდან თითები დამიავადდა, შვიდი თითი მასკდება. ნოემბრის შუა რიცხვებიდან ვითხოვ დერმატოლოგს.
დავასრულე ციხის დირექტორთან და ექიმებთან ლაპარაკი. კი, ჯანმრთელობადაზიანებული შევედი. მე ერთადერთი არ ვარ, ათასობით ადამიანი დააზიანეს ქიმიური იარაღით. მაგრამ თუ დღესვე არ გამათავისუფლებთ, ვიწყებ შიმშილობას, ყოველგვარი მედიკამენტების გარეშე“, — განაცხადა ნანა სანდერმა.
ადვოკატების თქმით, ნანა სანდერის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია აქამდე მათთვის უცნობი იყო, რადგან ციხეში დაცვის სტრატეგიაზე საუბრობდნენ და ნანას, მათი თქმით, ერიდებოდა მათთან ჯანმრთელობაზე საუბარი. ისინი მოიპოვებენ მტკიცებულებებს ნანა სანდერის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით, რაც მისცემს ადვოკატებს საშუალებას, რომ მომდევნო სხდომაზე დააყენონ შუამდგომლობა აღკვეთის ღონისძიების გადახედვის შესახებ ნანა სანდერთან დაკავშირებით.
