ახალი ამბები

„ოცნებამ“ I მოსმენით მიიღო ცვლილებები, რომლითაც ტროტუარზე შეკრებასაც ზღუდავს

9 დეკემბერი, 2025 •
„ოცნებამ“ I მოსმენით მიიღო ცვლილებები, რომლითაც ტროტუარზე შეკრებასაც ზღუდავს

„ქართული ოცნების“ პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო საკანონმდებლო ცვლილებები, რომლითაც , შეკრება-მანიფესტაციის წესებს კიდევ უფრო ამკაცრებს და ამჯერად  ხალხის სავალ ადგილზე შეკრებასაც ზღუდავს.

ცვლილებებს რეპრესიულად აფასებს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია და აცხადებს, რომ ეს არის შეკრების თავისუფლებაზე არაკონსტიტუციური შეტევა. საიას განცხადებით, „ქართული ოცნება“ შეკრების თავისუფლების ფაქტობრივ გაუქმებას ცდილობს.

გამკაცრებული წესის  მიხედვით, იმისათვის, რომ შეკრება ან მანიფესტაცია ხალხის სავალ ადგილას გაიმართოს, შინაგან საქმეთა სამინისტროს წინასწარი ნებართვაა საჭირო.

სავალდებულო ხდება, რომ შსს შეკრება-მანიფესტაციის გამართვამდე 5 დღით ადრე გააფრთხილონ. თუ შსს გადაწყვეტს,  უფლებამოსილება ექნება, რომ აქციის მონაწილეებს ალტერნატიული დრო და ადგილი შესთავაზოს.

ამასთან, კანონპროექტით გათვალისწინებული ნორმების დარღვევის შემთხვევაში, პირველივე ჯერზე  ადმინისტრაციული პატიმრობაა გათვალისწინებული, გარდა გამონაკლისი შემთხვევებისა.

კანონპროექტის ავტორები არიან „ქართული ოცნების“ პარლამენტის წევრები:  არჩილ გორდულაძე, თორნიკე ჭეიშვილი, დავით მათიკაშვილი, რატი იონათამიშვილი, ალექსანდრე ტაბატაძე, ალუდა ღუდუშაური, აკაკი ალადაშვილი, თენგიზ შარმანაშვილი, გურამ მაჭარაშვილი.

„ქართული ოცნება“ ცვლილებებს დაჩქარებული წესით განიხილავს, რაც იმას ნიშნავს, რომ რამდენიმე დღეში მიიღებს.

რას იცვლება „ოცნების“ მორიგი რეპრესიული კანონპროექტით

  • არსებულ მოწესრიგებას ემატება შინაგან საქმეთა სამინისტროს გაფრთხილების ვალდებულება იმ შემთხვევაშიც, თუ შეკრება “ხალხის სავალ ადგილას” იმართება. (მოქმედი რედაქციით გაფრთხილების ვალდებულება არსებობდა მხოლოდ ტრანსპორტის სავალ ადგილას იმართებოდა. ასევე, გაფრთხილება მოქმედი რედაქციით მიემართება არა შსს-ს, არამედ მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოს).
  • გაფრთხილების წარდგენის ვადა კვლავ შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარებამდე არაუგვიანეს 5 დღეა. კვლავ ძალაში რჩება სპონტანური შეკრების/მანიფესტაციის შემთხვევაში გაფრთხილების ვალდებულება, რომელიც შესაძლოა ხუთდღიანი ვადის დაუცველად იქნეს შეტანილი (ასეთ შემთხვევაში, გაფრთხილება უნდა იქნას შეტანილი დაუყოვნებლივ, გონივრულ ვადაში, მას შემდეგ, რაც პასუხისმგებელი პირისთვის ცნობილი გახდება სპონტანური შეკრების/მანიფესტაციის ორგანიზების/ჩატარების შესახებ ინფორმაცია.) ამ შემთხვევაშიც, იცვლება გაფრთხილების ადრესატი და ის შსს იქნება.
  • საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო უფლებამოსილი იქნება გაფრთხილების მიღებიდან 3 დღის განმავლობაში (ან სპონტანური შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარებისას, ჩატარების ადგილზე) განიხილოს შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარების ადგილის ან/და დროის, სვლაგეზის შეცვლის მიზანშეწონილობის საკითხი და წერილობით ან კომუნიკაციის სხვა საშუალებით მისცეს მათ შესასრულებლად სავალდებულო მითითება ამის შესახებ. (აქამდე მოქმედი რედაქციით მუნიციპალიტეტს შეეძლო გაეცა რეკომენდაცია შეკრების ან მანიფესტაციის ადგილის ან დროის ცვლილების შესახებ, თუმცა სავალდებულო არ იყო. ასევე, ასეთი რეკომენდაციის გაცემის საფუძვლებს წარმოადგენდა ა. საწარმოების, ორგანიზაციების და დაწესებულებების ნორმალური ფუნქციონირებისთვის საფრთხის შექმნა და ბ. იმავე ადგილას სხვა აქციის ჩატარების დაგეგმვა. კანონპროექტით ამ საფუძვლებს ასევე ემატება სატრანსპორტო საშუალებების, ხალხის შეუფერხებელ გადაადგილებისთვის, ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებებისთვის ან მართლწესრიგისთვის საფრთხის შექმნა.)
  • ცვლილებების მიხედვით, შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეთა მიერ ხალხის სავალი ნაწილის ნაწილობრივ ან სრულად გადაკეტვის შემთხვევაში შსს უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება ხალხის სავალი ნაწილის გახსნის ან/და ხალხის მოძრაობის აღდგენის შესახებ, თუ შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეთა რაოდენობის გათვალისწინებით შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარება სხვაგვარად შესაძლებელია. (აქამდე აღნიშნული წესი მხოლოდ ტრანსპორტის სავალ ნაწილზე ვრცელდებოდა.)
  • იკრძალება ხალხის სავალი ნაწილის ხელოვნურად გადაკეტვა, თუ ამას არ მოითხოვს შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეთა რაოდენობა (აღნიშნული შეზღუდვა აქამდე მხოლოდ ტრანსპორტის სავალ ნაწილზე ვრცელდებოდა).
  • ხალხის სავალი ნაწილის მასობრივად გადაკეტვის შემთხვევაში, შსს უფლებამოსილი იქნება მიმართოს შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეებს ან/და ორგანიზატორს და გააფრთხილოს ისინი იმის თაობაზე, რომ თუ მასობრივად გადაკეტილი ტრანსპორტის ან ხალხის სავალი ნაწილი უახლოესი 15 წუთის განმავლობაში არ გაიხსნა, მთლიანი შეკრება ან მანიფესტაცია უკანონოდ ჩაითვლება, მიღებული იქნება გადაწყვეტილება შეკრების ან მანიფესტაციის შეწყვეტის შესახებ.
  • ასევე მოწესრიგების მიხედვით, შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილისათვის კანონის დარღვევის შესაწყვეტად 15 წუთის მიცემა არ გულისხმობს იმას, რომ თუ ეს მონაწილე ამ 15 წუთის განმავლობაში კანონის დარღვევას შეწყვეტს, მას ეს კანონდარღვევა არ ჩაუდენია.
  • ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 174 პრიმა მუხლში შეტანილი ცვლილებების მიხედვით, ხალხის სავალი ნაწილის გადაკეტვა, ასევე ადგილის ან/და დროის, სვლაგეზის შეცვლის შესახებ შსს-ს მითითების შეუსრულებლობა გამოიწვევს ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით (ორგანიზატორის შემთხვევაში 20 დღემდე ვადით).
  • ეს ნიშნავს, რომ სისხლის სამართლის კოდექსის 347-ე მუხლის შესაბამისად, ამ ქმედებისთვის სახდელდადებული პირის მიერ იმავე ქმედების ჩადენა სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას გამოიწვევს (თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე).

ამ თემაზე:

მასალების გადაბეჭდვის წესი