„ქართული ოცნება“ შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ კანონს მორიგ ჯერზე ამკაცრებს და ამჯერად ხალხის სავალ ნაწილზე შეკრებას ზღუდავს.
გამკაცრებული წესის მიხედვით, იმისათვის, რომ შეკრება ან მანიფესტაცია ხალხის სავალ ადგილას გაიმართოს, შინაგან საქმეთა სამინისტროს წინასწარი ნებართვაა საჭირო.
სავალდებულო ხდება, რომ შსს შეკრება-მანიფესტაციის გამართვამდე 5 დღით ადრე გააფრთხილონ. თუ შსს გადაწყვეტს, უფლებამოსილება ექნება, რომ აქციის მონაწილეებს ალტერნატიული დრო და ადგილი შესთავაზოს.
ამასთან, კანონპროექტით გათვალისწინებული ნორმების დარღვევის შემთხვევაში, პირველივე ჯერზე ადმინისტრაციული პატიმრობაა გათვალისწინებული, გარდა გამონაკლისი შემთხვევებისა.
კანონპროექტის ავტორები არიან „ქართული ოცნების“ პარლამენტის წევრები: არჩილ გორდულაძე, თორნიკე ჭეიშვილი, დავით მათიკაშვილი, რატი იონათამიშვილი, ალექსანდრე ტაბატაძე, ალუდა ღუდუშაური, აკაკი ალადაშვილი, თენგიზ შარმანაშვილი, გურამ მაჭარაშვილი.
„ქართული ოცნება“ ცვლილებებს დაჩქარებული წესით განიხილავს, რაც იმას ნიშნავს, რომ რამდენიმე დღეში მიიღებს.
„ქართული ოცნების“ კანონპროექტის მიხედვით:
- აუცილებელია შინაგან საქმეთა სამინისტროს წინასწარი გაფრთხილება, თუ შეკრება ან მანიფესტაცია ხალხის ან ტრანსპორტის სავალ ადგილას იმართება, ან ტრანსპორტის, ხალხის მოძრაობას აფერხებს;
- სავალდებულოა, შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარების ადგილის მიხედვით საპატრულო პოლიციის დეპარტამენტში პასუხისმგებელი პირის მიერ შეტანილ იქნეს სათანადო, ხელმოწერილი გაფრთხილება;
- შინაგან საქმეთა სამინისტრო ვალდებულია გონივრულ ვადაში საჯაროდ გამოაქვეყნოს გაფრთხილება, ასევე არასპონტანური შეკრების ან მანიფესტაციის შემთხვევაში შეთავაზებული ალტერნატიული დრო ან/და ადგილი ან სვლაგეზი, თუ ასეთი შეთავაზების შესახებ გადაწყვეტილება მიიღო;
- გაფრთხილება შეკრების ან მანიფესტაციის ორგანიზებისა და ჩატარების შესახებ საპატრულო პოლიციის დეპარტამენტში შეტანილი უნდა იქნეს თითოეული შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარებამდე არაუგვიანეს 5 დღისა;
- სპონტანური შეკრების/მანიფესტაციის ორგანიზების/ჩატარების შემთხვევაში დასაშვებია, გაფრთხილება საპატრულო პოლიციის დეპარტამენტში 5-დღიანი ვადის დაუცველად იქნეს შეტანილი – „ამ შემთხვევაში განცხადება წარდგენილი უნდა იქნეს დაუყოვნებლივ, გონივრულ ვადაში, მას შემდეგ, რაც პასუხისმგებელი პირისთვის ცნობილი გახდება სპონტანური შეკრების/მანიფესტაციის ორგანიზების/ჩატარების შესახებ ინფორმაცია. ასეთ შემთხვევაში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ შეიძლება განსაზღვროს გაფრთხილების შეტანის განსხვავებული ფორმა და წესი;
- შინაგან საქმეთა სამინისტრო უფლებამოსილია გაფრთხილების მიღებიდან 3 დღის განმავლობაში ან სპონტანური შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარებისას ადგილზე განიხილოს ადგილის ან/და დროის, სვლაგეზის შეცვლის მიზანშეწონილობის საკითხი და წერილობით ან კომუნიკაციის სხვა საშუალებით, ხოლო სპონტანური შეკრების ან მანიფესტაციის შემთხვევაში ზეპირად მისცეს მათ შესასრულებლად სავალდებულო მითითება ამის შესახებ, თუ:ა) შეკრება ან მანიფესტაცია რეალურ საფრთხეს უქმნის საზოგადოებრივ უსაფრთხოებას, მართლწესრიგს, საწარმოების, დაწესებულებებისა და ორგანიზაციების ნორმალურ ფუნქციონირებას, სატრანსპორტო საშუალებების, ხალხის შეუფერხებელ გადაადგილებას ან ადამიანის უფლებებსა და თავისუფლებებს;ბ) სხვა აქციის (რომელზედაც გაფრთხილება უფრო ადრე იქნა შეტანილი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში) ჩატარება დაგეგმილია იმავე ადგილზე და იმავე დროს.
- შინაგან საქმეთა სამინისტრო საჭიროების შემთხვევაში გამოყოფს უფლებამოსილ წარმომადგენელს.
- სავალდებულო მითითებით შეიძლება განისაზღვროს შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარების ალტერნატიული დრო ან/და ადგილი, ასევე ალტერნატიული სვლაგეზი.
- შეკრება ან მანიფესტაცია ტარდება იმავე პუნქტით გათვალისწინებული სავალდებულო მითითებით განსაზღვრული ალტერნატიული დროის ან/და ადგილის, ასევე ალტერნატიული სვლაგეზის შესაბამისად;
- გათვალისწინებული სავალდებულო მითითება შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში. გასაჩივრება არ აჩერებს ამ მითითების მოქმედებას;
- შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეთა მიერ ტრანსპორტის ან ხალხის სავალი ნაწილის ნაწილობრივ ან სრულად გადაკეტვის შემთხვევაში შინაგან საქმეთა სამინისტრო უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება ტრანსპორტის ან ხალხის სავალი ნაწილის გახსნის ან/და ტრანსპორტის, ხალხის მოძრაობის აღდგენის შესახებ, თუ შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეთა რაოდენობის გათვალისწინებით შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარება სხვაგვარად შესაძლებელია;
- დაუშვებელია ტრანსპორტის ან ხალხის სავალი ნაწილის ხელოვნურად გადაკეტვა, თუ ამას არ მოითხოვს შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეთა რაოდენობა. აგრეთვე დაუშვებელია ტრანსპორტის ან ხალხის სავალი ნაწილის ავტომანქანებით, სხვადასხვა კონსტრუქციებით ან/და საგნებით გადაკეტვა;
- შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეთა რაოდენობიდან გამომდინარე, ტრანსპორტის ან ხალხის სავალი ნაწილის გადაკეტვის აუცილებლობის შემთხვევაში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ვალდებულია უზრუნველყოს მათი უსაფრთხოება და ტრანსპორტის, ხალხის სავალი ალტერნატიული მარშრუტის განსაზღვრა;
- ტრანსპორტის ან ხალხის სავალი ნაწილის მასობრივად გადაკეტვის შემთხვევაში შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი მოსამსახურე უფლებამოსილია მიმართოს შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეებს ან/და ორგანიზატორს და გააფრთხილოს ისინი. თუ ტრანსპორტის ან ხალხის სავალი ნაწილი უახლოესი 15 წუთის განმავლობაში არ გაიხსნა, მთლიანი შეკრება ან მანიფესტაცია უკანონოდ ჩაითვლება. ამ შემთხვევაში შინაგან საქმეთა სამინისტრო უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება შეკრების ან მანიფესტაციის შეწყვეტის შესახებ;
- შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილისათვის კანონის დარღვევის შესაწყვეტად 15 წუთის მიცემა არ გულისხმობს იმას, რომ თუ ეს მონაწილე ამ 15 წუთის განმავლობაში კანონის დარღვევას შეწყვეტს, მას ეს კანონდარღვევა არ ჩაუდენია.
გამკაცრებული კანონის დარღვევა გამოიწვევს ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით, სამართალდარღვევის საგნის კონფისკაციით, ხოლო თუ სამართალდამრღვევი ორგანიზატორია − ადმინისტრაციულ პატიმრობას 20 დღემდე ვადით, სამართალდარღვევის საგნის კონფისკაციით.
ხოლო თუ სამართალდამრღვევი ორსულ ქალი, 12 წლამდე ასაკის ბავშვის დედა, არასრულწლოვანი, მკვეთრად ან მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირია, დაეკისრება ჯარიმა 5 000 ლარის ოდენობით, ხოლო თუ იმავე შემთხვევაში სამართალდამრღვევი ორგანიზატორია − 15 000 ლარის ოდენობით.








