სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა BBC-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით გამოძიება ორი მუხლით დაიწყო.
სუს-ის განცხადებით, გამოძიების მიზანია, დეტალურად დადგინდეს, რა ინფორმაციას ეყრდნობოდა BBC-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის საფუძვლად გამოყენებული ადამიანების ინტერვიუები, მათ მიერ გახმოვანებული ცნობები და რამდენად რელევანტური შეიძლება იყოს ეს ინფორმაცია.
„დღეის მდგომარეობით, შემდგარ ფაქტად შეგვიძლია მივიჩნიოთ მხოლოდ ის, რომ ერთი მხრივ, გავრცელებული მასალა შეიცავს დანაშაულის ნიშნებს, რომელიც, დადასტურების შემთხვევაში, მიმართულია მოქალაქეთა სიცოცხლისა და ჯანმრთელობისაკენ, არსებითად არღვევს მათი და საზოგადოების კანონიერ ინტერესებს და, მეორე მხრივ, პირიქით, შეიცავს იმ დანაშაულის ნიშნებს, რომელიც უხეშად აზიანებს საქართველოს ეროვნულ ინტერესებს, მის საერთაშორისო იმიჯს, რეპუტაციას და მიმართულია სახელმწიფო ინტერესების ხელყოფისაკენ.
შესაბამისად, გამოძიება დავიწყეთ სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლით, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას, და 319-ე მუხლით, რაც უცხოეთის ორგანიზაციისთვის მტრულ საქმიანობაში დახმარებას გულისხმობს“, — ნათქვამია უწყების განცხადებაში.
BBC-ის მიერ მოპოვებული მტკიცებულებების თანახმად, გასულ წელს საქართველოს ხელისუფლებამ ანტისამთავრობო მომიტინგეების წინააღმდეგ გამოიყენა პირველი მსოფლიო ომის ეპოქის ქიმიური იარაღი — ბრომობენზილის ციანიდი, რომელიც ასევე ცნობილია როგორც კამიტი (camite). „ქართული ოცნება” ამ ცნობას აბსურდს უწოდებს და BBC-ის სასამართლოში ჩივილით ემუქრება.
BBC-ის გამოძიება: ქართველ დემონსტრანტებს I მსოფლიო ომის დროინდელი ნივთიერება შეასხეს








