ბაქოში 7 ნოემბრის მსვლელობის ორი მონაწილე, აბდულა იბრაჰიმლი და იბრაჰიმ ასადლი “საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევის” ბრალდებით დააკავეს. დაკავებულებს ბრალი ედებათ მასობრივი წესრიგის დამრღვევი ქმედებების ორგანიზებასა და მონაწილეობაში, მიუხედავად იმისა, რომ მსვლელობაში მხოლოდ 7-8 ადამიანი მონაწილეობდა.
აბდულა იბრაჰიმლი და იბრაჰიმ ასადლი 25 ნოემბერს დააკავეს 7 ნოემბერს გამართული მცირე მსვლელობის შემდეგ, სადაც მონაწილეებს СССР-ისა და აზერბაიჯანის სსრ-ის დროშები ეკავათ.
გამოძიების ინფორმაციით, დაკავებულები ოფისს ქირაობდნენ და „კომუნისტური იდეოლოგიის პროპაგანდის მიზნით“ პერიოდულად მართავდნენ შეხვედრებს.
“ჩხრეკისას ამოღებულია დროშები და მემარცხენე იდეოლოგიურ წიგნებად მოხსენიებული მასალები”.
ნიზამის რაიონულმა სასამართლომ იბრაჰიმლისა და ასადლის 3-თვიანი წინასწარ პატიმრობა შეუფარდა.
როგორც გამოცემა “კავკაზსკი უზელი” წერს, იურისტებისა და აქტივისტების ნაწილი ეჭვქვეშ აყენებს მძიმე ბრალდების საფუძვლიანობას. მათი თქმით, აღნიშნული მუხლი ჩვეულებრივ გამოიყენება მასშტაბური, არაკოორდინირებული აქციების შემთხვევაში, რომლებიც ქონების დაზიანებას იწვევს. მათივე თქმით, ამ შემთხვევაში საუბარია „მცირე და მშვიდობიან მსვლელობაზე“.
გამოცემის ცნობითვე, ეს უკვე მეორე შემთხვევაა 2025 წელს, როცა აზერბაიჯანში მცირე მასშტაბის, არაპოლიტიკური ან ნაკლებად პოლიტიზებული ღონისძიების მონაწილეების მიმართ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა.







