Reuters აქვეყნებს აშშ-ის 28-პუნქტიანი სამშვიდობო გეგმის პროექტზე ევროპის საპასუხო წინადადების ტექსტს.
საპასუხო წინადადება მომზადდა ევროპის „E3“-ის (გაერთიანებული სამეფო, საფრანგეთი და გერმანია) მიერ. ის საფუძვლად იღებს აშშ-ის გეგმას, თუმცა პუნქტობრივად ცვლის მას.
E3-ის გეგმის თანახმად:
- უკრაინის სუვერენიტეტი ხელახლა უნდა დადასტურდეს.
- მიღწეული იქნება სრული და ყოვლისმომცველი თავდაუსხმელობის შეთანხმება რუსეთს, უკრაინასა და ნატოს შორის. ბოლო 30 წლის განმავლობაში არსებული ყველა ბუნდოვანება გადაიჭრება.
- (ამოღებულია აშშ-ის გეგმის მე-3 პუნქტი, რომელიც ამბობდა: „მოლოდინია, რომ რუსეთი არ შეიჭრება მეზობელ ქვეყნებში და ნატო აღარ გაფართოვდება“).
- სამშვიდობო შეთანხმების ხელმოწერის შემდეგ, გაიმართება დიალოგი რუსეთსა და ნატოს შორის უსაფრთხოების ყველა საკითხის განსახილველად და დეესკალაციის გარემოს შესაქმნელად, რათა უზრუნველყოფილი იყოს გლობალური უსაფრთხოება და გაიზარდოს კავშირებისა და მომავალი ეკონომიკური შესაძლებლობების პერსპექტივა.
- უკრაინა მიიღებს უსაფრთხოების მყარ გარანტიებს.
- მშვიდობიან პერიოდში უკრაინის სამხედრო ძალების ზომა 800 000-ით შეიზღუდება (სხვადასხვა მონაცემებით, უკრაინის არმიის აქტიური შემადგენლობა დაახლოებით ამჟამად 880 000-დან 980 000-მდე სამხედრო მოსამსახურეს ითვლის. სრულმასშტაბიანი ომის დაწყებამდე 250 000 იყო. აშშ-ის გეგმა გულისხმობს შეზღუდვას 600 000 სამხედრო მოსამსახურემდე — ნეტგაზეთი).
- უკრაინის ნატოში გაწევრიანება დამოკიდებულია ნატოს წევრების კონსენსუსზე, რაც არ არსებობს;
- ნატო თანხმდება, რომ მშვიდობიან პერიოდში არ განათავსებს მუდმივად თავის დაქვემდებარებაში მყოფ ჯარებს უკრაინაში.
- ნატოს გამანადგურებელი თვითმფრინავები განთავსდება პოლონეთში.
- აშშ-ის გარანტია, რომელიც მე-5 მუხლის ანალოგიურია:
ა. აშშ მიიღებს კომპენსაციას ამ გარანტიისთვის.
ბ. თუ უკრაინა შეიჭრება რუსეთში, ის კარგავს ამ გარანტიას.
გ. თუ რუსეთი შეიჭრება უკრაინაში, ძლიერი კოორდინირებულ სამხედრო პასუხთან ერთად, აღდგება ყველა გლობალური სანქცია და გაუქმდება ახალი ტერიტორიის ნებისმიერი სახის აღიარება და ამ შეთანხმებიდან გამომდინარე ყველა სხვა სარგებელი; - უკრაინა უფლებამოსილია, გახდეს ევროკავშირის წევრი და მიიღებს მოკლევადიან პრივილეგირებულ წვდომას ევროპულ ბაზარზე, სანამ მიმდინარეობს ამ საკითხის შეფასება.
- უკრაინის განვითარების მყარი გლობალური პაკეტი, რომელიც მოიცავს (მაგრამ არ შემოიფარგლება):
ა. უკრაინის განვითარების ფონდის შექმნას მაღალი ზრდის მქონე დარგებში ინვესტირებისთვის, მათ შორის ტექნოლოგიებში, მონაცემთა ცენტრებსა და ხელოვნურ ინტელექტში.
ბ. შეერთებული შტატები ითანამშრომლებს უკრაინასთან, რათა ერთობლივად აღადგინონ, განავითარონ, განაახლონ და მართონ უკრაინის გაზის ინფრასტრუქტურა, რაც მოიცავს მის მილსადენსა და საცავ ობიექტებს.
გ. ერთობლივ ძალისხმევას ომით დაზარალებული ტერიტორიების ხელახალი განვითარებისთვის, ქალაქებისა და საცხოვრებელი ზონების აღდგენის, განაშენიანებისა და მოდერნიზაციის მიზნით.
დ. ინფრასტრუქტურის განვითარებას.
ე. მინერალებისა და ბუნებრივი რესურსების მოპოვებას.
ვ. მსოფლიო ბანკის მიერ სპეციალური დაფინანსების პაკეტი შემუშავებას ამ ძალისხმევის დასაჩქარებლად საჭირო ფინანსების უზრუნველსაყოფად; - რუსეთის ეტაპობრივი რეინტეგრაცია გლობალურ ეკონომიკაში:
ა. სანქციების შემსუბუქება განიხილება და შეთანხმდება ფაზებად და ინდივიდუალური შემთხვევების მიხედვით.
ბ. შეერთებული შტატები გააფორმებს გრძელვადიან ეკონომიკური თანამშრომლობის შეთანხმებას ორმხრივი განვითარებისთვის ისეთ სფეროებში, როგორიცაა ენერგეტიკა, ბუნებრივი რესურსები, ინფრასტრუქტურა, ხელოვნური ინტელექტი (AI), მონაცემთა ცენტრები, იშვიათი მიწის მეტალები, ერთობლივი პროექტები არქტიკაში, ასევე სხვადასხვა ურთიერთსასარგებლო კორპორაციული შესაძლებლობები.
გ. რუსეთი მიწვეული იქნება დიდ რვიანში დასაბრუნებლად; - უკრაინა სრულად აღდგება და მიიღებს ფინანსურ კომპენსაციას, მათ შორის რუსეთის იმ სუვერენული აქტივების მეშვეობით, რომლებიც გაყინული დარჩება მანამ, სანამ რუსეთი არ აანაზღაურებს უკრაინისთვის მიყენებულ ზარალს;
- შეიქმნება უსაფრთხოების ერთობლივი სამუშაო ჯგუფი აშშ-ის, უკრაინის, რუსეთისა და ევროპელების მონაწილეობით, რათა ხელი შეუწყონ და აღასრულონ ამ შეთანხმების ყველა დებულება;
- რუსეთი საკანონმდებლო დონეზე გაამყარებს ევროპისა და უკრაინის მიმართ თავდაუსხმელობის პოლიტიკას.
- შეერთებული შტატები და რუსეთი თანხმდებიან, გააგრძელონ ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობისა და კონტროლის შესახებ ხელშეკრულებები, მათ შორის „Fair Start“.
- უკრაინა თანახმაა, დარჩეს არაბირთვულ სახელმწიფოდ „ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის ხელშეკრულების“ (NPT) ფარგლებში.
- ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური მუშაობას განაახლებს ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IAEA) ზედამხედველობით, ხოლო გამომუშავებული ენერგია რუსეთსა და უკრაინას შორის სამართლიანად, 50/50-ზე განაწილდება.
- უკრაინა მიიღებს ევროკავშირის წესებს რელიგიური ტოლერანტობისა და ენობრივი უმცირესობების დაცვის შესახებ.
- ტერიტორიები:
უკრაინა იღებს ვალდებულებას, არ დაიბრუნოს თავისი ოკუპირებული სუვერენული ტერიტორიები სამხედრო გზით. მოლაპარაკებები ტერიტორიების გაცვლაზე დაიწყება შეხების ხაზიდან; - მას შემდეგ, რაც მომავალი ტერიტორიული მოწყობა შეთანხმდება, როგორც რუსეთის ფედერაცია, ისე უკრაინა ვალდებულებას იღებენ, არ შეცვალონ ეს შეთანხმებები ძალის გამოყენებით. უსაფრთხოების არცერთი გარანტია არ იმოქმედებს ამ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში.
- რუსეთმა ხელი არ უნდა შეუშალოს უკრაინის მიერ მდინარე დნეპრის გამოყენებას კომერციული საქმიანობისთვის, ხოლო შავი ზღვის გავლით მარცვლეულის თავისუფლად გადაზიდვის თაობაზე მიღწეული იქნება შეთანხმებები.
- გადაუჭრელი საკითხების მოსაგვარებლად შეიქმნება ჰუმანიტარული კომიტეტი:
ა. დარჩენილი ტყვეებისა და ცხედრების გაცვლა მოხდება პრინციპით „ყველა ყველაზე“;
ბ. დაბრუნდება ყველა სამოქალაქო პატიმარი და მძევალი, ბავშვების ჩათვლით;
გ. ამოქმედდება ოჯახების გაერთიანების პროგრამა;
დ. გათვალისწინებული იქნება დებულებები კონფლიქტის მსხვერპლთა ტანჯვის შესამსუბუქებლად. - უკრაინა ჩაატარებს არჩევნებს სამშვიდობო შეთანხმების ხელმოწერის შემდეგ, რაც შეიძლება სწრაფად.
- მიღებული იქნება ზომები კონფლიქტის მსხვერპლთა ტანჯვის შესამსუბუქებლად.
- ეს შეთანხმება იქნება იურიდიულად სავალდებულო. მის აღსრულებას მონიტორინგს გაუწევს და გარანტორად დაუდგება „მშვიდობის საბჭო“, რომელსაც უხელმძღვანელებს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი. დარღვევისთვის დაწესდება სანქციები.
- ყველა მხარის მიერ ამ მემორანდუმზე თანხმობის შემდეგ, ცეცხლის შეწყვეტა დაუყოვნებლივ შევა ძალაში მას მერე, რაც ორივე მხარე დაიხევს შეთანხმებულ პუნქტებამდე, რათა დაიწყოს შეთანხმების იმპლემენტაცია. ცეცხლის შეწყვეტის პირობები, მონიტორინგის ჩათვლით, შეთანხმდება ორივე მხარის მიერ აშშ-ის ზედამხედველობით.
ევროპის საპასუხო წინადადებები გამოქვეყნდა უკრაინაში ომის შეწყვეტაზე აშშ-ის 28-პუნქტიანი წინადადების განსახილველად ჟენევაში მიმდინარე მრავალმხრივი მოლაპარაკებების პარალელურად.
აშშსა და უკრაინის პირველ შეხვედრაში ამერიკულ მხარეს წარმოადგენენ სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო, დონალდ ტრამპის სპეციალური წარმომადგენელი სტივ უიტკოფი და პრეზიდენტის სიძე, ჯარედ კუშნერი. უკრაინის დელეგაციას- ზელენსკის ადმინისტრაციის უფროსი, ანდრეი ერმაკი ხელმძღვანელობს.
როგორც ერმაკმა, ისე რუბიომ შეხვედრას ძალიან პროდუქტიული უწოდეს. დისკუსიების პირველი დღის ბოლოს აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა თქვა, რომ მომლაპარაკებლებს „ძალიან კარგი დღე“ ჰქონდათ და ომის დასრულების შეთანხმებაზე „უზარმაზარი პროგრესი“ იქნა მიღწეული. რუბიოს თქმით, განიხილავენ „შემოთავაზებულ ზოგიერთ წინადადებას“ და გარკვეული კორექტირებები შეაქვთ სამუშაო დოკუმენტში.
„ყველას გვესმის, რომ ამ ომის საბოლოო დასრულების ნაწილი მოითხოვს, უკრაინამ თავი უსაფრთხოდ იგრძნოს. ვფიქრობ, ამ და სხვა საკითხებში მნიშვნელოვან პროგრესს მივაღწიეთ“, — განაცხადა რუბიომ პირველი დღის მოლაპარაკებების შემდეგ.
ერმაკმა თქვა, რომ საქმე „სამართლიანი და მდგრადი მშვიდობისკენ“ მიდის. მან მადლობა გადაუხადა შეერთებულ შტატებს და პირადად პრეზიდენტ ტრამპს. ერმაკის თქმით, დელეგატები დღეს და მომდევნო დღეების განმავლობაში აშშ-თან და ევროპელ მოკავშირეებთან ერთად ერთობლივ წინადადებაზე იმუშავებენ.
მანამდე, ჟენევის მოლაპარაკებებზე უკრაინული გუნდის მოკლე ანგარიშების მიღების შემდეგ, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ „ამერიკულ წინადადებებში შეიძლება გათვალისწინებულ იქნას რიგი ელემენტები, რომლებიც უკრაინულ ხედვას ეფუძნება და უკრაინის ეროვნული ინტერესებისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია“.
შეგახსენებთ, პრეზიდენტ ტრამპის მხარდაჭერილი 28-პუნქტიანი სამშვიდობო გეგმა უკრაინას აიძულებს, დათმოს დამატებითი ტერიტორიები, შეამციროს თავისი შეიარაღებული ძალების ზომა და დასთანხმდეს, რომ არასდროს გაწევრიანდება ნატო-ში.
რას გულისხმობს აშშ-ის 28-პუნქტიანი სამშვიდობო გეგმა უკრაინისთვის
