ახალი ამბები

სპეცოპერაციისას ლიკვიდირებულმა მირზა ალიევმა გარჩევის გზით „ქურდულ სამყაროს“ $6000 გადასცა – პროკურატურა

7 ნოემბერი, 2025 •
სპეცოპერაციისას ლიკვიდირებულმა მირზა ალიევმა გარჩევის გზით „ქურდულ სამყაროს“ $6000 გადასცა – პროკურატურა

პროკურატურის განცხადებით, სოფელ კაბალში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს ლიკვიდირებულმა პირმა, მირზა ალიევმა „ქურდულ საერთოში“ გადასახდელი თანხის შემცირების მიზნით „ქურდული სამყაროს“ წევრებსა და კრიმინალურ ავტორიტეტებს მიმართა.

უწყების ცნობით, საბოლოოდ მირზა ალიევმა ქურდული გარჩევის გზით „ქურდული სამყაროს“ წევრებს 6000 აშშ დოლარი გადასცა.

პროკურატურის ინფორმაციით, ამავე პერიოდში მირზა ალიევმა პენიტენციურ დაწესებულებაში მოთავსებულ ერთ-ერთ კრიმინალურ ავტორიტეტს აღმოუჩინა ფინანსური დახმარება.

მირზა ალიევი ლაგოდეხის საკრებულოს ყოფილი დეპუტატია. ლაგოდეხის საკრებულოში 2010-2014 წლებში „ნაციონალური მოძრაობის“ სიით იყო დეპუტატი. 2014 წელს კი ლაგოდეხის საკრებულოში მირზა ალიევი „ქართული ოცნების“ მაჟორიტარული სიით მოხვდა.

„გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ ე.წ. ,,კანონიერმა ქურდმა“ ,,ქურდული სამყაროს“ წევრებს დაავალა, რომ ,,ქურდული სამყაროს“ წევრების და მხარდამჭერების მეშვეობით პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფი ერთ-ერთი ბრალდებულის მიმართ ე.წ. ,,ქურდული გადაწყვეტილება“ აღესრულებინათ, რაც მის მიმართ სადამსჯელო მოქმედებებს ითვალისწინებდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროში ჩატარებული გამოძიების შედეგად დადგენილია, რომ სპეცოპერაციის დროს სამართალდამცველებისთვის გახსნილი ცეცხლის საპასუხო ღონისძიების შედეგად ლიკვიდირებულმა „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდამჭერმა მირზა ალიევმა „ქურდულ საერთოში“ გადასახდელი თანხის შემცირების მიზნით „ქურდული სამყაროს“ წევრებსა და კრიმინალურ ავტორიტეტებს მიმართა. საკითხის მოსაგვარებლად „ქურდული სამყაროს“ წევრების მონაწილეობით გაიმართა მოლაპარაკებები და გარჩევები.

აღნიშნულ პერიოდში მირზა ალიევმა პენიტენციურ დაწესებულებაში მოთავსებულ ერთ-ერთ კრიმინალურ ავტორიტეტს აღმოუჩინა ფინანსური დახმარება. ქურდული გარჩევის გზით საბოლოდ მიღწეული იქნა შეთანხმება, რის სანაცვლოდაც „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდამჭერმა მირზა ალიევმა „ქურდული სამყაროს“ წევრებს გადასცა, საერთო ჯამში, 6000 აშშ დოლარი“, – აცხადებს პროკურატურა.

პროკურატურის განცხადებით, „კანონიერი ქურდობის”, „ქურდული სამყაროს“ წევრობის, „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერის და „კანონიერი ქურდისთვის“ მიმართვის ფაქტებზე 43 პირს ბრალდება წარედგინა. ბრალდებულებისგან 34 პირი დაკავებულია, 6 პირს ბრალდება დაუსწრებლად, ხოლო 3 პირს ბრალდება პენიტენციურ დაწესებულებაში წარედგინათ.

პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე ბრალდებულების ნაწილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა, ხოლო ერთ ბრალდებულს, რომელმაც გამოძიებასთან ითანამშრომლა, საპატიმრო გირაო 3000 ლარის ოდენობით შეეფარდა. ბრალდებულების ნაწილისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხზე სასამართლო კანონით დადგენილ ვადაში იმსჯელებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი