ახალი ამბები

ლევან ხაბეიშვილი პატიმრობაში დატოვეს

28 ოქტომბერი, 2025 •
ლევან ხაბეიშვილი პატიმრობაში დატოვეს

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილი პატიმრობაში დატოვეს. გადაწყვეტილება მოსამართლე ნანა შამათავამ მიიღო.

ხაბეიშვილისთვის შეფარდებული პატიმრობის გადასინჯვის სხდომა მას შემდეგ დაინიშნა, რაც პროკურატურამ გამოძიების დასრულებისთვის განსაზღვრული 2-თვიანი ვადის გახანგრძლივება მოითხოვა. კანონით მიხედვით, 2 თვეში ერთხელ უნდა გადაიხედოს ბრალდებულისთვის შეფარდებული პატიმრობა, ამიტომ 11 სექტემბერს დაკავებული ხაბეიშვილისთვის შეფარდებული პატიმრობა მოსამართლემ დღეს, 28 ოქტომბერს გადასინჯა.

დაცვის მხარე ხაბეიშვილის გათავისუფლებას ითხოვდა, პროკურორი ბექა ხუნაშვილი კი, პატიმრობის გახანგრძლივებას.

“დღეის მოცემულობით არანაირი ახალგამოვლენილი გარემოება არ არსებობს, რაც განგრძობადი პატიმრობის მიზანშეუწონლობაზე მიუთითებდა. შესაბამისად, ჩვენი პოზიცია უცვლელია… დატოვეთ პატიმრობა ძალაში“, – განაცხადა ბექა ხუნაშვილმა.

საკუთარ სიტყვაში ხაბეიშვილმა “ანეკდოტი” უწოდა იმ რისკებს, რომლის გამოც პროკურორი ბექა ხუნაშვილი მისი პატიმრობის გახანგრძლივებას ითხოვდა. ხაბეიშვილმა პარალელი გაავლო ირაკლი ღარიბაშვილის საქმესთან.

“პროკურორი ამბობს, რომ ხაბეიშვილის მიმალვის საფრთხე არსებობს – ანეკდოტია. […] პროკურორი ამბობს, რომ ხაბეიშვილი რამეს გაანადგურებს – რა უნდა გავანადგურო, კაცო, ტელევიზორშია ყველაფერი.

[…] კაცი თავდაცვის მინისტრი იყო, შინაგან საქმეთა მინისტრი იყო, პრემიერ-მინისტრი ორგზის, იმ კაცის სახლიდან ამოიღეს 15 მილიონი ლარი (შეიძლება ძველი კურსით გადავამრავლე) და მეოცედი დაუწესეს… მილიონად კაცი გავუშვით გარეთ. დიდი გავლენა აქვს. პრემიერ-მინისტრი იყო, ფულითაც შეუძლია რაღაცის ყიდვა ჰო? პაჩკა-პაჩკა სახლში უდევს [ხელებით ტაშს უკრავს] და გაუშვეს”, – ამბობს ლევან ხაბეიშვილი.

გარდა ამისა, ლევან ხაბეიშვილმა ისაუბრა სამართლიანი სასამართლოს უფლებაზე და განაცხადა, რომ მის მიმართ წარდგენილი ბრალი უსაფუძვლოა. მან მოსამართლეს სთხოვა, საკმარისი დრო მიეცა საკუთარი პოზიციის დასაფიქსირებლად, რადგან თითქმის 2-თვიანი პატიმრობის დროს ბევრი სათქმელი დაუგროვდა.

“იმედია, არ შემზღუდავთ დროში, ბევრი რამ დაგროვდა ორი თვის განმავლობაში. საქმე ისეთია ჩემთან დაკავშირებული, ისეთ საკითხს გულისხმობს… ბევრი ანალიზი გავაკეთე ორი თვის განმავლობაში, სოლიდარობა მინდა გამოვხატო იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც ჩვენ მსგავსად, პროტესტის გამოხატვის გამო, უკეთესი მომავალი უნდათ, აპროტესტებენ ამათ.. და ციხეში არიან გამოკეტილები.

მინდა სასამართლოს სხვა კუთხით დავანახო ეს რეალობა…. სასამართლო არ უნდა იყოს დაწესებულება, სადაც ადამიანი რომ მოდის, ელოდება გილიოტინაზე აყვანას და ჩამოხრჩობას, მე აქ რომ მოვდივარ, მინდა მქონდეს 0.5% იმედი, რომ სამართალს ვიპოვი, პატარას, სადღაც იმედის მარცვალი რომ მქონდეს.

ჩვენ, ხალხმა რატომ გავაკეთეთ სასამართლო? მოგეცით უფლებამოსილება, დამნაშავე კრიმინალი მკვლელი, ქურდი, ყაჩაღი მძარცველი დააკავოთ და საზოგადოებას მოაშოროთ… ჩვენ რომ კონსტიტუციაში დავწერეთ, რომ ხელისუფლება ეკუთვნის ხალხს, იმიტომ კი არ მივეცით სასამართლოს ლეგიტიმაცია, რომ დაგვაკავეთ, ჩაგვყარეთ დილეგებში, მოწყვიტეთ დედებს, მამებს შვილები….

არ შეიძლება, ავიღოთ მოქალაქე და გადავაგდოთ ნაგავში… ადამიანები რომ განვითარდნენ, სამართალი ჰუმანური გახდა. ადამიანზე ორიენტირებული გახდა, მაგრამ ვერ ვპოულობ სამართალს, ორი თვეა ვზივარ, რის გამო,,, ჩემს თავზე როცა ვსაუბრობ, ვგულისხმობ სხვა დაკავებულებსაც, რომლებიც ციხეში პროტესტის გამო სხედან…

რა მედება ბრალად? რაიმე მოქმედება მედება ბრალად? პოლიტიკოს ლევან ხაბეიშვილს ბრალად ედება პოლიტიკური განცხადებები. სადავო არაფერი მაქვს, საჯარო განცხადებებია ჩემი, საეთერო, სადაც ვამბობ, რომ სამართალდამცავმა პატივი უნდა სცეს კანონს, არ იძალადოს ხალხზე და დაჯილდოვდება ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში ბიუჯეტიდან…. კანონში მე პირდაპირ მიწერია, რომ პოლიტიკური დაპირება არ შეიძლება ჩაითვალოს ქრთამად… პოლიტიკოსი პოლიტიკური განცხადების გამო იყოს ტუსაღობაში, გაუგებარი რამეა, პროპაგანდამ რომ ნახა ბრალი, სიგიჟეა, ამოიღო ის, რომ აქციას პროაქტიულად ვუჭერდი მხარს, ამოიღო სიტყვა დამხობა და ბრალი წამიყენა…დამხობა არის მოქმედება..

როცა საუბარია აქციის სახელწოდებაზე – ივანიშვილის მშვიდობიანი დამხობა, პოლიტიკოსებს გვჩვევია, როცა ვირუსულად გვინდა რამის გავრცელება, ვიფიქრებთ სლოგანებს. როცა ვამბობთ, ცეცხლი ოლიგარქიას, ეს ხომ არ ნიშნავს, რომ ცეცხლი უნდა მივუნთოთ და დავწვათ. როცა ვამბობთ, რომ სისტემა უნდა დაინგრეს, პერფორატორით ხომ არ უნდა მივადგეთ და დავანგრიოთ სისტემა?

ორი შვილი მყავს, მამა მოაკლდათ, მაგრამ მათ გააზრებული აქვთ, რომ მამა ბრძოლაშია.. მაგრამ დაკოჟრილხელიანი ხალხი ვნახე… მათ ისიც კი უხაროდათ, ულუფა შეგვხვდება, რომ დაგვაკავებენო…

ლაპარაკის გამო შეიძლება პოლიტიკოსი იყოს? თურმე არ ეყოთ ორი თვე [….] ორი თვე, სამი თვე … ადამიანის გამოგლეჯილი ცხოვრებაა, ხალხო. როგორ შეიძლება ჩაითვალოს, რომ ლევან ხაბეიშვილი საზოგადოებისთვის საშიშია და ვაიმე, ხვალ რაიმე დანაშაული არ ჩავიდინო… როცა ირაკლი ღარიბაშვილზე ვლაპარაკობდი, მეუბნებოდნენ, “შე მასხარა, შე პროვოკატორო” და აქ მოგიყვანეს ირაკლი ღარიბაშვილი”, – თქვა ხაბეიშვილმა სხდომაზე.

ლევან ხაბეიშვილის ბრალი წარდგენილი აქვს სისხლის სამართლის კოდექსის ორი მყხლით: 339-ე მუხლი (ქრთამის მიცემა) და 317-ე მუხლი (საქვეყნოდ მოწოდება ხელისუფლების დამხობისკენ).

მასალა მომზადებულია "რადიო თავისუფლების" ლაივბლოგის მიხედვით.

მასალების გადაბეჭდვის წესი