ახალი ამბები

48-ე სკოლის XII კლასის მოსწავლე ზეწოლაზე საუბრობს

16 ნოემბერი, 2010 • • 1093
48-ე სკოლის XII კლასის მოსწავლე ზეწოლაზე საუბრობს

თბილისის 48-ე საჯარო სკოლის მოსწავლე მარი მაზიაშვილი ამბობს, რომ დირექტორმა, ეკა ჯიშკარიანმა კაბინეტში დაიბარა და უთხრა, რომ თუ პარასკევს დაგეგმილ მოსწავლეთა საპროტესტო აქციაზე წავა, სერიოზული პრობლემები შეექმნება.

,,როცა მივედი და ვკითხე, რა ხდებოდა, ყველა გაუშვა კაბინეტიდან და მითხრა, რომ ცალკე უნდა დაგელაპარაკო, ძალიან სერიოზულადო. მითხრა – თუ აქციაზე წახვალ, ძალიან დიდი პრობლემები შეგექმნებაო. ვკითხე, რა პრობლემები –მეთქი? და მიპასუხა, რომ ამას მერე გაიგებ, თუ მიიღებ მონაწილეობასო’’, – ჰყვება მარი მაზიაშვილი.

მაზიაშვილის თქმით, იგი ერთადერთია 48-ე სკოლაში, რომელიც 8 საატესტაციო გამოცდის ჩაბარების წინააღმდეგ გამოდის. ასევე, მოსწავლის აზრით, დირექტორმა იმიტომ დაიბარა, რომ მას ბევრჯერ ჰქონდა მონაწილეობა მიღებული საპროტესო აქციებში. მარი მაზიაშვილი, როგორც თავად განმარტავს, მოძრაოვა არა– ს წევრია.

,,ალბათ, იმიტომ დამიბარა მაინც და მაინც მე, რომ სხვა აქციებშიც ვმონაწილეობ ხოლმე, მოძრაობა არა-ს წევრი ვარ და თითქმის ყველა აქციაში ვმონაწილეობდი. დირექტორს ვკითხე, რატომ მიშლი აქციაზე წასვლას– მეთქი, მან კი მიპასუხა, რომ რასაც მეუბნებოდა, ის უნდა გამეკეთებინა’’, – განმარტავს მაზიაშვილი.

48-ე სკოლის მეთორმეტეკლასელი აქამდე მოსწავლეების მიერ გამართულ არც ერთ აქციას არ დასწრებია. მისი განმარტებით, პარასკევს პარლამენტის წინ დაგეგმილ აქციას აუცილებლად შეუერთდება.

საჯარო სკოლის მოსწავლეებმა საპროტესტო აქცია, 8 საატესტაციო გამოცდის მოხსნის მოთხოვნით, პირველად განათლების სამინისტროს წინ 5 ნოემბერს გამართეს. შემდეგ კი, 9 ნოემბერს პარლამენტის წინ შეიკრიბნენ იგივე მოთხოვნით. 10 ნოემბერს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის დიმიტრი შაშკინის განცხადებით, 8 საჯარო სკოლის დირექტორმა თანამდებობა საკუთარი სურვილით დატოვა. თუმცა იმავე დღეს გახდა ცნობილი, რომ დირექტორებს თანამდებობის დატოვების შესახებ განცხადებაზე ხელის მოწერას განათლების სამინისტროში სთხოვდნენ. ამის შესახებ ნეტგაზეთთან 149-ე საჯარო სკოლის დირექტორმა, მაია გიორგაძემ ისაუბრა.

მომავალ საპროტესტო აქციას მოსწავლეები პარასკევს, 19 ნოემბერს, პარლამენტის წინ გამართავენ. 

მასალების გადაბეჭდვის წესი