საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის მთავარი პრესსპიკერი, ანიტა ჰიპერი აცხადებს, რომ ევროკავშირის მხარს უჭერს ელენე ხოშტარიას და ყველა პოლიტპატიმარს.

მისი თქმით, ევროკავშირი უსამართლოდ დაკავებული პირების გათავისუფლებას მოითხოვს.

„პირველ რიგში, ევროკავშირი მხარს უჭერს ელენეს და უსამართლოდ დაკავებულ ყველა პოლიტპატიმარს, ჟურნალისტსა და სამოქალაქო საზოგადოებას საქართველოდან. სრულ სოლიდარობას გამოვხატავთ მათ მიმართ და მოვუწოდებთ მათი დაუყოვნებლივ გათავისუფლებისკენ.

ჩვენი მხრიდან უკვე მივიღეთ ზომები და ვაგრძელებთ გზებისა და ვარიანტების განხილვას, როდესაც საქმე ეხება საქართველოს ხელისუფლებაზე შემდგომი ზეწოლის განხორციელებას, იმ უზარმაზარი დემოკრატიული უკუსვლის გათვალისწინებით, რაც ჩვენ ვნახეთ.

ეს უკვე დაიწყო ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის ჩართულობით საგარეო საქმეთა მინისტრების სხდომებზე. ასევე, ივლისში საგარეო საქმეთა მინისტრების ბოლო შეხვედრაზეც ეს დისკუსიები მოიცავდა დამატებით ვარიანტებს, თუ რა შეგვიძლია გავითვალისწინოთ, სანქციებიდან დაწყებული, უვიზო რეჟიმის შეჩერებით და სხვა ვარიანტებით დამთავრებული.

ამავე დროს, სრულად შევამცირეთ ჩვენი პოლიტიკური კონტაქტები, შევწყვიტეთ საქართველოს ხელისუფლებისთვის ფინანსური დახმარება და გავზარდეთ სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერა“, – განაცხადა ანიტა ჰიპერმა.


15 სექტემბერს ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ელენე ხოშტარია დააკავეს. საქმე ეხება მელიქიშვილზე მომხდარ ფაქტს, რომლის გამოც ხოშტარიას წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო. ხოშტარიამ კალაძის ბანერს მარკერით „რუსული ოცნება“ დააწერა.

პროკურატურის განცხადებით,  ელენე ხოშტარიას მიერ კახა კალაძის საარჩევნო ბანერის დაზიანებამ 570 ლარის ზიანი გამოიწვია.

„ქართული ოცნების“ პრემიერი ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ საარჩევნო ბანერებთან დაკავშირებით „კანონი უმკაცრესად იმოქმედებს“.

მისი თქმით, აქამდე ზედმეტად „რბილი პრაქტიკა“ იყო დამკვიდრებული და საჭიროა, კანონი მკაცრად იყოს დაცული.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ (TI) ეხმაურება  „კოალიცია ცვლილებისთვის“ კიდევ ერთი ლიდერის, ელენე ხოშტარიას დაკავებას და აცხადებს, რომ ეს არის სისხლის სამართლის პროცესის ბოროტად გამოყენების კიდევ ერთი აქტი.

ორგანიზაციის განცხადებით, საარჩევნო ბანერი, რის დაზიანებასაც ელენე ხოშტარიას ედავებიან, სააგიტაციო მასალაა და მისი დაზიანება ადმინისტრაციული წესით ისჯება და არა სისხლისსამართლებრივი წესით.