ახალი ამბები

ხატების მუზეუმიდან ტაძარში გადატანის მოთხოვნა

13 ნოემბერი, 2010 • • 1180
ხატების მუზეუმიდან ტაძარში გადატანის მოთხოვნა

მართმადიდებელი მრევლის ნაწილი ხელოვნების მუზეუში დაცული ხატების ტაძარში დაბრუნებას ითხოვს. ანჩისხატისა და სიწმინდეების მომლოცველთა კრებულის ხელმძღვანელმა, ზაზა ნანობაშვილმა ჟურნალისტებს ამის შესახებ დღეს ხელოვნების მუზეუმთან განუცხადა. მისი თქმით, ასევე ძალიან ბევრი ხატია მოთავსებული სარდაფში და ამის შესახებ საზოგადოებამ არაფერი იცის. მომლოცველთა კრებული მოითხოვს, სარდაფში მყოფი ხატების აღრიცხვას.

ნანობაშვილი საქართველოს პატრიარქის, ილია II სიტყვებსაც იხსენებს და ამბობს, რომ პარტიარქის სიტყვებს უნდა დავუჯეროთ.

,,მე მოვლილი მაქვს მრავალი ქვეყანა და ისეთ სიმდიდრეს, რაც ჩვენს მუზეუმებშია, უცხოეთში ვერსად ვერ ნახავთ. აი, მაგალითად: ხელოვნების მუზეუმში  საგანძურის ათი პროცენტიც არ არის გამოფენილი – ძალიან დიდი ნაწილი საცავებშია და ჩვენ არც კი ვიცით, რისი მფლობელები ვართ’’, – ნანობაშვილის თქმით, ეს სიტყვები პარტიარქმა 2010 წლის 6 ოქტომბრის წარმოთქვა.

სიწმინდეების მომლოცველთა ჯგუფმა, სარდაფში განთავსებული ხატების აღრიცხვის მოთხოვნით, დღეს ხელმოწერების შეგროვებაც დაიწყო, რომელსაც, მათი თქმით, კულტურის სამინისტროში შეიტანენ.

,,უამრავი სიწმინდეებია ამ მუზეუმში. არ შეიძლება, რომ ეს ხატები გადაბრძანდეს სამების ტაძარში? ვერ დაიტევს თუ რა? მაგრამ სახელმწიფოს ნება არ არის ეს. დღეს, რომ ათი ათას მოწამეთა ადგილას პოდიუმები იმართება, ეს შეგნებულად კეთდება, ეს ხდება ათი ათას მოწამეთა შეურაცხყოფისათვის, ამას არც ერთ ქვეყანაში არ გაპატიებენ’’, – ამბობს ზაზა ნანობაშვილი.

მასალების გადაბეჭდვის წესი