ახალი ამბები

სასამართლო განხილვა „ბუშის ქუჩის საქმეზე“ ერთი კვირით გადაიდო

12 ნოემბერი, 2010 •
სასამართლო განხილვა „ბუშის ქუჩის საქმეზე“ ერთი კვირით გადაიდო

დღეს  თბილისის საქალაქო სასამართლოში საქმის – „ქალაქ თბილისის მერია – ირაკლი კაკაბაძე, შოთა დიღმელაშვილი, ალეკო ჩიღვინაძე“ – მოსამზადებელი მოსმენა უნდა გამართულიყო, მაგრამ პროცესი 19 ნოემბრისთვის გადაიდო. საქმის მთავარი განხილვა, მოსამზადებელი მოსმენის გარეშე, სწორედ ამ დღეს გაიმართება.

პროცესზე მოპასუხე მხარე ადვოკატმა წარმოადგინა. ირაკლი კაკაბაძე აშშ-ს მოქალაქეა და ამჟამად სწორედ იქ იმყოფება. ადვოკატმა  სასამართლოს ირაკლი კაკაბაძის მიერ აშშ-დან გამოგზავნილი მინდობილობის წერილი წარუდგინა. განხილვის დაწყებამდე მოსამართლე მაკა ჭედიამ რამდენიმე წუთით შესვენება გამოაცხადა, დარბაზში დაბრუნებულმა კი განაცხადა, რომ არასწორად შედგენილი რწმუნებულების გამო, ირაკლი კაკაბაძის ადვოკატს მის წარმომადგენლად სასამართლოზე ვერ დაუშვებდა. აშშ-ს კანონმდებლობით, მინდობილობას ნოტარიულად დამოწმება არ სჭირდება, ეს პროცესი საკმაოდ გამარტივებულია. ქართული კანონმდებლობით კი, მინდობილობას აუცილებლად ნოტარიულად უნდა დამტკიცდეს.

2010 წლის 14 აგვისტოს საერთაშორისო პენ კლუბის წევრებმა  შოთა დიღმელაშვილმა, ალექსი ჩიღვინაძემ და ირაკლი კაკაბაძემ ჯორჯ ბუშის ქუჩაზე აქცია გამართეს და  ხელისუფელბისგან ქუჩისთვის სახელის გადარქმევა და მისთვის ამერიკელი პოეტის, უოლტ უიტმენის სახელის დარქმევა მოითხოვეს. მათ  ჯორჯ ბუშის ქუჩაზე გაკრული აბრა გადაღებეს  და მასზე შავი საღებავით  დააწერეს– Walt Whitman Street. მოგვიანებით კი იქვე ლექსებიც წაიკითხეს. პოლიციამ აქციის მონაწილეები დააკავა და მათ 400-400 –ლარიანი ჯარიმები დააკისრა. მოტივი პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევა იყო.  ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის აზრით კი, პროტესტის მონაწილეების საქციელი, ანუ აბრის გადაღებვა, მხოლოდ 50– ლარიან ჯარიმას ითვალისწინებდა, სასამართლომ  კი მათ 400 –ლარიანი ჯარიმა არასწორად დააკისრა.

მოგვიანებით ქალაქ თბილისის მერიამ ირაკლი კაკაბაძისგან, შოთა დიღმელაშვილისა და ალექსი ჩიღვინაძისგან აბრის შესაკეთებლად დახარჯული თანხის, 2 ათასი ლარის ანაზღაურება მოითხოვა, რის გადახდასაც 14 აგვისტოს გამართული აქციის ორგანიზატორები ნებით არ აპირებენ. 

მასალების გადაბეჭდვის წესი