აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა ხელი მოაწერა განკარგულებას, რომლითაც აზერბაიჯანის რესპუბლიკის ენერგეტიკის სამინისტროს უკრაინისთვის ჰუმანიტარული დახმარების გასაწევად დაფინანსება გამოეყოფა.

როგორც apa.az  იუწყება, განკარგულებაში აღნიშნულია, რომ “ჰუმანიზმის პრინციპებზე დაყრდნობით, აზერბაიჯანის რესპუბლიკა ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატში ჰუმანიტარულ დახმარებას უწევს მსოფლიოს მრავალ ქვეყანას.

უკრაინისთვის ჰუმანიტარული დახმარების გაწევის მიზნით, აზერბაიჯანის რესპუბლიკაში წარმოებული ელექტროაღჭურვილობის შესყიდვისა და გაგზავნისათვის, 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში გათვალისწინებული აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან აზერბაიჯანის რესპუბლიკის ენერგეტიკის სამინისტროს გამოუყოფს 2 მილიონი აშშ დოლარის ეკვივალენტს მანათში”.

ბოლო წლებში უკრაინაში შექმნილი ვითარების გამო აზერბაიჯანის სახელმწიფომ რამდენჯერმე გაუგზავნა ჰუმანიტარული დახმარება უკრაინელ ხალხს.

ასევე, როგორც სააგენტო apa წერს, “სატელეფონო საუბრის დროს ილჰამ ალიევმა და ვოლოდიმერ ზელენსკიმ დაგმეს რუსეთის მიზანმიმართული ავიადარტყმები უკრაინის ტერიტორიაზე მდებარე აზერბაიჯანული კომპანია SOCAR-ის ნავთობბაზაზე და გაზის კომპრესორის სადგურზე, რომელიც აზერბაიჯანულ გაზს უკრაინაში აწვდის. მხარეებმა დაადასტურეს, რომ ეს ფაქტი არანაირ გარემოებაში არ გამოიწვევს აზერბაიჯანსა და უკრაინას შორის ენერგეტიკის სფეროში თანამშრომლობის შეწყვეტას”.