უწყვეტი პროევროპულ აქციების 251-ე დღეს გაიმართა მარში ამ პროტესტის განმავლობაში დაკავებული ქალების, მზია ამაღლობელისა და ნინო დათაშვილის სოლიდარობისთვის.

“არ გაბედოთ! ვერ დააბრუნებთ საბჭოთა ტერორს!” – ამ სლოგანის ქვეშ გაერთიანებული მოქალაქეები ფილარმონიასთან შეიკრიბნენ და მარშით წავიდნენ პროტესტის მთავარი კერისკენ – რუსთაველის გამზირისკენ.

“ის, რაც ახლა თითოეული ჩვენგანის თავს ხდება, უკვე ყოველგვარ საზღვარს გასცდა. ჩვენ ბოროტების მორევი გვითრევს. ნინოს და მზიას უკიდეგანო განსაცდელი ელით. უნდა დავიცვათ ჩვენი ქალები, ჩვენი თანამებრძოლები უნდა დავიხსნათ”, – წერია ღონისძების ანონაში.

მედიამანეჯერი, “ბათუმელებისა” და “ნეტგაზეთის” თანადამფუძნებელი და დირექტორი, მზია ამაღლობელი 2024 წლის 12 იანვარს დააკავეს. თითქმის 8-თვიანი პატიმრობის შემდეგ, მისი განაჩენი ხვალ, 6 აგვისტოს, 14:00 საათზე გამოცხადდება.

მზია ამაღლობელი დააკავეს  ბათუმის პოლიციის უფროს ირაკლი დგებუაძისთვის სილის გაწვნის გამო. პრკურატურა მას ედავება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს.

ნინო დათაშვილი არის პედაგოგი, რომელიც 20 ივნისს, იმავე მუხლით დააკავეს, რა მუხლითაც 6 თვით ადრე მზია ამაღლობელი. პროკურატურა მათ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს საჯარო მოხელეზე თავდასხმას ედავება: ამაღლობელს პოლიციელზე, ხოლო დათაშვილს – თბილისის საქალაქო სასამართლოს მანდატურზე. ორივე მათგანის შემთხვევაში პროკურატურა თავდასხმად აფასებს სილის გარტყმას მას შემდეგ, რაც აწ უკვე ბრალდებულ ქალებს კაცები შეურახმყოფელად და ღირსების შემლახველად მოექცნენ.

ამავე თემაზე: