“ბათუმელებისა” და “ნეტგაზეთის” თანადამფუძნებელმა და დირექტორმა, მზია ამაღლობელმა თავის საბოლოო სიტყვაში ნინო დათაშვილის შესახებ ისაუბრა. დათაშვილს, რომელიც იმავე ბრალდებითაა დაკავებული, მხნეობა უსურვა და განაცხადა, რომ “რეჟიმი საკადრის პასუხს მიიღებს”.

“4 აგვისტო მონიშნული მქონდა, როგორც თარიღი, როცა ნინო დათაშვილის, – სინდისის პატიმრის, მარტოხელა დედის, – აღკვეთის ღონისძიების შეცვლაზე უნდა ემსჯელა სასამართლოს. ნინო იმ პენიტენციურ დაწესებულებაშია, სადაც მე ვარ. თუმცა ისეთ პირობებში ვართ, შემთხვევითაც კი ვერ გადავეყრებით ერთმანეთს. მას სოლიდარობის ნიშნად წიგნიც კი ვერ შევუგზავნე. თვეზე მეტია, ჩემს საკანშია მარიო ვარგას ლიოსას “ვაცის ნადიმი”, წარწერით: ნინო, გამაგრდი, მარტო არ ხარ!

მას შემდეგ, რაც გავიგე, რომ პროკურატურა ნინოს ფსიქიატრიულში გამოკეტვას უპირებს, მე სრულიად ჩამოვიშალე. მიჭირს გავიხსენო, მორალისგან ასეთი დაცლილი გარემო კიდევ როდის იყო. შემდეგ გამახსენდა ნინოს სიტყვები: “მე მსხვერპლი არ ვარ” და ყველაფერი თავის ადგილზე დადგა. მჯერა, ნინო ამ გამოწვევას გაუმკლავდება და რეჟიმი საკადრის პასუხს მიიღებს.

ბატონო პროკურორებო, ბრაზის და უსამართლობის გამო, ზოგჯერ მეც ამიწყლიანდება, მიცრემლდება  თვალები, ხმაში ბზარიც მიჩნდება, ენაც მებმება ზოგჯერ და სიტყვებსაც ვერ ვპოულობ. რას ფიქრობთ, ჩემი ეს მდგომარეობა ფსიქიატრიულ ექსპერტიზას ხომ არ საჭიროებს? ჩემს საბოლოო სიტყვაში სათქმელი ბევრი საკითხი, დათაშვილის ფაქტის გამო,  უმნიშვნელო გახდა”, – განაცხადა მზია ამაღლობელმა.

მზია ამაღლობელის საბოლოო სიტყვის შემდეგ მოსალოდნელი იყო, რომ განაჩენი გამოცხადდებოდა. თუმცა მოსამართლე  ნინო სახელაშვილმა სხდომა 6 აგვისტოს, 14:00 საათამდე გადადო.

ნინო დათაშვილი არის პედაგოგი, რომელიც 20 ივნისს, იმავე მუხლით დააკავეს, რა მუხლითაც 6 თვით ადრე მზია ამაღლობელი. პროკურატურა მათ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს საჯარო მოხელეზე თავდასხმას ედავება: ამაღლობელს პოლიციელზე, ხოლო დათაშვილს – თბილისის საქალაქო სასამართლოს მანდატურზე. ორივე მათგანის შემთხვევაში პროკურატურა თავდასხმად აფასებს სილის გარტყმას მას შემდეგ, რაც აწ უკვე ბრალდებულ ქალებს კაცები შეურახმყოფელად და ღირსების შემლახველად მოექცნენ.

გუშინ, 2 აგვისტოს, ცნობილი გახდა, რომ დათაშვილს ფსიქიატრიულ ექსპერტიზას ჩაუტარებენ. თუ ნინო დათაშვილი უარს განაცხადებს ამ შემოწმებაზე სასამართლოს გადაწყვეტილების თანახმად, მას ფსიქიატრიულ დაწესებულებაში იძულებით გადაიყვანენ. შემოწმების მიზნით დათაშვილმა ფსიქიატრიულ დაწესებულებაში 20 დღე უნდა გაატაროს.

ამავე თემაზე: