მომღერალი ირმა სოხაძე მზია ამაღლობელს სოლიდარობას უცხადებს და ამბობს, რომ სირცხვილია მისნაირი ქალის დაჭერა იმის გამო, რომ პოლიციელს ხელი გაარტყა.

როგორც ის აღნიშნავს, სასამართლომ უნდა გაითვალისწინოს ის წინაპირობა, რაც სილის გაწვნას წინ უძღოდა.

“იმდენჯერ გვითხრეს – მზია ამაღლობელი არის მოძალადე, რომელიც 4-დან 7 წლამდე თურმე ციხეში უნდა წავიდეს იმიტომ, რომ პოლიციელს თავს დაესხა. ადამიანებო, ხომ არის რაღაც, რისი თქმაც არ უნდა შეგვეძლოს, არა?

მზიასნაირი მშვიდი და გაწონასწორებული ადამიანი ასე რომ გამოვა წყობიდან და კი, ხელს გაარტყამს პოლიციელს, ალბათ იქ რაღაცა მოხდა, წინაპირობა არსებობს. არ უნდა იყოს ეს ყველაფერი გათვალისიწნებული?

ქალი, რომელსაც ჯანმრთელობის პრობლემები აქვს, რომელსაც მხედველობა დაუზიანდა, სამარცხვინოა დაიჭირო. მე სულ მეტირება მზიაზე, მაშინაც, როცა შიმშილობდა.

დღეს იმის თქმა, რომ უნდა შევიდეთ ამ ადამიანის მდგომარეობაში, იმიტომ, რომ მართლა არაფერი დაუშავებია, (ვიღაცებში) გაოცებას იწვევს – “როგორ, აბა, კანონი არ უნდა დავიცვათ? ასე შეიძლება?”. ასეთი ორნაირი (ორმხრივი) კანონი ვინ მოიგონა? ჩვენ მოვიგონეთ, რომ რაღაც არ შეიძლება ჩვენთვის, მაგრამ მათთვის ყველაფერი შეიძლება? დეპუტატების ბავშვები რაღაცებზე ისტრესებიან და ჩვენი ბავშვები არ ისტრესებიან? მოკლედ, ყველა ადამიანი ადამიანია, მაგრამ ზოგიერთი უფრო ადამიანია, ასე გამოდის.

მაინც მაქვს იმედი, რომ ამ შემთხვევაში ეს დაუშვებელი რამ არ მოხდება და მზის სასამართლო დარბაზიდან პირდაპირ გაათავისუფლებენ. ჩემი სოლიდარობა მზიას და სინდისის ყველ პატიმარს”, – ამბობს ირმა სოხაძე.

მზია ამაღლობელს, ირაკლი დგებუაძისთვის სილის გაწვნის გამო, ბრალი 353-ე პრიმა მუხლით აქვს წარდგენილი და მას 4-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

მისი დასკვნითი პროცესი პირველ აგვისტოს ბათუმის საქალაქო სასამართლოში გაიმართება.