გიორგი გახარიას თანამებრძოლი ელგუჯა ხოკრიშვილი ემიჯნება 2025 წლის მუნიციპალურ არჩევნებში მონაწილეობის გადაწყვეტილებას. ამის შესახებ ხოკრიშვილი, რომელიც საპარლამენტო არჩევნებში გახარიას პარტიის სიაშიც იყო, ფეისბუკზე წერს.

ელგუჯა ხოკრიშვილი და გიორგი გახარია

“2024 წლის ოქტომბრის არჩევნებში მონაწილეობა მივიღე პარტიის „საქართველოსთვის“ სიით. მას შემდეგ, რაც თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობაზე დაიწყო მსჯელობა, ჩვენი პოლიტიკური გზები გაიყო და განსხვავებული ხედვები ჩამოყალიბდა.

კატეგორიულად წინააღმდეგი ვარ  რომელიმე ოპოზიციური პარტიის თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის.

ვერ ვხედავ რეალურ პოლიტიკურ შედეგს ამ პროცესში ჩართვით, გარდა რეჟიმის ნორმალიზაციისა.

ერთადერთი გზა ამ ტიპის რეჟიმის იზოლირებისთვის არის აქტიური ბოიკოტი და სამოქალაქო პროტესტის გაფართოება, შიდა და გარე ზეწოლა, ქუჩის პროტესტი, საერთაშორისო სანქციები და პოლიტიკური დელეგიტიმაცია.

ქვეყანაში პოლიტიკური დევნა უკვე მასობრივ ფაზაში გადავიდა. ოპოზიციური ლიდერების დაჭერები, მედიის ტერორი და სამოქალაქო აქტივისტების დევნა რუსული წესრიგის ანალოგი გახდა.

რუსეთის გავლენა საქართველოში აღარ არის ფარული. ის აშკარად იგრძნობა კანონებში, რეპრესიებში, პროპაგანდაში და საერთაშორისო ურთიერთობების სრულ კრახში.

ამ პირობებში არავის აქვს უფლება, კომფორტის ზონაში დარჩეს. ქვეყანას გეოპოლიტიკურად რუსეთი იწოვს,

პოლიტიკური ოპოზიციის მნიშვნელოვანი ნაწილი ციხეშია. ეს არის ბრძოლა თავისუფლების, დამოუკიდებლობისა და დასავლური არჩევანის დასაცავად.

ამ ბრძოლაში ნეიტრალიტეტი უკვე პოზიციაა. თუ სისტემა არ ჩამოიშლება, არც ერთ პოლიტიკურ ქმედებას, მათ შორის ფსევდოარჩევნებში მონაწილეობას, არ აქვს აზრი.

ბრძოლა ბოლომდე ქვეყნის შიგნით და გარეთ. ვისაც რა შეგვიძლია, ვის ქვეყნის შიგნით და ვის ქვეყნის გარეთ, ეს ბრძოლა უნდა გავაგრძელოთ რეჟიმის ჩამოშლამდე”, – წერს ხოკრიშვილი.

ჯერჯერობით გიორგი გახარიას პარტია “საქართველოსთვის” ერთადერთი მსხვილი ოპოზიციური გაერთიანებაა, რომელიც გადაჭრით ამბობს, რომ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს. არჩევნებში მონაწილეობას არ გამორიცხავს “ლელოც”.

ელგუჯა ხოკრიშვილი არის ეკონომისტი. ის “ოცნების” მთავრობაში 2014-2015 წლებში 2 სხვადასხვა (გარემოს დაცვის და ინფრასტრუქტურის) მინისტრის თანამდებობას იკავებდა. შემდეგ ელჩი იყო გერმანიაში.