ახალი ამბები

საოკუპაციო რეჟიმის მიერ უკანონოდ დაკავებული გიორგი მოსიაშვილი თავისუფალია – სუს

2 ივლისი, 2025 •
საოკუპაციო რეჟიმის მიერ უკანონოდ დაკავებული გიორგი მოსიაშვილი თავისუფალია – სუს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, თავისუფალია გიორგი მოსიაშვილი, რომელიც რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ იყო გატაცებული. ის კვლავ ქვეყნის ცენტრალური ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფება.

უწყებაში არ აკონკრეტებენ, როდის დააკავეს მოსიაშვილი. თუმცა აღსანიშნავია, რომ დაახლოებით ბოლო ერთი თვის განმავლობაში სუს-მა მე-4 მოქალაქის გათავისუფლების შესახებ განაცხადა. უწყება პერიოდულად ავრცელებს ინფორმაციას საოკუპაციო ხაზის მიმდებარე დასახლებული პუნქტებიდან საქართველოს მოქალაქეების გატაცების შესახებ.

“გიორგი მოსიაშვილის უკანონო პატიმრობიდან გათავისუფლების პროცესში აქტიურად გამოიყენებოდა როგორც საქართველოში ევროკავშირის მონიტორინგის მისიის (EUMM) უშუალო ჩართულობით მოქმედი „ცხელი ხაზის“ მექანიზმი, ისე ცენტრალური ხელისუფლების ხელთ არსებული ყველა რელევანტური ინსტრუმენტი. საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება ინფორმაციას მუდმივ რეჟიმში აწვდიდა საერთაშორისო პარტნიორებს”, – წერია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ოკუპირებულ რეგიონებსა და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მომხდარ “ყველა დესტრუქციულ ქმედებაზე” პასუხისმგებლობა რუსეთს აკისრებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი