ახალი ამბები

ვიფიქროთ ცილისწამების სისხლის სამართლის კოდექსში დამამძიმებელ გარემოებად მიჩნევაზე – წულუკიანი

26 ივნისი, 2025 •
ვიფიქროთ ცილისწამების სისხლის სამართლის კოდექსში დამამძიმებელ გარემოებად მიჩნევაზე – წულუკიანი

„ქართული ოცნების“ წევრმა, თეა წულუკიანმა თანაგუნდელებს შესთავაზა, რომ სამომავლოდ ცილისწამება სისხლის სამართლის  კოდექსში დამამძიმებელ გარემოებად იქნეს მიჩნეული.

ამის შესახებ წულუკიანმა დღეს, 26 ივნისს, „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებების მეორე მოსმენით განხილვისას განაცხადა.

მისი თქმით, თავის დროზე მიხეილ სააკაშვილმა სისხლის სამართლის კანონმდებლობიდან  ცილისწამების ცნება სპეციალურად გააქრო, რათა ყველასთვის ყველაფერი დაებრალებინა.

„მინდა ყველა ინიციატორს მადლობა ვუთხრა კანონპროექტის ინიცირებისთვის, რომელიც ცილისწამებას ეხება. საზოგადოებას მინდა შევახსენო, რომ „ვარდების რევოლუციიდან“ მალევე, მიხეილ სააკაშვილმა სისხლის სამართლის კანონმდებლობიდან გააქრო ცილისწამების ცნება და ის დღესაც არ არის სისხლის სამართლის სისტემის ნაწილი.

როცა ჩვენი კომისია მუშაობდა, ბოლო თვეების განმავლობაში, გამოიკვეთა, რომ მას არა მხოლოდ იმისთვის სჭირდებოდა, რომ ადამიანები ისეთებად შეერაცხა, როგორებადაც ის ჩათვლიდა საჭიროდა, არამედ, მაგალითისთვის, ყველა ის ადამიანი, ვინც უსასტიკესად მოკლეს, ამ ყოველივეს თან სდევდა ცილისწამება. მაგალითად: სერგო თეთრაძისთვის იმის დაბრალება, რომ ჯაშუშია, პაატა ქარდავასთვის იმის დაბრალება, რომ ქვეყანას უღალატა და სხვასთან ითანამშრომლა, იგივე დათო ცინდელიანისა და სხვების შემთხვევაში. ამიტომ ეს მაშინ  ჩამოყალიბდა მოდელად სწორედ იმის წყალობით, რომ მან წინმსწრებად გააუქმა დამსჯელი ნორმა.

ალბათ, მომავალში კარგი იქნება ვიფიქროთ, რომ სისხლის სამართლის მატერიალურ კოდექსში ცილისწამება დამამძიმებელ გარემოებად მაინც იქნეს მიჩნეული, თუ ამაზე შევთანხმდებით.

წინა მოწვევის პარლამენტში არაერთხელ ცდილობდნენ იმის გაკეთებას, რასაც დღეს ვაკეთებთ. დღევანდელი სხდომა, ჩემი აზრით,  არის ისტორიული. ცილისწამებისგან ადამიანი, მინიმუმ, სამოქალაქო წესით უკეთესად იქნება დაცული. სისხლის სამართლის მიმართულებით შემოთავაზებაა, რომ მომავალში ერთად ვიმსჯელოთ“,- განაცხადა წულუკიანმა.

თეა წულუკიანის პასუხად კანონპროექტზე მომხსენებელმა დეპუტატმა, დავით მათიკაშვილმა განაცხადა, რომ შემოთავაზებას ცილისწამების დამამძიმებელ გარემოებად გათვალისწინების შესახებ „სიამოვნებით განიხილავენ“.


„ქართული ოცნება“ მორიგი საკანონმდებლო ცვლილებებით სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებას ზღუდავს.

„სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ კანონში ცვლილებები „ოცნებას“ დაჩქარებული წესით შეაქვს, რაც იმას ნიშნავს, რომ კანონს მიმდინარე კვირაში მიიღებენ.

უქმდება კანონის ის პუნქტი, რომლის მიხედვითაც, სიტყვის თავისუფლების შეზღუდვისას მტკიცების ტვირთი ეკისრება მომჩივანს და ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს სიტყვის თავისუფლების შეზღუდვის საწინააღმდეგოდ.

კანონპროექტის მიღების შედეგად  ცილისწამების თაობაზე დავების განხილვისას სასამართლოში მტკიცების ტვირთის გადატანა მოხდება მოპასუხეზე. მოსარჩელე, რომელმაც მიიღო შესაძლო მორალური, რეპუტაციული ზიანი, გათავისუფლდება მოპასუხის მიერ გავრცელებული ფაქტების მცდარობის მტკიცების ტვირთისაგან და ამასთანავე, მოპასუხეს დააკისრებს იმის მტკიცების ტვირთს, რომ მისი განცხადება არ შეიცავს არსებითად მცდარ ფაქტს უშუალოდ მოსარჩელის შესახებ.

კანონპროექტის თანახმად, დაზუსტდება ცილისწამების განმარტება, როგორც არსებითად მცდარი ფაქტის შემცველი და პირის სახელის გამტეხი განცხადება.

ამასთან, „ქართული ოცნება“ „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ კანონიდან იმ მუხლსაც იღებს, რომელიც აზრისა და მოწოდების თავისუფლებას შეეხება.

ამის შესახებ „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებების მეორე მოსმენით განხილვისას მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც „ხალხის ძალის“ დეპუტატმა ვიქტორ ჯაფარიძემ დასვა კითხვა აღნიშნულ მუხლთან დაკავშირებით.

მასალების გადაბეჭდვის წესი