ახალი ამბები

ტექნიკური უზუსტობა იყო – მათიკაშვილის თქმით, კანონიდან არ იღებენ მუხლს, რომლითაც აზრი დაცულია აბსოლუტური პრივილეგიით

26 ივნისი, 2025 •
ტექნიკური უზუსტობა იყო – მათიკაშვილის თქმით, კანონიდან არ იღებენ მუხლს, რომლითაც აზრი დაცულია აბსოლუტური პრივილეგიით

განახლება:

„ქართული ოცნების“ წევრის, დავით მათიკაშვილის განცხადებით, „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ კანონიდან იმ მუხლს არ იღებენ, რომელიც აზრისა და მოწოდების თავისუფლებას შეეხება. მათიკაშვილის თქმით, აღნიშნული მუხლის ამოღებასთან დაკავშირებით მისი განცხადება „ტექნიკური უზუსტობა იყო.

„მეორე მოსმენის დროს გარკვეულ ტექნიკურ უზუსტობას ჰქონდა ადგილი. ბატონი ვიქტორ ჯაფარიძის კითხვა ეხებოდა პრივილეგიებს. მართლაც არის ჩვენი რედაქციიდან ამოღებული პრივილეგიების მუხლი, ეს არის მე-15 მუხლი, რომელიც ცილისწამებისთვის პრივილეგიებს გულისხმობს. თუმცა ბატონი ვიქტორის კითხვა ეხებოდა მე-4 მუხლს, რომელიც ეხება აზრისა და მოწოდების თავისუფლებას. ამ მუხლს არ შევხებივართ, ეს მუხლი არის უცვლელი, ჩვენ არ ამოგვიღია“, – განაცხადა მათიკაშვილმა.

მანამდე დავით მათიკაშვილმა განაცხადა, რომ აღნიშნულ მუხლს კანონიდან იღებდნენ და, შესაბამისად, ნეტგაზეთის მასალის თავდაპირველი სათაური იყო: „ოცნება“ კანონიდან იმ მუხლსაც იღებს, რომლითაც აზრი დაცულია აბსოლუტური პრივილეგიით“.

თუმცა, მას შემდეგ, რაც მათიკაშვილმა განმარტება გააკეთა, მასალის სათაური შეიცვალა და ტექსტი განახლდა.

რა ხდებოდა მანამდე?

„ქართული ოცნება“ „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ კანონიდან იმ მუხლსაც იღებს, რომელიც აზრისა და მოწოდების თავისუფლებას შეეხება.

ამის შესახებ „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებების მეორე მოსმენით განხილვისას მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც „ხალხის ძალის“ დეპუტატმა ვიქტორ ჯაფარიძემ დასვა კითხვა აღნიშნულ მუხლთან დაკავშირებით.

კერძოდ, კანონის მოქმედი რედაქციით, აზრისა და მოწოდების თავისუფლების შესახებ მუხლში წერია:

1. აზრი დაცულია აბსოლუტური პრივილეგიით.

2. მოწოდება დაცულია კვალიფიციური პრივილეგიით. მოწოდება იწვევს კანონით დადგენილ პასუხისმგებლობას მხოლოდ მაშინ, როცა პირი ჩაიდენს განზრახ ქმედებას, რომელიც ქმნის კანონსაწინააღმდეგო შედეგის დადგომის აშკარა, პირდაპირ და არსებით საფრთხეს.

სწორედ აღნიშნულ მუხლთან დაკავშირებით დასვა კითხვა ვიქტორ ჯაფარიძემ.

„როგორც წესი, ცილისწამებასთან დაკავშირებით გამოიყენებენ გამოთქმას: „სავარაუდოდ“, „მე მაქვს გონივრული ეჭვი“ და ა.შ. პირობითად ვამბობ, [იტყვიან] სავარაუდოდ, ბატონმა დავითმა ჩაიდინა ესა და ეს და იმას, მერე აღარავინ მიაქცევს ყურადღებას.

[ „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ კანონის] მეოთხე მუხლით, აზრი დაცულია აბსოლუტური პრივილეგიით. მოწოდება დაცულია კვალიფიციური პრივილეგიით. მოწოდება იწვევს კანონით დადგენილ პასუხისმგებლობას მხოლოდ მაშინ, როცა პირი ჩაიდენს განზრახ ქმედებას, რომელიც ქმნის კანონსაწინააღმდეგო შედეგის დადგომის აშკარა, პირდაპირ და არსებით საფრთხეს.

ახლა რანაირად გამოვა ეგ? იმიტომ, რომ ამას [მეოთხე მუხლს] აუცილებლად გამოიყენებენ“, – იკითხა ვიქტორ ჯაფარიძემ.

ვიქტორ ჯაფარიძის პასუხად კანონპროექტზე მომხსენებელმა დავით მათიკაშვილმა განაცხადა, რომ ეს მუხლი ამოღებულია.

„ეგ მუხლი ამოღებულია, ბატონო ვიქტორ. გავითვალისწინებთ ახლა, რომ ეგ დათქმა აღარ არსებობდეს“, – განაცხადა მათიკაშვილმა.

აღსანიშნავია, რომ კანონპროექტის ინიცირებულ ვერსიაში ეს მუხლი ამოღებული არ იყო.  მეორე მოსმენით განხილვისას თავად მათიკაშვილმაც თქვა, რომ ინიცირებულ ვერსიაში მხოლოდ ერთი ცვლილება შედიოდა, რომელიც ცილისწამების კანონს 100-დღიან უკუძალას აძლევს.


„ქართული ოცნება“ მორიგი საკანონმდებლო ცვლილებებით სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებას ზღუდავს.

„სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ კანონში ცვლილებები „ოცნებას“ დაჩქარებული წესით შეაქვს, რაც იმას ნიშნავს, რომ კანონს მიმდინარე კვირაში მიიღებენ.

უქმდება კანონის ის პუნქტი, რომლის მიხედვითაც, სიტყვის თავისუფლების შეზღუდვისას მტკიცების ტვირთი ეკისრება მომჩივანს და ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით ,უნდა გადაწყდეს სიტყვის თავისუფლების შეზღუდვის საწინააღმდეგოდ.

კანონპროექტის მიღების შედეგად  ცილისწამების თაობაზე დავების განხილვისას სასამართლოში მტკიცების ტვირთის გადატანა მოხდება მოპასუხეზე. მოსარჩელე, რომელმაც მიიღო შესაძლო მორალური, რეპუტაციული ზიანი, გათავისუფლდება მოპასუხის მიერ გავრცელებული ფაქტების მცდარობის მტკიცების ტვირთისაგან და ამასთანავე, მოპასუხეს დააკისრებს იმის მტკიცების ტვირთს, რომ მისი განცხადება არ შეიცავს არსებითად მცდარ ფაქტს უშუალოდ მოსარჩელის შესახებ.

კანონპროექტის თანახმად, დაზუსტდება ცილისწამების განმარტება, როგორც არსებითად მცდარი ფაქტის შემცველი და პირის სახელის გამტეხი განცხადება.

მასალების გადაბეჭდვის წესი