„ქართული ოცნება“ მორიგი საკანონმდებლო ცვლილებებით სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებას ზღუდავს.
„სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ კანონში ცვლილებები „ონცებას“ დაჩქარებული წესით შეაქვს, რაც იმას ნიშნავს, რომ კანონს მიმდინარე კვირაში მიიღებენ.
უქმდება კანონის ის პუნქტი, რომლის მიხედვითაც, სიტყვის თავისუფლების შეზღუდვისას მტკიცების ტვირთი ეკისრება შეზღუდვის ინიციატორს და ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს სიტყვის თავისუფლების შეზღუდვის საწინააღმდეგოდ.
კანონპროექტის მიღების შედეგად ცილისწამების თაობაზე დავების განხილვისას სასამართლოში მტკიცების ტვირთის გადატანა მოხდება მოპასუხეზე. მოსარჩელე, რომელმაც მიიღო შესაძლო მორალური, რეპუტაციული ზიანი, გათავისუფლდება მოპასუხის მიერ გავრცელებული ფაქტების მცდარობის მტკიცების ტვირთისაგან და ამასთანავე, მოპასუხეს დააკისრებს იმის მტკიცების ტვირთს, რომ მისი განცხადება არ შეიცავს არსებითად მცდარ ფაქტს უშუალოდ მოსარჩელის შესახებ.
კანონპროექტის თანახმად, დაზუსტდება ცილისწამების განმარტება, როგორც არსებითად მცდარი ფაქტის შემცველი და პირის სახელის გამტეხი განცხადება.
„ვინაიდან პირის მიმართ გავრცელებული განცხადება, რომელიც მცდარ ფაქტს შეიცავს, თავისთავად არის პირისათვის იმავდროულად ზიანის მიმყენებელი, როგორც მისთვის სახელის გამტეხი განცხადება“, – ვკითხულობთ განმარტებით ბარათში.
ცვლილებების მიღების შემდეგ, 10 დღემდე მცირდება ცილისწამების შესახებ დავისას სასამართლოს მიერ მხარეთა მორიგებისათვის დადგენილი ვადა, ნაცვლად არსებული ერთთვიანი ვადისა.
ამასთან, „ქართული ოცნება“ „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ კანონიდან იღებს იმ პუნქტს, რომლის მიხედვითაც . დაუშვებელია, სიტყვის თავისუფლების შეზღუდვის საქმეზე მოპასუხის უარი – გაამხილოს პროფესიული საიდუმლოება ან მისი წყარო – გახდეს მოპასუხის საწინააღმდეგო გადაწყვეტილების გამოტანის ერთადერთი საფუძველი.
აგრეთვე, კანონპროექტით ცვლილება განხორციელდება „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ საქართველოს კანონის შესახებ მე-13 და მე-14 მუხლებში და როგორც კერძო, ისე საჯარო პირის ცილისწამების შემთხვევაში იცვლება მტკიცების ტვირთის დაკისრების საკითხი და მტკიცების ტვირთის გადატანა ხდება მოპასუხეზე.
კერძოდ, მე-13 მუხლის შესაბამისად, კერძო პირმა, რომელიც თვლის, რომ ცილისწამების ადრესატია და აღძრავს სარჩელს ცილისმწამებლისათვის პასუხისმგებლობის დაკისრების მოთხოვნით, სასამართლოს უნდა წარუდგინოს ის განცხადება, რომელსაც იგი ცილისწამებად მიიჩნევს, იმის მითითებით, რა არსებითად მცდარ ფაქტს შეიცავს განცხადება მის შესახებ და შესაბამისი დასაბუთება იმის თაობაზე, თუ რატომ არის ის მოსარჩელისთვის სახელის გამტეხი.
მოპასუხეს აღნიშნული სარჩელის საფუძველზე დაეკისრება ცილისწამებისათვის შესაბამისი პასუხისმგებლობა, თუ ის ვერ დაამტკიცებს, რომ სადავო განცხადება არ შეიცავს არსებითად მცდარ ფაქტს მოსარჩელის შესახებ.
ხოლო საჯარო პირის ცილისწამების შემთხვევაში მე-14 მუხლით დგინდება, რომ საჯარო პირმა, რომელიც თვლის, რომ ცილისწამების ადრესატია და აღძრავს სარჩელს ცილისმწამებლისათვის პასუხისმგებლობის დაკისრების მოთხოვნით, სასამართლოს უნდა წარუდგინოს ის განცხადება, რომელსაც იგი ცილისწამებად მიიჩნევს, იმის მითითებით, რა არსებითად მცდარ ფაქტს შეიცავს განცხადება მის შესახებ და შესაბამისი დასაბუთება იმის თაობაზე, თუ რატომ არის ის მოსარჩელისთვის სახელის გამტეხი.
მოპასუხეს აღნიშნული სარჩელის საფუძველზე დაეკისრება ცილისწამებისათვის შესაბამისი პასუხისმგებლობა, თუ იგი ვერ დაამტკიცებს, რომ სადავო განცხადება არ შეიცავს არსებითად მცდარ ფაქტს მოსარჩელის შესახებ.
მოპასუხის პასუხისმგებლობა გამოირიცხება, თუ- მიუხედავად იმისა, რომ სადავო განცხადება შეიცავს არსებითად მცდარ ფაქტს მოსარჩელის შესახებ- მოპასუხე დაამტკიცებს განცხადების გავრცელებისადმი საკუთარ კეთილსინდისიერებას. ამ ნორმის მიზნებისათვის კეთილსინდისიერებად ჩაითვლება იმგვარი ვითარება, როდესაც მოპასუხემ, განცხადების გავრცელებამდე, ყველა აუცილებელი გონივრული ზომა მიიღო ინფორმაციის სისწორის გადამოწმების მიზნით და მისთვის უცნობი იყო ფაქტის მცდარობის შესახებ.
წარმოდგენილი კანონპროექტი ასევე ითვალისწინებს ცვლილების შეტანას „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-3 პუნქტში, რომლის მოქმედი რედაქციით კერძო ცხოვრების ხელშეუხებლობისა და პერსონალური მონაცემების დაცვის მოტივით არ შეიძლება შეიზღუდოს გამოხატვის თავისუფლება იმ მოვლენასთან დაკავშირებით, რომლის ცოდნაც აუცილებელია ადამიანისათვის დემოკრატიულ სახელმწიფოში საზოგადოებრივი თვითმმართველობის განსახორციელებლად.
„თუმცა, ერთი ადამიანის პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლებისა და მეორე ადამიანის გამოხატვის თავისუფლების, როგორც თანაბარწონადი სიკეთეების გათვალისწინებით და მათ შორის სამართლიანი ბალანსის ყოველი კონკრეტული შემთხვევის ინდივიდუალური გარემოებების გათვალისწინებით დადგენის თვალსაზრისით, ხდება „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ საქართველოს კანონიდან მე-12 მუხლის მე-3 პუნქტის ამოღება“, – ვკითხულობთ განმარტებით ბარათში.
წარმოდგენილი კანონპროექტით ასევე გათვალისწინებულია „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ საქართველოს კანონიდან იმ ნორმების ამოღება, რომლებიც ეხება ცილისწამებისათვის კვალიფიციურ პრივილეგიას. განმარტებითი ბარათის თანახმად, ეს გარკვეულწილად პირდაპირ თუ ირიბად წინააღმდეგობაში მოდის ზოგადად კანონის პრინციპებთან.
გარდა ამისა, კანონპროექტი აზუსტებს ცილისწამებით მიყენებული ზიანის ანაზღაურების საკითხის მარეგულირებელ ნორმებს.
თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ შესწორების ან უარყოფის გამოქვეყნება არ არის საკმარისი ცილისწამებით მოსარჩელისათვის მიყენებული ზიანის ჯეროვანი ანაზღაურებისათვის, მოპასუხეს, მოსარჩელის მოთხოვნით, შეიძლება დაეკისროს მოსარჩელისათვის მიყენებული ქონებრივი ან/და არაქონებრივი (მორალური) ზიანის ანაზღაურებაც.