ახალი ამბები

UK საქართველოში არჩევნებთან დაკავშირებულ გრანტებს აუქმებს

11 ივნისი, 2025 •
UK საქართველოში არჩევნებთან დაკავშირებულ გრანტებს აუქმებს

გაერთიანებული სამეფო აუქმებს დაგეგმილ საგრანტო წინადადებებს, რომლებიც მიზნად ისახავდა მუნიციპალური არჩევნების გამჭვირვალობისა და კონკურენტუნარიანობის მხარდაჭერას.

როგორც საელჩოს განცხადებაშია ნათქვამია, გაერთიანებული სამეფო კეთილსინდისიერად ცდილობდა, მოეპოვებინა გრანტის დამტკიცების შესახებ თანხმობა რიგ პროექტებზე, რომელიც მიზნად ისახავდა სამოქალაქო საზოგადოებისთვის ამომრჩეველთა განათლებისა და მოქალაქეთა მხრიდან არჩევნების მონიტორინგს.

„უნდა აღინიშნოს, რომ ეს აქტივობები ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ღირებულ საქმიანობად მიიჩნია. თუმცა, საქართველოს ხელისუფლებასთან განხილვის შემდეგ, გვაცნობეს, რომ მთავრობის დადგენილება „გრანტების დამტკიცების პროცედურის შესახებ“ ჯერ არ არის დასრულებული. შესაბამისად, ამ დრომდე არ არსებობს „გრანტების დამტკიცების პროცედურის შესახებ“ გადაწყვეტილებების მიღების მექანიზმები ან ვადები. სამწუხაროდ, ამ გაურკვევლობის გამო, გვიწევს გავაუქმოთ დაგეგმილი საგრანტო წინადადებები, რომლებიც მიზნად ისახავდა დაგეგმილი მუნიციპალური არჩევნების გამჭვირვალობისა და კონკურენტუნარიანობის მხარდაჭერას. ვწუხვართ, რომ საქართველოში ბოლო მუნიციპალური არჩევნებისგან განსხვავებით, მთავრობას ჯერ არ მოუწვევია ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისია და ასევე არ ხდება მოქალაქეთა მხრიდან არჩევნების მონიტორინგისთვის აუცილებელი საქმიანობის ხელშეწყობა“, — ნათქვამია გაერთიანებული სამეფოს საელჩოს განცხადებაში.

პროფესიონალურად მომზადებული დამკვირვებლების არარსებობა, რომლებიც საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად მუშაობენ, დიდი ბრიტანეთის შეფასებით, შესაძლოა ჩაითვალოს უკუსვლად, რაც შეამცირებს საზოგადოების ნდობას დემოკრატიული პროცესის გამჭვირვალობის მიმართ საქართველოში.

„დიდი ბრიტანეთი კვლავ გამოხატავს მზადყოფნას დიალოგისთვის იმის თაობაზე, თუ როგორ შეუძლია მხარი დაუჭიროს საქართველოში დემოკრატიულ განვითარებას და წუხს ამ დაკარგული შესაძლებლობის გამო, რომელიც მიზნად ისახავდა ოქტომბრის მუნიციპალური არჩევნების ობიექტური, პროფესიონალური და გამჭვირვალე მონიტორინგის ხელშეწყობას“, — ნათქვამია განცხადებაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი