მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსი გიორგი ჯამდელიანი არ აპირებს ჩვენება მისცეს პოლიციას ან პროკურატურას მისი მკვლელობის შესაძლო მომზადების საქმეზე, რის შესახებაც განცხადება 8 მაისს, ქადაგებისას გააკეთა.
“ვიყენებ კონსტიტუციით ჩემთვის მონიჭებულ უფლებას. ამ ეტაპზე ასე ვთვლი საჭიროდ. არც ჩვენებას ვიძლევი და არც თანამშრომლობას ვაპირებ პროკურატურასთან”, – უთხრა ეპისკოპოსმა ტვ პირველს.
მღვდელმთავარს ამ გადაწყვეტილების მიზეზი არ აუხსნია და თქვა, რომ მოქმედებს საეკლესიო კანონიკის ნორმების ფარგლებში.
8 მაისს, ქადაგებისას, გიორგი ჯამდელიანმა თავისი მკვლელობის მომზადების შესახებ განაცხადა და ამაში “ქართული ოცნების” მთავრობასთან დაახლოებული მაღალჩინოსანი დაადანაშაულა. მან თქვა, რომ მის მკვლელობას “უშიშროების” მაღალი თანამდებობის პირი საწამლავით გეგმავდა, დასახმარებლად კი ამავე ეპარქიის ერთ-ერთი მონაზონი გადაიბირა.
“ერთი წლის განმავლობაში ამუშავებდნენ [მონაზონს] და ეუბნებოდნენ მას, რომ ან უნდა ჩაუყარო საჭმელში საწამლავი, ან მოგცემთ საწამლავს, მოუსვამ ხელზე და ერთ საათში ის აღარ იქნება, აი, ასეთი მოვლენები და ვითარება არის ეპარქიაში”, – განაცხადა ჯამდელიანმა.
ეპისკოპოსმა თქვა, რომ ამ ეტაპზე მონაზონი მის ეპარქიაში აღარ იმყოფება. მღვდელმთავრის მიერ გაკეთებული განცხადების საფუძველზე გამოძიება გუშინ დაიწყო.
