მოქალაქე უჩა ქემაშვილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლითაა დაკავებული. ეს მუხლი პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს. თუმცა ადვოკატი ლაშა ტყეშელაძე ამბობს, რომ ქემაშვილს პოლიციელებისთვის წინააღმდეგობა არ გაუწევია. იმავეს ამბობს დაკავებულის და, ნინი ქემაშვილიც, რომელიც მომხდარის თვითმხილველია.
ტყეშელაძის შეფასებით, ქემაშვილის დაკავება პოლიტიკურადაა მოტივირებული და ამას მიანიშნებს ის კითხვები, რომლებიც მას პოლიციის განყოფილებაში დაუსვეს. ადვოკატის ინფორმაციით, მას ეკითხებოდნენ, რატომ არიგებდა საპროტესტო აქციებზე ალუჩას, ან ვის ურიგებდა. ასევე მიანიშნებდნენ, რომ იცნობდნენ ტიკტოკზე მისი აქტიურობის გამო, სადაც ქემაშვილი, სხვა შინაარსის ვიდეოებთან ერთად, “ქართული ოცნებისადმი” კრიტიკულ განწყობებზეც საუბრობს.
გარდა ამისა, ადვოკატის ვარაუდით, მისი დაკავების საბაბი შეიძლება გამხდარიყო “ქართული ოცნების” ცეცხლმოკიდებული დროშის ხელში დაჭერაც. ფოტო, რომელზეც ქემაშვილს “ოცნების” ნახევრად დამწვარი დროშა უჭირავს ხელში, დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავი ზეიმიდან გავრცელდა. ადვოკატი ამბობს, რომ დროშისთვის ცეცხლი ქემაშვილს არ მოუკიდებია და უბრალოდ ხელში ეჭირა. თუმცა, რომც დაეწვა, ეს არ შეიძლება გამხდარიყო მისი დაკავების საფუძველი, რადგან ისჯება მხოლოდ ეროვნული და არა პარტიული სიმბოლიკის დაზიანება.
ლაშა ტყეშელაძის შეფასებით, ჩამოთვლილი პოლიტიკური საბაბებით ქემაშვილს ვერ დააკავებდნენ. ამიტომ “მოიგონეს”, თითქოს პოლიციელებს წინააღმდეგობა გაუწია. თუმცა მისი დაკავების წინასწარგანზრახულობას ადასტურებს ის ფაქტიც, რომ ქემაშვილს სახლთან 20-მდე პოლიციელი დახვდა. ის ჯერ გადამოწმების საბაბით გააჩერეს, შემდეგ კი დააკავეს.
ქემაშვილის და, ნინი ქემაშვილი ამბობს, რომ ძმისა და პოლიციელების კომუნიკაციას ჯერ კორპუსის ფანჯრიდან უყურებდა, შემდეგ პირადად მივიდა პოლიციელებთან, მაგრამ მათგან ინფორმაცია ვერ მიიღო. მისივე თქმით, რამდენიმე საათის განმავლობაში ცდილობდა ძმის ადგილსამყოფელის გაგებას, მაგრამ არც შსს და არც სახალხო დამცველი ინფორმაციას არ აწვდიდნენ.
“რუსთაველიდან ვარკეთილამდე გამოჰყვნენ. სავარაუდოდ მეტროთი წამოვიდოდა ჩემი ძმა, რადგან აქ ჰყავდა მანქანა გაჩერებული. მეტროში აედევნენ და იცოდნენ, სად მოდიოდა.. 25 ადამიანი 1 კაცის დასაჭერად გამოუშვეს, ხალხო. მე ამ ყველაფერს ფანჯრიდან ვუყურებდი და მერე ჩავქანდი დაბლა. გვიან მივხვდი, რა ხდებოდა. არადა, ჩემი ძმა არ არის ჩხუბისთავი. მანქანის კარი მიიხურა და გამოუღეს, ხელი მოკიდეს და გადმოიყვანეს, შეიყვანეს ბნელ ადგილას და იქ ჩასვეს სხვა მანქანაში”, – წერს ნინი ქემაშვილი სოციალურ ქსელში.
ადვოკატ ლაშა ტყეშელაძის განმარტებით, ქემაშვილს ფიზიკური დაზიანებები არ აქვს. მისი თქმით, მას შემდეგ, რაც მისი დაკავების შესახებ ინფორმაცია მედიაში გავრცელდა, პოლიციელების მხრიდან მის მიმართ მოპყრობა შერბილდა. გარდა ამისა, ქემაშვილმა გაიგო, როგორ საუბრობდნენ პოლიციელები ერთმანეთში, დაინახა თუ არა მისი დაკავება მისმა დამ, შეძლებდა თუ არა გადაღებას და ა.შ.
სავარაუდოა, რომ ქემაშვილს პატიმრობას 24-საათიან ვადას 48 საათამდე გაუხანგრძლივებენ ისეთივე ფორმალურ საფუძვლებით, როგორც სხვა შემთხვევებში ხდება ხოლმე. თუ მისი სასამართლო სხდომა ხვალვე, 28 მაისს არ დაინიშნა, 48 საათის შემდეგ დიღმის მე-3 იზოლატორიდან გაათავისუფლებენ.
