“თუ არ დამაკავეს ამ მოძალადეებმა, აუცილებლად გარგარით დაგიბრუნდებით რუსთაველზე” – ეს პირობა დადო უჩა ქემაშვილმა რამდენიმე დღის წინ, როცა მისი სასამართლო სხდომა დაინიშნა.
ქემაშვილი პროევროპული აქციების აქტიური მონაწილეა და პერიოდულად, გურჯაანიდან თბილისში საკუთარი ხელით მოყვანილი ხილი ჩამოაქვს ხოლმე თანამებრძოლებისთვის.
დღეს, 6 ივნისს, ადმინისტრაციული წესით, 10 დღით დააპატიმრეს. გადაწყვეტილება მოსამართლე დავით თეთრაულმა მიიღო.
როგორც ჩანს, ქემაშვილისთვის ეს მოულოდნელი არ ყოფილა – მან გარგარი და ალუჩა, რომლის დარიგებას რუსთაველზე, პარლამენტის წინ აპირებდა, თბილისის საქალაქო სასამართლოში მიიტანა.
“გთხოვთ, არ წახვიდეთ, გარგარი მაქვს სოფლიდან ჩამოტანილი და უნდა შემოგთავაზოთ”, – უთხრა მან “ნეტგაზეთის” ჟურნალისტს სხდომაზე შესვენების დროს.
თუმცა არ დასცალდა – სათათბიროდ გასულმა თეთრაულმა შესვენების შემდეგ მისი პატიმრობის შესახებ გამოაცხადა. ქემაშვილი პირდაპირ სხდომათა დარბაზიდან გადაიყვანეს ციხეში.
მისი დაკავების შემდეგ საქალაქო სასამართლოსთან შეკრებილებს გარგარი და ალუჩა უჩას დამ, ნინი ქემაშვილმა დაურიგა. მოქალაქეები სასამართლოსთან, უჩას გარდა, ჯგუფური ძალადობის ბრალდებით, 11-პირიან საქმეზე დაკავებული დემონსტრანტების, ასევე აქტივისტ ბექა პაპაშვილის მხარდასაჭერად იყვნენ მისული.
“უჩას სკვერი”
უჩა ქემაშვილი გურჯაანის რაიონის სოფელ ჩუმლაყიდანაა. ის სოფლის მეურნეობით არის დაკავებული – ამუშავებს მიწას, აქვს ხეხილის ბაღი და ვენახი, უვლის შინაურ ცხოველებს. გარდა ამისა, არის სტიქაროსანი სოფელ ჩუმლაყის წმინდა ნიკოლოზისა და წმინდა სპირიდონის სახელობის ტაძარში.
2008 წელს უჩა ქემაშვილმა საკუთარ სახლთან სკვერი მოაწყო, რომელიც გახდა ერთადერთი თავშეყრის ადგილი სოფლის ახალგაზრდებისთვის. მან საკუთარი სახსრებით სკვერში უკაბელო ინტერნეტიც დაამონტაჟა, დადგა სკამები, უზრუნველყო განათება და შექმნა კეთილმოწყობილი სივრცე, რომელიც არა მხოლოდ ადგილობრივებისთვის, არამედ სოფლის სტუმრებისთვისაც მუდამ ღიაა.
“ეს სკვერი შევქმენი 2008 წელს, როდესაც ვმუშაობდი სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში და ჩემი ხელფასით მოვაწყვე ეს ლამაზი ადგილი. ჩავრთე უფასო WiFi, ტერიტორია გავამწვანე, აღვჭურვე ვიდეოთვალით, დავდგი სკამები, მაგიდა და აქ მოსულ ადამიანებს შეუძლიათ ისარგებლონ უფასო WiFi-ით […] ყოველთვიური შემოსავლიდან 50, 100, 150 ლარს გადავდებდი ხოლმე, რომ სკვერი მომეწყო. ყველაფერი არის ჩემი გაკეთებული. ერთი კაპიკით არავინ დამხმარებია”, – ჰყვება უჩა ქემაშვილი ვიდეოში, რომელიც მისი სახელობის სკვერის ფეისბუქგვერდზეა გამოქვეყნებულო.
სკვერის შესასვლელში უკრაინის, საქართველოსა და ევროკავშირის დროშებია ჩამოკიდებული. აქვე ნახავთ საქართველოს გერბს და სხვა ეროვნულ სიმბოლიკას. მათ შორის, დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავ ბანერს, რომელიც ქემაშვილმა იქამდე ჩამოკიდა, სანამ თბილისში თანამებრძოლებთან ალუჩას წამოიღებდა.
“აუცილებელი არ არის, მთავრობას შევყურებდეთ, როდის გააკეთებენ ან რას გაგვიკეთებენ. საერთოდ, ან გააკეთებენ, ან არა და ჯობია ისევ ჩვენი ხარჯებით, ცოტა-ცოტა ასეთი ადგილები მოეწყოს სოფლებში. ძაან მაგარი იქნება, ჩემი აზრით” ,- თქვა უჩა ქემაშვილმა 2023 წელს, ერთ-ერთი ღონისძიებაზე საჯარო გამოსვლისას.
რისთვის დააკავეს და რას ედავებიან უჩა ქემაშვილს?
უჩა ქემაშვილი დააკავეს 26 მაისს. საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით მან მშობლიური სოფლიდან ალუჩა ჩამოიტანა და რუსთაველზე შეკრებილ თანამებრძოლებს გაუმასპინძლდა.
საღამოს დემონსტრანტებმა პროტესტის ნიშნად პარლამენტის წინ დაწვეს “ქართული ოცნების” დროშა. ცეცხლმოკიდებული დროშა რამდენიმე წუთის განმავლობაში ხელში ეჭირა უჩა ქემაშვილსაც. ის ფიქრობს, რომ მისი დაკავების მიზეზი სწორედ ეს გახდა.
აქციის შემდეგ ქემაშვილი სახლისკენ საზოგადოებრივი ტრანსპორტით წავიდა. ის და მისი ადვოკატები ვარაუდობენ, რომ სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული პოლიციელების ნაწილი მას ფეხით გაჰყვა, ნაწილმა კი მანქანებით მოიყარეს თავი მის სახლთან, ვარკეთილში. საბოლოოდ, კორპუსთან მისული ქემაშვილი ათობით პოლიციელმა დააკავა. ეს დაადასტურა მისმა დამაც, რომელიც ამ ყველაფერს ფანჯრიდან უყურებდა.
“კორპუსიდან ვუყურებდი და 25 ადამიანი 1 კაცს გამოჰყვა.. რომ ჩავედი, პასუხიც არ გამცეს, რის გამო აკავებდნენ… !!!!” – სოციალურ ქსელში დაწერა ნინი ქემაშვილმა ძმის დაკავებიდან რამდენიმე წუთში.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური ვერსიაა, რომ ქემაშვილი პოლიციელებმა უბრალო გადამოწმების მიზნით გააჩერეს, ის კი მათ არ დაემორჩილა და შეურაცხყოფა მიაყენა. სწორედ ამ ორი მუხლის დარღვევას ედავებოდა შსს ქემაშვილს. ის უწყების ვერსიას უარყოფს და თავს პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებულად მიიჩნევს.
ქემაშვილის ადვოკატი, ლაშა ტყეშელაძე განმარტავს, რა გარემოებები მიანიშნებს იმაზე, რომ მისი დაკავება წინასწარ იყო დაგეგმილი: პირველ რიგში, ამას მოწმობს პოლიციელთა ის რაოდენობა, რომელიც მას სახლთან დახვდა. მათ შორის იყვნენ ძველი თბილისის პოლიციის სამმართველოს თანამშრომლები, რომლებიც ვარკეთილში შემთხვევით ვერ მოხვდებოდნენ და სავარაუდოა, რომ ქემაშვილს რუსთაველის გამზირიდან გაჰყვნენ. გარდა ამისა, ადვოკატის თქმით, სხდომაზე გამოკითხვისას ერთ-ერთ პოლიციელს წამოსცდა, რომ ოპერატიულ დავალებას ასრულებდა.
“უჩა არის ძალიან პატიოსანი, საქართველოზე შეყვარებული, რომელიც ყოველდღიურად მიწაზე შრომობს, მაგით ირჩენს თავს, ოჯახს მაგით არჩენს. მერე გამოდის აქციებზე, ალუჩას არიგებს. დაწვა ის ნაჭერი, რაც არის სიმბოლიკა და ეს არ ისჯება საქართველოს კონსტიტუციით, არ ისჯება საქართველოს კანონით. მაგის გამო ვერ დასჯიდნენ. ალუჩის დარიგებაზეც ადამიანს ვერ დასჯი, რაღაც ნაჭრის დაწვაზე ვერ დასჯი და გამოუგონეს. აადევნეს ათეულობით პოლიციელი. გამოუგონეს, რომ ვითომ მათ მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა.
არის ძალიან მნიშვნელოვანი დეტალი, რომელზეც საზოგადოებამ მინდა გაამახვილოს ყურადღება: ადამიანი დაიჭირეს ვარკეთილში. თუ იქ პოლიციელს გაუწევდა წინააღმდეგობას, უნდა ყოფილიყო ადგილობრივი პოლიცია, ვარკეთილის პოლიცია, რომელიც ყოველდღე, საღამოობით დადის და ამოწმებს სხვადასხვა ადამიანს. მაგრამ, აქ ასე არ მოხდა. ძველი თბილისის პოლიცია აედევნა რუსთაველიდან – ზოგი ავტობუსში აჰყვა, ზოგი სხვადასხვა მანქანებით გაეკიდა და ბოლო მისამართზე, სადაც უჩა მიდიოდა, იქ დახვდა ათეულობით პოლიცია და დააკავეს. ეს იყო ორგანიზებული – ოპერატიული დავალება მიიღეს რუსთაველიდან, რომ უჩა დაეკავებინათ, სახლამდე სდიეს და სახლთან დააკავეს”, – განაცხადა ლაშა ტყეშელაძემ.
როგორც ქემაშვილი ჰყვება, თავდაპირველად პოლიციელები მის მიმართ საკმაოდ აგრესიულები იყვნენ, მაგრამ მას შემდეგ, რაც მისი დაკავების ამბავი მედიაში გავრცელდა, სამართალდამცველების დამოკიდებულება მის მიმართ შეიცვალა და უფრო “ძმაკაცური” ტონი მიიღო. მაგალითად, მას ეუბნებოდნენ, რომ ცნობდნენ ტიკტოკიდან და უყურებდნენ მის ვიდეოებს. თუმცა ქემაშვილმა ეს შეფარულ მუქარად მიიღო, რადგან ტიკტოკზე ხშირად აქვეყნებს “ქართული ოცნებისადმი” კრიტიკული შინაარსის ვიდეოებს.
“პიდარასტების გვერდზე როგორ დგახარ, რუსეთი ჩვენი ძმა არის, ოდითგანვე ჩვენი მოძმე იყო – განყოფილებაში ძირითადად ამას იძახდნენ. დებილი უნდა იყო ადამიანი, რომ ვერ მიხვდე, რომ მაგ ძონძის დაწვის გამო დამაკავეს […] მთავრობა და პოლიცია ერთი და იმავე სიტყვებით საუბრობენ. რასაც ისინი [“ქართული ოცნება”] ეუბნებიან, ჩიჩილაკი კობახიძე და თვითმარქვია ხელისუფლება, მაგას იმეორებენ პოლიციელები. პოლიციაც არის პოლიტიზებული. სამწუხაროა, რომ პოლიციელები გადაიქცნენ ასეთი არაკანონიერი დავალების შემსრულებლებად”, – თქვა ქემაშვილმა დღეს, თბილისის საქალაქო სასმართლოში გადაწყვეტილების გამოცხადებამდე.
სხდომაზე თან ჰქონდა თაბახის ფურცელზე გაკეთებული წარწერა: “თავისუფლება ნიკა ჯავახიშვილს და რეჟიმის ყველა ტყვეს!”
19 წლის სტუდენტი, ნიკოლოზ ჯავახიშვილი, რომელიც ქემაშვილის მსგავსად კახეთიდანაა, აქციაზე ჯგუფურ ძალადობაში მონაწილების მუხლით დააკავეს გასული წლის დეკემბერში. ის უკვე ნახევარი წელია ციხეშია.
“აუცილებლად გამოხვალთ ყველანი გარეთ, ბიჭებო, და ერთად ვიბრძოლებთ” – ასე მიმართა ქემაშვილმა ჯავახიშვილსა და იმავე საქმეზე დაკავებულ კიდევ 18 მოქალაქეს რამდენიმე წუთით ადრე მანამ, სანამ თავადაც არ დააკავეს.
პირველი დაკავება და ჯარიმა
უჩა ქემაშვილი აქტიურად მონაწილეობდა რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციებშიც 2023 და 2024 წლებში. “ევროპული სოფლიდან ევროპელებისთვის” ალუჩა მაშინაც ჩამოჰქონდა. ის ჰყვება, როგორ დააკავეს და დააჯარიმეს გასულ წელს. შსს მაშინაც პოლიციელის შეურაცხყოფას ედავებოდა.
“რუსული კანონი რომ უნდა მიეღოთ მაშინ, ოლიგარქის მოსამართლემ, ჩიკაშუამ [ირაკლი ჩიკაშუა] დამაჯარიმა. მიუხედავად იმისა, რომ კადრები მქონდა წარდგენილი – სხვათა შორის, ამათი ტელევიზიიდან, “იმედიდან” აღებული – რომ მე ვიდექი პოლიციასა და აქციის მონაწილეებს შორის და ვეუბნებოდი ჩვენს დებს და ძმებს, რომ გარღვევა [კორდონის] არ ვცადოთ, იმიტომ, რომ ამათ უკან დგანან რობოკოპები, რობოკოპების უკან სპეცრაზმი, მერე წყლის ჭავლის მანქანა. ამ დროს, როცა ხელით ვანიშნებდი არა-მეთქი, უკნიდან მომეპარნენ, შემათრიეს, მათრიეს, აი, ეს [მკლავი] სულ გაყვლეპილი მქონდა და ამის მიუხედავად, ამ მტკიცებულებების მიუხედავად, მაინც 2200 ლარით დამაჯარიმეს.
თუმცა იმის მერე მაინც აქციებზე დავდივარ. ვერაფერი ვერ შემაშინებს. თუ ვიბრძვით, უნდა ვიბრძოლოთ. შინდებიან მხოლოდ ლაჩრები, ასე მიმაჩნია. წინაზეც დამაკავეს ამაზე – შეურაცხყოფაზე. ისევ იმას ჩავდივარ? სხვა რაღაცა მაინც შემოგვტენონ”, – ამბობს ქემაშვილი.
უჩა ქემაშვილი ციხეს 10 დღის შემდეგ, 16 ივნისს დატოვებს. როგორ თავად ამბობს, დანებებას არ აპირებს, რადგან “მხოლოდ ლაჩრები შეშინდებიან, ბრძოლა გრძელდება, აუცილებლად გავიმარჯვებთ. არც ერთი ნაბიჯი უკან”.