„სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ ხელმძღვანელის, თამთა მიქელაძის განცხადებით, აქციაზე დაშავებულ ალექსანდრე თირქიას ჯანდაცვის სამინისტრომ ოპერაციის დაფინანსებაზე უარი უთხრა.
2024 წლის 3 დეკემბერს საპროტესტო აქციაზე დაშავებული 22 წლის ალექსანდრე თირქია ხელოვნური კომაში იმყოფებოდა.
ალექსანდრე თირქიას ინტერესებს „სოციალური სამართლიანობის ცენტრი“ იცავს.
„გაოგნებული ვარ, რომ „ქართულმა ოცნებამ“ გაბედა და ალექსანდრეს, რომელმაც უმძიმესი ტრავმები და დაზიანებები სწორედ სახელმწიფოს უკანონო და ძალადობრივი ქმედებების შედეგად მიიღო, საოპერაციო ხარჯები არ აუნაზღაურა.
ახლა მას თვალის ბადურას უფრო დაბალბიუჯეტიანი ოპერაციის გაკეთება სჭირდებოდა და წინ თავზე კიდევ უფრო მძიმე, ძვირადღირებული და მაღალპროფესიონალური ოპერაცია აქვს, რომ სრულფასოვანი ცხოვრება შეძლოს. სავარაუდოდ, ისინი ამ ოპერაციის დაფინანსებაზეც უარს იტყვიან, რაც ძალიან მძიმე გავლენას მოახდენს ამ ახალგაზრდის ჯანმრთელობაზე და შემდგომ ფსიქო-სოციალურ რეაბილიტაციაზე.
სახელმწიფოს შევახსენებ, რომ ძალადობის მსხვერპლების სამედიცინო საჭიროებების და ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციის ხარჯების გაცემა მისი ვალდებულებაა და არა კეთილი ნება. ეს ვალდებულება მათ შორის, წამების, არაადამიანური მოპყრობისა და ღირსების შემლახავი მოპყრობის მსხვერპლების მიმართ სახელმწიფოს პოზიტიური ვალდებულებებიდან და ეფექტიანი სამართლებრივი დაცვის საშუალებებზე უფლებიდან გამომდინარეობს და დაცულია საერთაშორისო სამართლით.
აუცილებლად გვექნება ამ საკითხზე სამართლებრივი რეაგირება. მაგრამ ეს ხომ კიდევ ერთხელ აჩვენებს, ამ სახელმწიფო ინსტიტუტების სრულ გადაგვარებას და არაადამიანურ და ანტისოციალურ მიდგომებს ყოველდღიურ ადმინისტრაციულ პრაქტიკებშიც კი.
მსხვერპლებს სჭირდება სრული რეპარაცია უფლებებში და ეს მათ შორის გულისხმობს მათი რეტრავმატირებისგან დაცვას.
წარმოიდგინეთ როგორ იქნება ეს გამორჩეული და ღირსეული ახალგაზრდა, რომელზეც სახელმწიფომ სასტიკად იძალადა, ძლივს გადაურჩა ამ უმძიმესი ფიზიკურ ტრავმას, ოპერაციების, კომის უმძიმესი გამოცდილება გამოიარა, ახლაც მისი ბებია ყოველდღე ზრუნავს მასზე და მის ფსიქოლოგიურ მდგრადობაზე. ამ ტანჯვისა და სისასტიკის შემდეგ კი სახელმწიფო მას რეაბილიტაციის უფლებას ართმევს. არც ერთ რეჟიმს ეს არ უკადრია“, – წერს თამთა მიქელაძე Facebook-ზე.
როგორც თამთა მიქელაძე აცხადებს, ალექსანდრე თირქიას საქმე, სხვა ძალადობის მსხვერპლთან ერთად, რომლებიც ნოემბრისა და დეკემბრის თვეებში, შეკრების დროს, პოლიციის მიერ სპეციალური საშუალებების უკანონო და არაპროპორციული გამოყენების, წამების, არაადამიანური და ღირსების შემლახავი მოპყრობის მსხვერპლნი გახდნენ, ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს მიმდინარე წლის განმავლობაში გაიგზავნება.
განახლება:
ალექსანდრე თირქიას დაფინანსებასთან დაკავშირებით მოგვიანებით, განცხადება გააკეთა „ქართული ოცნების“ ჯანდაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ. მისი თქმით, კლინიკის შეცდომის გამო ალექსანდრე თირქიას დოკუმენტაცია არასწორად აიტვირთა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში.
სარჯველაძის თქმით, როგორც კი დოკუმენტაცია სწორად აიტვირთება, ალექსანდრე თირქიას საოპერაციო ხარჯები დაუფინანსდება.
„როგორც ჩანს, თქვენ საუბრობთ გუშინ ხელოვნურად ატეხილ აჟიოტაჟზე და ახალი პანიკის გამოწვევის მცდელობაზე. რა თქმა უნდა, ეს არ არის სინამდვილეს არ შეესაბამება. ნახევრად ნათქვამი სიმართლე, თუ რაც გინდათ ის დავარქვათ, მაგრამ რეალობა გახლავთ ასეთი – ერთ-ერთი კლინიკის თუ მათი პერსონალის დაუდევრობის გამო არასწორი მიმართულებით იქნა გამოგზავნილი განაცხადი და ინფორმაცია დაფინანსებასთან დაკავშირებით. ეს გადასარევად იცის თვითონ კლინიკამაც და მისმა თანამშრომლებმაც, რომლებმაც არასწორი დოკუმენტაცია ატვირთეს არასწორ ადგილას არასწორი ფორმით. სხვა წინა შემთხვევებშიც ამ კონკრეტულ პიროვნებასთან დაკავშირებით ყოველთვის დამაკმაყოფილებელი და მისაღები გადაწყვეტილება მიიღებოდა ჩვენი სამინისტროს მხრიდან. ასეც იქნება, როგორც კი არა დაუდევრობით, არამედ გულისხმიერებით მოეკიდებიან კონკრეტული პაციენტის ინტერესებს – სწორად ატვირთავენ კონკრეტულ დოკუმენტაციას, რასაკვირველია, ეს გახდის შესაძლებელს, რომ კონკრეტული სამედიცინო მანიპულაცია კონკრეტულ პირს დაუფინანსდეს. სხვაგვარად ეს არ შეიძლება“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.
ალექსანდრე თირქია 3 დეკემბერს პარლამენტი წინ გამართულ აპროტესტო აქციაზე დაშავდა. სავარაუდოდ, მას თვალში მოხვდა სპეცრაზმელის მიერ ნასროლი გაზის კაფსულა. ის კლინიკაში შეიყვანეს სკალპის ღია ჭრილობით, შუბლის ძვლისა და თვალ-ბუდის მოტეხილობით, ასევე ტვინის გარსებში სისხლჩაქცევით. მას ოპერაცია დაუყოვნებლივ, ინგოროყვას კლინიკაში შეყვანისთანავე ჩაუტარდა და რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფებოდა.