ახალი ამბები

კობახიძე ევროპის დღის ღონისძიებას არ ესწრება, რადგან მოსაწვევი არ მიუღია

9 მაისი, 2025 •
კობახიძე ევროპის დღის ღონისძიებას არ ესწრება, რადგან მოსაწვევი არ მიუღია

„ქართული ოცნების“ წარმომადგენლები 9 მაისს, ევროპის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას წელსაც არ დაესწრებიან.

ამის შესახებ „ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა და აღნიშნა, რომ მოსაწვევი არ მიუღიათ.

„გამომდინარე იქიდან, რომ  აქ [ევროპის დღის ღონისძიებაზე] პროტოკოლი არ არის დაცული, ჩვენ მოკლებული ვართ შესაძლებლობას, მივიღოთ მონაწილეობა. რომ დაეცვათ პროტოკოლი, რა თქმა უნდა, აუცილებლად მივიღებდით მონაწილეობას… პროტოკოლი არის, როდესაც კონკრეტული საელჩო გეგმავს ღონისძიებას, მათ უნდა გამოგზავნონ მოსაწვევი მთავრობის მისამართზე. რადგან ეს პროტოკოლი დაარღვიეს და გააგრძელეს ის საბჭოური მიდგომა, რომელსაც ავლენენ კონკრეტული ევროპელი ჩინოვნიკები, დაირღვა პროტოკოლი, შესაბამისად, ჩვენ არ ვიქნებით იქ“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

როგორც ნეტგაზეთს ევროკავშირის წარმომადგენლობაში განუცხადეს, „ქართული ოცნების“ ხელისუფლების წარმომადგენლები ღონისძიებაზე მიწვეული არ არიან.

ამ საკითხზე კომენტარი გააკეთა ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმაც.

„ეს საჯარო ღონისძიებაა და ყველა დავპატიჟეთ. ალბათ, თქვენ ნახეთ კამპანია მედიაში, სოციალურ მედიაში ჩვენი პოსტერები, ამიტომ, იმედი მაქვს, რომ ბევრი ადამიანი მოვა, რომ აღნიშნოს ევროპის დღე ჩვენთან ერთად. არ გაგვიგზავნია პირადი მოწვევა არც ამჟამინდელი და არც წინა ხელისუფლებისთვის“, – განაცხადა პაველ ჰერჩინსკიმ.

დღეს, 9 მაისს ევროპის დღე აღინიშნება. საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ორგანიზებით ევროპის დღის აღსანიშნავად, ტრადიციულად, იმართება ღონისძიება ექსპოჯორჯიაში. მსგავს ღონისძიებას „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები შარშანაც არ დასწრებიან, მაშინ, როცა გასულ წლებში მათი წარმომადგენლები ევროპის დღის აღსანიშნავ ღონისძიებაში მონაწილეობდნენ ხოლმე.

მასალების გადაბეჭდვის წესი