საზოგადოება

გარდაიცვალა პატიმარი, რომელიც კლინიკაში მრავლობითი ფიზიკური დაზიანებებით შეიყვანეს

5 მაისი, 2025 •
გარდაიცვალა პატიმარი, რომელიც კლინიკაში მრავლობითი ფიზიკური დაზიანებებით შეიყვანეს

გლდანის ციხიდან კლინიკა ვივამედში მრავლობითი დაზიანებებით შეყვანილი პაციენტი 3-თვიანი მკურნალობის შემდეგ გარდაიცვალა.

პატიმრის დაღუპვის ფაქტთან დაკავშირებით სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა გამოძიება დაიწყო. გამოძიება მიმდინარეობს სამსახურებრივი გულგრილობის მუხლით, რამაც ადამიანის გარდაცვალება გამოიწვია.

“სამსახურებრივი გულგრილობა, ესე იგი მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ თავისი სამსახურებრივი მოვალეობის შეუსრულებლობა ან არაჯეროვნად შესრულება მისდამი დაუდევარი დამოკიდებულების გამო, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა ან სხვა მძიმე შედეგი – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ხუთ წლამდე.

საუბარია 3 თვის წინ მომხდარ ფაქტზე. იანვრის თვის ბოლოს ადვოკატმა მუხრან ღურწკაიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ გლდანის ციხიდან ნაცემი პატიმარი გადაიყვანეს კლინიკა ვივამედში. ის წუხელ გარდაიცვალა. IPN-ს კლინიკის დირექტორმა ზურაბ ჩხაიძემ დაუდასტურა, რომ პაციენტი, რომელსაც მრავლობითი ტრავმული დაზიანება ჰქონდა, ჩატარებული მკურნალობის მიუხედავად გარდაიცვალა.

სახალხო დამცველის აპარატმა განაცხადა, რომ გარდაცვალების მიზეზების გამოკვეთისა და შეფასების მიზნით შემთხვევის სრულფასოვან შესწავლას მოახდენს.

“საზოგადოებას შევახსენებთ, რომ  პატიმრის მძიმე დაზიანებებით კლინიკაში მოთავსების ფაქტი საჯარო გახდა 2025 წლის 29 იანვარს. სახალხო დამცველის აპარატი ჩართული იყო საკითხის შესწავლაში.

სახალხო დამცველის წარმომადგენელი პატიმრის მდგომარეობის გადამოწმებისა და სამედიცინო პერსონალთან გასაუბრების მიზნით იმყოფებოდა კლინიკაში. ასევე, საჭირო ინფორმაციის მოსაპოვებლად სახალხო დამცველის რწმუნებული იმ პენიტენციური დაწესებულების პატიმრებს და ადმინისტრაციის წარმომადგენლებს შეხვდა, საიდანაც დაშავებული ბრალდებული კლინიკაში გადაიყვანეს. სამწუხაროდ, პირადად პატიმართან გასაუბრება ვერ მოხერხდა, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო.

სახალხო დამცველის აპარატმა შეისწავლა რელევანტური ინფორმაცია და საკანთან არსებული დერეფნის ვიდეოჩანაწერები. გაირკვა, რომ უშუალოდ საკანში ვიდეომეთვალყურეობა არ მიმდინარეობდა. პატიმრის სამედიცინო მასალებით ვლინდება მრავლობითი დაზიანებები. აუცილებელია, გამოძიებამ და სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზამ ამომწურავი პასუხები გასცეს მათი წარმომავლობის შესახებ კითხვებს.
სახალხო დამცველის აპარატი, უფლებამოსილების ფარგლებში, გააგრძელებს საქმის სრულფასოვან შესწავლას და საგამოძიებო უწყებებთან კომუნიკაციას, გამოძიების მონიტორინგის მიზნით”, – ნათქვამია ომბუდსმენის განცხადებაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი