ადვოკატი მუხრან ღუწრკაია ფიქრობს, რომ 46 წლის პატიმარი იოსებ გორგაძე, რომელიც მიყენებული მრავლობითი დაზიანებების შედეგად გარდაიცვალა, ციხის ბადრაგებმაც სცემეს. ამის შესახებ ადვოკატმა ტვ პირველს განუცხადა.
მისი თქმით, საქმეში მოიპოვება ციხის ადმინისტრაციის მიერ გამოცემული დოკუმენტი, სადაც აღნიშნულია, რომ პატიმარს კლინიკაში გაწერის წინ ტვინის ინსულტი ჰქონდა. სინამდვილეში კი, კლინიკა ვივამედში ეს დიაგნოზი არ დადასტურდა და აღმოჩნდა, რომ კაცს სახისა და თავის მიდამოებში 30-ზე მეტი ტრავმა აქვს მიყენებული.
გორგაძე კლინიკაში 2025 წლის 29 იანვარს გადაიყვანეს. გასულია დაახლოებით 3 თვე, თუმცა გორგაძის თქმით, არავის არაფერი გამოუძიებია.
“გამოძიება მიმდინარეობს დაახლოებით 4 თვეა, მაგრამ არანაირი შედეგი… არვისთვის არც ბრალი წაუყენებიათ. არც დაუკავებიათ… პირიქით, გამოძიებას აქვს ის ვერსია, რომ იოსებ გორგაძე, სავარაუდოდ, წაიქცა და მიიღო ის დაზიანებები თავის და სახის მიდამოებში. დაახლოებით 30-ზე მეტი დაზიანება აქვს. წარმოუდგენელია, ეს ერთი წაქცევით მიიღო. წარმოუდგენელია, რომ ეს მარტო პატიმრებს გაეკეთებინათ. ამაში, სავარაუდოდ, არის გარეული დაწესებულების თანამშრომლების ხელიც”, – აცხადებს ადვოკატი.
გლდანის ციხიდან კლინიკა ვივამედში მრავლობითი დაზიანებებით შეყვანილი პაციენტი 3-თვიანი მკურნალობის შემდეგ გარდაიცვალა.
პატიმრის დაღუპვის ფაქტთან დაკავშირებით სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა გამოძიება დაიწყო. გამოძიება მიმდინარეობს სამსახურებრივი გულგრილობის მუხლით, რამაც ადამიანის გარდაცვალება გამოიწვია.
“სამსახურებრივი გულგრილობა, ესე იგი მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ თავისი სამსახურებრივი მოვალეობის შეუსრულებლობა ან არაჯეროვნად შესრულება მისდამი დაუდევარი დამოკიდებულების გამო, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა ან სხვა მძიმე შედეგი – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ხუთ წლამდე.
საუბარია 3 თვის წინ მომხდარ ფაქტზე. იანვრის თვის ბოლოს ადვოკატმა მუხრან ღურწკაიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ გლდანის ციხიდან ნაცემი პატიმარი გადაიყვანეს კლინიკა ვივამედში. ის წუხელ გარდაიცვალა. IPN-ს კლინიკის დირექტორმა ზურაბ ჩხაიძემ დაუდასტურა, რომ პაციენტი, რომელსაც მრავლობითი ტრავმული დაზიანება ჰქონდა, ჩატარებული მკურნალობის მიუხედავად გარდაიცვალა.
სახალხო დამცველის აპარატმა განაცხადა, რომ გარდაცვალების მიზეზების გამოკვეთისა და შეფასების მიზნით შემთხვევის სრულფასოვან შესწავლას მოახდენს.
“საზოგადოებას შევახსენებთ, რომ პატიმრის მძიმე დაზიანებებით კლინიკაში მოთავსების ფაქტი საჯარო 2025 წლის 29 იანვარს გახდა. სახალხო დამცველის აპარატი ჩართული იყო საკითხის შესწავლაში.
სახალხო დამცველის წარმომადგენელი პატიმრის მდგომარეობის გადამოწმებისა და სამედიცინო პერსონალთან გასაუბრების მიზნით იმყოფებოდა კლინიკაში. ასევე, საჭირო ინფორმაციის მოსაპოვებლად სახალხო დამცველის რწმუნებული იმ პენიტენციური დაწესებულების პატიმრებს და ადმინისტრაციის წარმომადგენლებს შეხვდა, საიდანაც დაშავებული ბრალდებული კლინიკაში გადაიყვანეს. სამწუხაროდ, პირადად პატიმართან გასაუბრება ვერ მოხერხდა, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო.
სახალხო დამცველის აპარატმა შეისწავლა რელევანტური ინფორმაცია და საკანთან არსებული დერეფნის ვიდეოჩანაწერები. გაირკვა, რომ უშუალოდ საკანში ვიდეომეთვალყურეობა არ მიმდინარეობდა. პატიმრის სამედიცინო მასალებით ვლინდება მრავლობითი დაზიანებები. აუცილებელია გამოძიებამ და სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზამ ამომწურავი პასუხები გასცეს მათი წარმომავლობის შესახებ კითხვებს.
სახალხო დამცველის აპარატი, უფლებამოსილების ფარგლებში, გააგრძელებს საქმის სრულფასოვან შესწავლას და საგამოძიებო უწყებებთან კომუნიკაციას, გამოძიების მონიტორინგის მიზნით”, – ნათქვამია ომბუდსმენის განცხადებაში.
პენიტენციური სამსახური კი ირწმუნება, რომ “ჩხუბისა და ძალადობის ფაქტი მიმდინარე გამოძიების ფარგლებში არ დასტურდება”.
“ამჟამად, საგამოძიებო მოქმედებებში ჩართულია სპეციალური საგამოძიებო სამსახურიც. საზოგადოებას გამოძიების დასრულების შემდგომ ეცნობება შედეგების შესახებ“, — ნათქვამია პენიტენციური უწყების განცხადებაში.