სახალხო დამცველის ყოფილი მოადგილის, გიორგი ბურჯანაძის განცხადებით, ყველა ფაქტი მიანიშნებს, რომ იოსებ გორგაძე ციხეში წამების ან არასათანადო მოპყრობის რომელიმე ფორმას დაექვემდებარა და შემდგომ მისი გადარჩენა ვეღარ მოხერხდა.
46 წლის პატიმარი იოსებ გორგაძე, რომელიც გლდანის ციხიდან კლინიკა ვივამედში მრავლობითი დაზიანებებით შეიყვანეს, 3-თვიანი მკურნალობის შემდეგ დაიღუპა.
„ყველა ფაქტი მიანიშნებს რომ იოსებ გორგაძე ციხეში წამების ან არასათანადო მოპყრობის რომელიმე ფორმას დაექვემდებარა და შემდგომ მისი გადარჩენა ვეღარ მოხერხდა:
1) ციხეში ადამიანი იყო ჯანმრთელი და საწინააღმდეგო ინფორმაცია არ გაუვრცელებია პენიტენციურს;
2) პატიმარი 23 იანვარს ვივამედში შეიყვანეს მრავლობითი ფიზიკური დაზიანებებით – ინტერნეტში ვრცელდება პაციენტის ფორმა 100 და ასევე ზურაბ ჩხაიძის განცხადებაც ამას ადასტურებს.
3) პენიტენციური ადასტურებს, რომ საკანში ანდა სხვაგან პატიმრებთან ჩხუბი არ მომხდარა, რასაც შეეძლო ეს დაზიანებები გამოეწვია.
აქედან მარტივი დასკვნა, ციხის პირობებში ანუ სახელმწიფოს ეფექტური კონტროლის ქვეშ მიიღო ამ ადამიანმა ეს საშინელი დაზიანებები.
ახლა რაც შეეხება გამოძიებას:
1) თავიდანვე აშკარა იყო, რომ ამ საქმეში არასათანადო მოპყრობას ჰქონდა ადგილი და გაუგებარია, რატომ არ დაიწყო საკითხის გამოძიება სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა და რატომ დაიწყო იუსტიციის საგამოძიებომ. პენიტენციური დღეს ამბობს, რომ სპეციალური საგამოძიებო სამსახური დღეს უკვე „ჩართულია“, მაგრამ ეს რას ნიშნავს, ვერ ვიგებ.
2) სახალხო დამცველი თუ ამ საქმეს სწავლობს. საინტერესოა, რა ნახეს ვიდეოჩაწერებში, რასაც გაეცნენ. რა ჩანს თუნდაც საერთო სივრცეების კამერებში, რა ტრაექტორიით გადაადგილდება პატიმარი და რომელ საათებში, რომელი პერიოდიდან იკარგება მისი კვალი. ასევე, რა ინფორმაცია მიაწოდეს მას თანამესაკნეებმა.
3) ასევე სახალხო დამცველმა უნდა გვითხრას, რატომ არ გაუჩნდა ეჭვი, რომ არასათანადო მოპყრობის ნიშნები იყო სახეზე და არ მიმართა სპეციალურ საგამოძიებოს, რომ მას დაეწყო გამოძიება (და არა იმავე უწყებას, ვისი დანაშაულებრივი ქმედებაც იკვეთებოდა).
4) საეჭვოა ის, რომ პენიტენციური 1 კვირა მალავდა ამ საკითხს და მხოლოდ სხვა პატიმრების წყალობით მოხდა ინფორმაციის მიწოდება ოჯახისთვის.
აშკარაა, რომ ციხეში ყოფნის პერიოდში მოხდა პირის მიმართ წამება ან არასათანადო მოპყრობის სხვა ფორმა და შედეგად გუშინ გარდაიცვალა პატიმარი“, – წერს გიორგი ბურჯანაძე Facebook-ზე.
ადვოკატი მუხრან ღუწრკაია ფიქრობს, რომ 46 წლის პატიმარი იოსებ გორგაძე, რომელიც მიყენებული მრავლობითი დაზიანებების შედეგად გარდაიცვალა, ციხის ბადრაგებმაც სცემეს. ამის შესახებ ადვოკატმა ტვ პირველს განუცხადა.
მისი თქმით, საქმეში მოიპოვება ციხის ადმინისტრაციის მიერ გამოცემული დოკუმენტი, სადაც აღნიშნულია, რომ პატიმარს კლინიკაში გაწერის წინ ტვინის ინსულტი ჰქონდა. სინამდვილეში კი, კლინიკა ვივამედში ეს დიაგნოზი არ დადასტურდა და აღმოჩნდა, რომ კაცს სახისა და თავის მიდამოებში 30-ზე მეტი ტრავმა აქვს მიყენებული.
გორგაძე კლინიკაში 2025 წლის 29 იანვარს გადაიყვანეს. გასულია დაახლოებით 3 თვე, თუმცა, გორგაძის თქმით, არავის არაფერი გამოუძიებია.
პატიმრის დაღუპვის ფაქტთან დაკავშირებით სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა გამოძიება დაიწყო. გამოძიება მიმდინარეობს სამსახურებრივი გულგრილობის მუხლით, რამაც ადამიანის გარდაცვალება გამოიწვია.
სახალხო დამცველის აპარატმა განაცხადა, რომ გარდაცვალების მიზეზების გამოკვეთისა და შეფასების მიზნით შემთხვევას სრულფასოვნად შეისწავლის.