ახალი ამბები

თბილისს ლათინური ამერიკის ქვეყნების დელეგაცია ესტუმრა

8 ნოემბერი, 2010 • • 1091
თბილისს ლათინური ამერიკის ქვეყნების დელეგაცია ესტუმრა

არგენტინის, პარაგვაისა და სურინამის მუდმივი წარმომადგენლები გაეროში, პერუსა და ბრაზილიის მუდმივი წარმომადგენლების მოადგილეები გაეროში და ჰონდურასის საგარეო საქმეთა სამინისტროს პოლიტიკური დირექტორი დღეს საქართველოს ესტუმრნენ.

პირველი შეხვედრა ლათინური ამერიკის ქვეყნების წარმომადგენლებმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან გრიგოლ ვაშაძესთან გამართეს.

როგორც საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე წერია, შეხვედრაზე ვაშაძე ელჩებს საქართველოს საგარეო და საშინაო პოლიტიკის მნიშვნელოვან საკითხებზე ესაუბრა. ასევე, საგარეო საქმეთა მინისტრი ელჩებს ლათინური ამერიკისა და კარიბის ზღვის აუზის მიმართულებით საქართველოს ჩართულობის პოლიტიკასთან დაკავშირებითაც ესაუბრა. ჩართულობის პოლიტიკა ითვალისწინებს დიპლომატიური წარმომადგენლობების გახსნას რეგიონში და პოლიტიკური, ეკონომიკური, სავაჭრო და კულტურული კავშირ-ურთიერთობების გაღრმავებას რეგიონის ქვეყნებთან.

ელჩები დაინტერესდნენ საქართველოში მიმდინარე რეფორმებით, მეზობელ ქვეყნებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან საქართველოს ურთიერთობებით და იძულებით გადაადგილებულ პირთა მდგომარეობით.

დელეგაცია საქართველოში 13 ნოემბრამდე დარჩება.

იგეგმება შეხვედრები საქართველოს პრეზიდენტთან, პარლამენტის თავმჯდომარესა და პრემიერ-მინისტრთან.

ვიზიტის პროგრამა  ოკუპაციის ხაზის მონახულებას, დევნილებთან შეხვედრას, მცხეთისა და სიღნაღის დათვალიერებასა და კულტურულ ღონისძიებებსაც მოიცავს.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი