ახალი ამბები

ადვოკატი: ოკმელაშვილის ადმინისტრაციული სარჩელი სასამართლომ წარმოებაში მიიღო

30 აპრილი, 2025 •
ადვოკატი: ოკმელაშვილის ადმინისტრაციული სარჩელი სასამართლომ წარმოებაში მიიღო

რუსული კანონის წინააღმდეგ გამართული აქციების დროს დაკავებული გიორგი ოკმელაშვილის სარჩელი პენიტენციური სამსახურის გადაწყვეტილების წინააღმდეგ სასამართლომ წარმოებაში მიიღო. ამის შესახებ მისი ადვოკატი კობა ბარამია სოციალურ ქსელში წერს.

კერძოდ, როგორც ადვოკატი განმარტავს, დაცვის მხარე დავობს პენიტენციურის გადაწყვეტილებაზე, რომელიც გულისხმობს ოკმელაშვილის მოთავსებას დახურული ტიპის საკანში.

ადვოკატის თქმით, ბრძოლა სისხლის სამართლის საქმეზეც გრძელდება, მას შემდეგ, რაც ოკმელაშვილი სააპელაციო სასამართლომაც დამნაშავედ ცნო. როგორც მან აღნიშნა, გადაწყვეტილება უზენაეს სასამართლოში გასაჩივრდება.

“როგორც თქვენთვის ცნობილია, გიორგი ოკმელაშვილს, თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ დადგენილი გამამტყუნებელი განაჩენის შემდეგ, საწყის ეტაპზე საშიშროების „საშუალო“ ხარისხის რისკი და ნახევრად ღია ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში სასჯელის მოხდის მიზნით განთავსება განესაზღვრა.
მოგვიანებით, ერთი თვის თავზე, პენიტენციურმა სამსახურმა კონკრეტული ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლის გარეშე გიორგი ოკმელაშვილს დაუმძიმა რისკის ხარისხი და განუსაზღვრა საშიშროების „მომეტებული“ რისკი. შედეგად, გიორგი ოკმელაშვილი მოათავსეს დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში (ერთ ოთახში).

ბრძოლას ვაგრძელებთ სისხლის სამართლის საქმეზეც. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 28 აპრილის უკანონო და დაუსაბუთებელი განაჩენი, რომლითაც ძალაში დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი, გასაჩივრდება საქართველოს უზენაეს სასამართლოში.

თბილისის სააპელაციო სასამართლომაც გაიზიარა ცრუ მოწმეთა ჩვენებები, რომლებიც არსებით წინააღმდეგობაში მოდის ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ ძირითად ვიდეოჩანაწერთან.
აუცილებლად დავამტკიცებთ მოწმეთა მიერ ცრუ ჩვენების მიცემის ფაქტებს!”, – წერს ადვოკატი სოციალურ ქსელში.

თბილისის სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა გიორგი ოკმელაშვილისთვის საქალაქო სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენი, რაც 5 წლით თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს.

გიორგი ოკმელაშვილი „რუსული კანონის“ წინააღმდეგ გამართული აქციების პერიოდში, 2024 წლის მაისში, საკუთარ სახლში დააკავეს, ხოლო 2025 წლის 3 თებერვალს თბილისის საქალაქო სასამართლომ დამნაშავედ ცნო და 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

დაკავების შემდეგ, თავდაპირველად, გიორგი ოკმელაშვილს ბრალი წარუდგინეს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით, რაც სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს. მოგვიანებით ბრალი დაუმძიმეს და 260-ე მუხლის პირველი ნაწილი დაუმატეს, რაც ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.

გიორგი ოკმელაშვილი ნარკოტიკის ქონას უარყოფდა. რაც შეეხება პოლიციელზე თავდასხმას , ის ამბობდა, რომ ინციდენტი მაშინ მოხდა, როცა ცდილობდა სპეცრაზმელებისგან დაეცვა მოქალაქე, რომლის საკუთარ კორდონში შეთრევასაც შავნიღბიანები უსაფუძვლოდ ცდილობდნენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი