რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციებზე დაკავებულ გიორგი ოკმელაშვილის საქმეზე დასკვნითი სხდომა 3 თებერვლისთვის გადაიდო.
თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ გიორგი გელაშვილმა დღევანდელ სხდომაზე თქვა, რომ საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე იქნებ მხარეებმა საპროცესო შეთანხმებაზე მოილაპარაკონ.
„სასამართლოს აქვს მოლოდინი, რომ ამ პირობებში და ამ მოცემულობაში შესაძლებელია, მხარეები ერთმანეთთან შეთანხმდნენ, თუმცა არც დამთავრებაა პრობლემა“, — განაცხადა გიორგი გელაშვილმა.
სარეკლამო სააგენტო „ლიმონის” დამფუძნებელი გიორგი ოკმელაშვილი რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციების დროს, მიმდინარე წლის მაისში, სამსახურისკენ მიმავალ გზაზე დააკავეს. პარალელურად, პოლიცია შევიდა მის სახლსა და სამუშაო ოფისში.
მოსამართლის საპასუხოდ ოკმელაშვილმა იკითხა: ჩვენგან რას ითხოვენ? — რაზეც გელაშვილმა უპასუხა, რომ ეს მხარეთა შორის შეჯერების საკითხია და არა სასამართლოსი.
დღევანდელ პროცესზე მხარეებმა რეპლიკებით ისარგებლეს.
თავდაპირველად მას ბრალი წარუდგინეს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით, რაც სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს. მოგვიანებით, მისი ბრალი დამძიმდა 260-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, გიორგი ოკმელაშვილს 4-დან 7- წლამდე პატიმრობა ემუქრება.
გიორგი ოკმელაშვილი ნარკოტიკის ქონას უარყოფს. რაც შეეხება პოლიციელზე თავდასხმას , ის ამბობს, რომ ინციდენტი მაშინ მოხდა, როცა ცდილობდა სპეცრაზმელებისგან დაეცვა მოქალაქე, რომლის საკუთარ კორდონში შეთრევასაც შავნიღბიანები უსაფუძვლოდ ცდილობდნენ.