ახალი ამბები

სააპელაციო სასამართლომ ოკმელაშვილი დამნაშავედ ცნო

28 აპრილი, 2025 •
სააპელაციო სასამართლომ ოკმელაშვილი დამნაშავედ ცნო

თბილისის სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა გიორგი ოკმელაშვილისთვის საქალაქო სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენი, რაც 5 წლით თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს.

გიორგი ოკმელაშვილი „რუსული კანონის“ წინააღმდეგ გამართული აქციების პერიოდში,  2024 წლის მაისში, საკუთარ სახლში დააკავეს, ხოლო 2025 წლის 3 თებერვალს თბილისის საქალაქო სასამართლომ დამნაშავედ ცნო და 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

პატიმრის ადვოკატმა კობა ბარამიამ ნეტგაზეთს უთხრა, რომ საქმეს ჯერ უზენაეს სასამართლოში წაიღებენ, შემდეგ კი საჩივარს სტრასბურგის სასამართლოშიც შეიტანენ. მისივე თქმით, დღეს მხარეების დასკვნითი სიტყვების გახმიანებისას, დაცვის მხარე აჩვენებდა ვიდეოს, სადაც ჩანს, რომ საქმეში მოწმეებად წარმოდგენილი ადამიანები ზურგით დგანან მაშინ, როდესაც სავარაუდო “დანაშაული” შეიძლება ხდებოდეს.

ოკმელაშვილის პატიმრობაში დატოვების გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოში მოსამართლე გიორგი კერატიშვილმა მიიღო.

დაკავების შემდეგ, თავდაპირველად, გიორგი ოკმელაშვილს ბრალი წარუდგინეს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით, რაც სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს. მოგვიანებით ბრალი დაუმძიმეს და 260-ე მუხლის პირველი ნაწილი დაუმატეს, რაც ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.

გიორგი ოკმელაშვილი ნარკოტიკის ქონას უარყოფდა. რაც შეეხება პოლიციელზე თავდასხმას , ის ამბობდა, რომ ინციდენტი მაშინ მოხდა, როცა ცდილობდა სპეცრაზმელებისგან დაეცვა მოქალაქე, რომლის საკუთარ კორდონში შეთრევასაც შავნიღბიანები უსაფუძვლოდ ცდილობდნენ.

ოკმელაშვილის საქმე სახელმწიფოს მიერ უფლებამოსილების გადაჭარბების მაგალითია – არასამთავრობოები

 

მასალების გადაბეჭდვის წესი