მიუხედავად იმისა, რომ „რუსული კანონის“ საწინააღმდეგო აქციების დროს დაკავებული გიორგი ოკმელაშვილის სისხლის სამართლის საქმე სამივე ინსტანციის სასამართლოში დასრულდა, პროკურატურა მას კუთვნილ ძვირადღირებულ ტექნიკას ამ დრომდე არ უბრუნებს. ინფორმაციას ამის შესახებ „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ (საია) ავრცელებს.

ორგანიზაციის ცნობით, გიორგი ოკმელაშვილის საქმეზე 2025 წლის 13 ნოემბერს საკასაციო სასამართლომ საბოლოო განაჩენი გამოიტანა, რითაც საქართველოში სამართალწარმოების პროცესი დასრულდა. თუმცა შპს „ლიმონიდან“ ამოღებული კომპიუტერული ტექნიკა, რომელსაც დიდი საბაზრო ღირებულება აქვს, მესაკუთრისთვის ჯერ კიდევ არ დაუბრუნებიათ.

ფინანსური ზიანი და გაჩერებული ბიზნესი

ადვოკატების განმარტებით, ტექნიკის ამოღებისა და მისი დაყოვნების გამო, კომპანიას და მესაკუთრეს მნიშვნელოვანი ფინანსური ზიანი ადგებათ. უფლებადამცველის ინფორმაციით, ფაქტობრივად გაჩერდა ერთ-ერთი წარმატებული ქართული ვიდეოსაწარმო, რომელიც როგორც საქართველოში, ისე ქვეყნის ფარგლებს გარეთ ოპერირებდა.

„საია-მ, რომელიც ამ საქმეს სასამართლო მონიტორინგს უწევდა, ჯერ კიდევ პროცესის მიმდინარეობისას მიუთითა საქმის ხელოვნურად გაჭიანურებასა და სავარაუდო პოლიტიკური ნიშნით დევნის მოტივებზე“ ,— ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში.

პროკურატურის პოზიცია და ექსპერტიზის ვადები

გიორგი ოკმელაშვილს ბრალად პოლიციელზე თავდასხმა და მცირე ოდენობით ნარკოტიკული ნივთიერების შენახვა ედებოდა. საია-ს შეფასებით, ბრალის შინაარსიდან გამომდინარე, თავიდანვე ჩნდებოდა კითხვები, თუ რა კავშირი ჰქონდა ამოღებულ კომპიუტერულ ტექნიკას საქმესთან.

დაცვის მხარემ პროკურატურას არაერთხელ მიმართა თხოვნით, დაებრუნებინათ ნივთები, ან მინიმუმ ტექნიკის ის ნაწილები (მაგალითად, ოპერატიული მეხსიერების ბარათები), რომლებიც ინფორმაციას არ ინახავს და ექსპერტიზისთვის უსარგებლოა. ადვოკატის განცხადებით, საგამოძიებო უწყებისგან მათ დასაბუთებული პასუხი ამ დრომდე არ მიუღია.

აღსანიშნავია, რომ ტექნიკაზე ექსპერტიზა 2024 წლის 16 მაისს დაინიშნა. მიუხედავად იმისა, რომ სამი ინსტანციის სასამართლო პროცესი ისე დასრულდა, რომ ექსპერტიზის პასუხი ცნობილი არ გახდა, ნივთმტკიცებების ბედი საბოლოო განაჩენშიც არ გადაწყვეტილა.

სისტემური პრობლემა

საია მიუთითებს, რომ ექსპერტიზის დასკვნის გაცემის გაჭიანურება და ნივთების დაყოვნება სისტემურ ხასიათს ატარებს. ორგანიზაციის შეფასებით, პროკურატურა ხშირად იყენებს ფორმალურ საფუძვლებს, რათა გაჭიანურებული ექსპერტიზის მოტივით უხეშად ჩაერიოს საკუთრების უფლებაში.

„ეს პრაქტიკა ბრალდების მხარეს აძლევს შესაძლებლობას, ექსპერტიზის ბერკეტით, არაგონივრული ვადით დააყოვნოს ნივთები და ამით ბრალდებულს ან მის ბიზნესს მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი მიაყენოს“, — აცხადებენ საია-ში.

ორგანიზაცია ხაზს უსვამს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს სტანდარტით, სამართალწარმოების დასრულების შემდეგ ნივთების მესაკუთრისთვის არდაბრუნება საკუთრების უფლების დარღვევად ფასდება.