ნიუ იორკ თაიმსი წერს, რომ საქართველოს მთავრობა ელექტრო და ჰიბრიდული ტრანსპორტის შესყიდვას აპირებს.
საქართველოს მთავრობის გეგმა, ამერიკული მედიის ცნობით, არის 4 წელიწადში 4 ათასი ელექტრო ჰიბრიდული ავტომობილის შეძენა. მთავრობა მის მფლობელობაში არსებულ სატრანსპორტო საშუალებების ჰიბრიდული ელექტრო ავტომობილებით შეცვლას აპირებს.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში ნეტგაზეთს განუცხადეს, რომ ელექტრო ჰიბრიდული ავტომობილების შეძენაზე ისინი კომენტარს არ აკეთებენ. თუმცა დაგვიდასტურეს, რომ ინფორმაცია, რომელიც ნიუ იორკ თაიმსის მასალაშია, სიმართლეს შეესაბამება.
საუბარია ამერიკული ავტომობილების მწარმოებელი კომპანიის, ჯენერალ მოტორსის ახალ ელექტრო ჰიბრიდულ ავტომობილზე. ნიუ იორკ თაიმსი წერს, რომ საქართველოს მთავრობას მოლაპარაკებები აქვს ჯენერალ მოტორსთან, რასაც თავად კომპანიაც ადასტურებს.
სტატიის ავტორი ვარაუდობს, რომ საქართველოს მთავრობას სწორედ შევროლე ვოლტის შესყიდვა აქვს დაგეგმილი.
ჰიბრიდული ავტომობილი ამერიკაში მასობრივად 2010 წლის ბოლოს გამოვა. მას ელექტრომობილის რეჟიმში შეუძლია 65 კმ. გაიაროს. მოდელი შევროლე ვოლტი 41 ათასი ამერიკული დოლარი ღირს. ხოლო 4 ათასი შევროლე ვოლტი – 164 მილიონი აშშ დოლარი.
რა არის ელექტრო ჰიბრიდული ავტომობილი: ეს არის ავტომობილი, რომლის კვების წყარო არის ელექტროენერგია. აკუმულატორის ელემენტები იტენება, რომლის საშუალებითაც ავტომობილს რამდენიმე კილომეტრის გავლა შეუძლია. კილომეტრების რაოდენობა დამოკიდებულია კონკრეტულ მოდელზე.
ჰიბრიდული ელექტრო ავტომობილები, როგორც წესი, უფრო მძიმეა ჩვეულებრივ ავტომობილებზე და, როგორც წესი, უფრო ძვირი ღირს, ვიდრე ჩვეულებრივი ავტომობილები.
ყველაზე პოპულარული ჰიბრიდული ელექტრო ავტომობილი ტოიოტა პრიუსია, რომელიც პირველად 1997 წელს გამოვიდა. ეს ავტომობილი 70 ქვეყანაში გაიყიდა. მისი საშუალო ფასი დაახლოებით 28 ათასი აშშ დოლარია.
სახელმწიფო მფლობელობაში არსებული 4 ათასი ავტომობილი, 4 წელიწადში ჰიბრიდული ელექტრო ავტომობილებით შეიცვლება- ასეთია საქართველოს მთავრობის გეგმა. მინისტრი ვერა ქობალია ამბობს, რომ ერთ–ერთი, რისი შეცვლაც არ იგეგმება, პრეზიდენტის კორტეჟია.
„საბარგო და უფრო დიდი მანქანები, მათ შორის ისინი, რომლებიც პრეზიდენტის კორტეჟს შეადგენენ, გამონაკლისს წარმოადგენენ, რადგან დღეს ხელმისაწვდომი ელექტრომანქანები არაადეკვატური სიმძლავრის და არასაკმარისად დაცული არიან“ – ამბობს ქობალია ნიუ იორკ თაიმსთან ინტერვიუში.
ნიო იორკ თაიმსი წერს, რომ საქართველო მწარმოებლებს, შესყიდვების გარდა, მომსახურე და დასამუხტი სადგურების აშენებას სთხოვს. დასამუხტი სადგურები ბენზინგასამართი სადგურის ტიპის იქნება, სადაც ავტომობილს, ბენზინის ჩასხმის ნაცვლად, უბრალოდ დატენი.
ჯენერალ მოტორსის წარმომადგენელი ნიუ იორკ თაიმსთან კომენტარში ამბობს, რომ საქართველოს მთავრობასთან მოლაპარაკებებს მართლაც აწარმოებს. მაგრამ მაგრამ ამბობს, რომ რომ მისი Chevy Volts-ის საწყისი პროდუქცია საქართველოზე ფოკუსირებული არ იყო.