ახალი ამბები

გიორგი ჩიკვაიძე სასამართლო პროცესიდან გააძევეს

17 აპრილი, 2025 •
გიორგი ჩიკვაიძე სასამართლო პროცესიდან გააძევეს

ბიზნესმენი გიორგი ჩიკვაიძე დღეს, 17 აპრილს სასამართლო პროცესზე ეტლით მიიყვანეს.

მან თქვა, რომ პენიტენციურ დაწესებულებაში გადაიტანა ინსულტი, აქვს ზურგის ტვინის ანთება, წართმეული აქვს მარცხენა ფეხი და მხედველობა მარცხენა თვალში. ჩიკვაიძის თქმით, 13 მარტის ღამე არ ახსოვს, 45 წუთი მიმდინარეობდა კრუნჩხვის ეპიზოდი და მეორე დღეს გადაიყვანეს ციხის საავადმყოფოში. მიუხედავად ამისა, არ ენდობა ციხის ექიმებს და არ აძლევს მათ მკურნალობის უფლებას.

გარდა ამისა, ჩიკვაიძის თქმით, მასთან ფსიქოლოგის სტატუსით უკამერო ოთახში შედიან ადამიანები, რომლებიც დანაშაულის აღიარებას სთხოვენ. ჩიკვაიძის თქმით, მასზე ზეწოლა ბიძინა და ალექსანდრე ივანიშვილების დავალებით ხდება.

გიორგი ჩიკვაიძემ თქვა, რომ სასამართლო, თავისი უკანონო გადაწყვეტილებებით, მონაწილეობს მის მკვლელობაში.

მან რამდენჯერმე უწოდა სასამართლოს 30 ვერცხლად გაყიდული.

„30 ვერცხლი რას ნიშნავს, ე.ი. თქვენ მაცხოვარი ხართ და სასამართლო იუდაა?“ — ჰკითხა მოსამართლე იზა კელენჯერიძემ ბრალდებულს.

გიორგი ჩიკვაიძემ უპასუხა, რომ ის მაცხოვარი არაა, — მსხვერპლია, სასამართლო კი იუდაა.

მოსამართლე იზა კელენჯერიძემ ბრალდებულს რამდენჯერმე მოუწოდა, შეწყვიტოს სასამართლოს შეურაცხყოფა და ბოდიში მოიხადოს.

„30 ვერცხლად გაყიდულ იზა კელენჯერიძეს და 30 ვერცხლად გაყიდულ სასამართლოს მე ბოდიშს არ მოვუხდი“, — განაცხადა გიორგი ჩიკვაიძემ, რის შემდეგაც მოსამართლემ სხდომიდან დარბაზიდან გააძევა.

იზა კელენჯერიძემ ასევე დარბაზიდან გააძევა გიორგი ჩიკვაიძის დედა ეკა წერეთელი, რომელმაც მოსამართლეს „მონა“ და „იუდა“ უწოდა.

დაცვის მხარემ დღევანდელ პროცესზე დააყენა სამი შუამდგომლობა, რომელიც ეხებოდა 2025 წლის 9 მარტს გიორგი ჩიკვაიძის საცხოვრებელ სახლში უცნობი პირის შეღწევას, მისი მობილური ტელეფონის განადგურებას და მოწმეების და ფსიქოლოგების დაკითხვას. დასაკითხ პირთა ვინაობები დაცვის მხარეს არ დაუსახელებია. სასამართლომ თქვა, რომ გამოძიების უფლებამოსილება არ აქვს და არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.

ბიზნესმენი გიორგი ჩიკვაიძე, რომელსაც ბრალად დიდი ოდენობის თანხის მართლსაწინააღმდეგოდ მითვისება ედება, 11 მარტს სასამართლოს სხდომათა დარბაზშივე დააკავეს. მეორე დღეს მან სრული შიმშილობა გამოაცხადა.

შიმშილობის მეცხრე დღეს, 20 მარტს, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, გიორგი ჩიკვაიძე პენიტენციური დაწესებულების კლინიკაში გადაიყვანეს.

სახალხო დამცველის აპარატის ექიმის ცნობით, გიორგი ჩიკვაიძის ჯანმრთელობის მდგომარეობა საყურადღებოა და ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება. ამასთან, ომბუდსმენის აპარატი აცხადებს, რომ ბრალდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ დეტალურ ინფორმაციას, განსაკუთრებული კატეგორიის პერსონალური ინფორმაციის დაცვის მიზნით, არ ასაჯაროებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი