გლდანის ციხეში, თანამესაკნე პატიმრებმა — გიორგი ჩიკვაიძემ, ირაკლი პაპიაშვილმა და ანრი კვარაცხელიამ — შიმშილობა დაიწყეს.
ჩიკვაიძის დედის, ეკა წერეთლის თქმით, მიზეზი „წამებასთან გათანაბრებული ქმედებაა“.
„შიმშილობა ციხეში. 5 წუთის წინ დამიკავშირდა სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენელი. მაცნობა, რომ გლდანის ციხის მე-8 დაწესებულებაში, საკანი 84-ში სამივე წევრმა (გიორგი ჩიკვაიძე, ირაკლი პაპიაშვილი, ანრი კვარაცხელია) დაიწყო შიმშილობა. მიზეზი წამებასთან გათანაბრებული ქმედება, საკვების არ მიწოდების გამო შემდეგ დაძალება, თითქოს ეს თავად მოითხოვეს და მათზე დღეს განხორციელებული „ძველბიჭური“ მუქარა ციხის თანამშრომელ ვინმე გიორგისგან, რომელმაც განუცხადა: „თავს დაგამახსოვრებინე, ბიჭო!“, — წერს ეკა წერეთელი.
სახალხო დამცველის აპარატში „ნეტგაზეთს“ დაუდასტურეს, რომ პატიმრებმა შიმშილობის დაწყების შესახებ ცხელი ხაზით აცნობეს.
